საჭმლის დეკონსტრუქცია - კვების ინდუსტრიის ბოლო მოდის - კულინარიული გასტრონომიის უახლესი ტრენდი

Approved by Mary Poppins



It seems that these days, almost no dish is safe from being reduced to its  base parts
Simon Majumdar

„დღეისათვის, როგორც ჩანს,  ვერცერთი კერძი ვეღარ გადაურჩა ნაწილ-ნაწილ დაშლას“
საიმონ მაჯუმდარი
კულინარიული ბლოგრი
კულინარიული კრიტიკოსი

კულინარიის უკანასკნელ ტრენდის  - საჭმლის დეკონსტრუქციის არსს ნებისმიერ განმარტებებზე უკეთესად ცნობილი კულინარიული  კრიტიკოსის, საიმონ მაჯუმდარის საგაზეთო კოლონის, „კაცის მენიუს“ ჩანახატი გვიჩვენებს. ასე, რომ ფაქტებზე და ისტორიაზე გადასვლამდე, სპეციალისტის შთაბეჭდილებებით დავტკბეთ.

„მე და ჩემს თანამეინახეს წინ დიდი, ოთკუთხედი თეფშები დაგვიდგეს.
ერთ ბოლოში ზღვის მარილის ორიოდე ფიფქმოყრილი, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილის ერთი ბეწო კერძი იდო. შუაგულში რაღაცა მრგვალი და თხელი მასა ესხა თავზე მსუბუქი, თეთრი ქაფით და, თეფშის მეორე ბოლოს ერთადერთი ხამანწკის ნიჟარა ამშვენებდა. ზღვის ნობათის ოდნავ გახსნილი პირიდან მწვანილის ნორჩი ყლორტით მორთული შიგთავსი კარგად ჩანდა.
 „ახალინგლისური ხამანწკის სუპის ჩვენი შეფისეული ვერსია“, - ამაყად გამოგვიცხადა მაგიდის წინ გამოჭიმულმა მიმტანმა და იქვე დაგვტოვა. საკუთარ თეფშებს სწორედ ისეთი დაზაფრული სახით დავცქეროდით, გეგონება სახლში დაბრუნებულზე მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ  შეყვარებულს მთელი ჩვენი  გამოსასვლელი სამოსი  გაუჩუქებია, „ამას აღარასდროს ჩაიცმევო“.

სადილისგან მიღებული სიამოვნება?
სწორად გამიგეთ. ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანივით მეც ძალიან მიყვარს დიდი მათლაფა გემრიელი ხამანწკის სუპი, განსაკუთრებთ ზემოდან დაფშვნილი მარილიანი კრეკერებით. მაგრამ ამის მსგავსი ხამანწკის სუპი არასოდეს მენახა. ეს თანამედროვე სარესტორნო საქმის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად საყვარელი იმ ტრენდის მაგალითი გახლდათ, რომელმაც ადგილი „კაცის მენიუში“ ვერაფრით დაიმკვიდრა. ეს ხამანწკის სუპის „დეკონსტრუქცია“ იყო, კერძი, რომელშიც კლასიკური და უგემრიელესი სუპის ინგრედიენტები, სანამ სადილად შემოგვთავაზებდა, შეფ-მზარეულმა ნაწილ-ნაწილ კომპონენტებად დაშალა.
დღესისათვის, როგორც ჩანს, ვერცერთი კერძი ვეღარ გადაურჩა ნაწილ-ნაწილ დაშლას. კვების ინდუსტრიის უდიდესი კონკურენციის პირობებში, შეფები  მონდომებით ეწაფებიან ყოველ ახალ ტექნოლოგიასა და იყენებენ მათ სამზარეულოში ხელმისაწვდომ ნაირ-ნაირ თანამედროვე ტექნიკას. მაგრამ ძალიან ბევრი სხვა ტრენდის მსგავსად, ის რაც ძალიან საინტერესოდ და იმედისმომცემად იწყება, იდეის ავტორებზე ნაკლებადნიჭიერი ადამიანების ხელში მალევე ბანძდება და მისი ეფექტიც გარანტირებულად იკარგება.
დეკონსტრუქტირებული კერძი პირველად რომ გავსინჯე რესტორანში, ძალიან დამაინტერესა და დამაინტრიგა. მეორედ და მესამედ მსუბუქად გამაოცა. მეთერთმეტე ჯერზე კი კლასიკური კერძის შეფისეული გონებამახვილური ინტერპრეტაციის მორთმევისას, მინდოდა სამზარეულოში შევსულიყავი, შეფს ყელში ვწვდომოდი და მეყვირა: „ჩემს დედააფეთქებულ საჭმელს შეეშვით-თქო!“. და ახლა, როცა ყველაფერი გავსინჯე უთვალავი დეკონსტრუქტირებული ლაზანიას, დეკონსტრუქტირებული ჩინური ტორტისა და თვით დეკონსტრუქტირებული მარტინის ჩათვლით, ჩემს ცხვირწინ დადგმული პატარა ნაჭრებითა და ნაწილებით მხატვრულად მორთული თეფშის დანახვაზე მხოლოდ თვალების დახუჭვა და სიკვდილი მსურს.

პრეტენზიული ინტერპრეტაციები
სხვებისგან გამორჩეულობის დევნაში, შეფ-მზარეულებს ავიწყდებათ რატომ გაუძლო ამ კერძებმა დროის გამოცდას და რატომ იქცა კლასიკად. სწორედ იმიტომ რომ ძალიან კარგია და არ საჭიროებს გუშინ კულინარიულ კოლეჯდამთავრებული და კლაისკის ახლიდან გამოგონებით თავის გამოჩენის მსურველი შეფისგან გადაკეთებას.
დეკონსტრუქტირებული კერძები ძალიან შორსაა „კაცის მენიუსგან“ იმისთვის, რომ კლასიკის კარგად მომზადებული ვერსიები ჩაანაცვლოს. თუ უნდა რომ მართლა გამაკვირვოს შეფმა, ბევრად უჯობესია შესანიშნავი ინგრედიენტებისგან კარგად მომზადებული დიდებული კერძის  საკუთარი ვერსია მომართვას და არა თეფში, რომელსაც ხმარების ინსტრუქციასთან ერთად ხუთწუთიანი ახსნა-განმარტება მოყვება როგორ უნდა ვჭამო.

მარტოსული ხამანწკა
მოკლედ, ყველას გასაგონად ვამბობ, დიდი მათლაფა, ქაფქაფა ხამანწკის სუპი მინდა და არა თეფში ცოტაოდენი ქაფით, ორიოდე კუბიკი კარტოფილითა და ერთადერთი ხამანწკით. მომიტანეთ? კარგია.
და, ჩემი კრეკერები რა იქნა?“.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment