ერთი მოგზაურობის დღიური

Approved by Mary Poppins


ყველაფერი წინასწარ დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ მაინც ამავე დროს ცოტათი მოულოდნელი. უცნაური და ჯადოსნური მოგზაურობა აღმოჩნდა, რადგან სუსხიანი და თოვლიანი გაზაფხულის შუაგულში ხმელთაშუაზღვისპირეთის მარადმწვანე ზეთისხილით, ციტრუსებით, სხვადასხვაგვარი ყვავილებით, მრავალრიცხოვანი სუნებით და ეთერზეთებით შეზავებულ გარემოში ამოვყავით თავი.
ზღაპრული მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში - ფრანგულ რივიერაზე - ლაჟვარდოვან სანაპიროზე - Côte-d’Azur -ში, მთელი რვა დღით.
სახელწოდება Côte-d’Azur - ეკუთვნის ფრანგ პოეტ სტეფან ლიეჟერს, ხმელთაშუაზღვისპირეთის კვალობაზე არც ისე დიდი ფართობი უკავია, ჩრდილოეთიდან ზღვისპირა ალპებით არის მოსაზღვრული, აღმოსავლეთით - იტალიით, დასავლეთით - ფრანგული დეპარტამენტი - ვარით. შერქმეული სახელი ზუსტად შეესაბამება აქაურობას, როგორც ერთ-ერთ გზისმკვლევში ამოვიკითხე „ამ მხარეს ზღაპრული ალქიმია“ აქვს.
ევროპაში ერთთვიანი მოგზაურობიდან თბილისში დაბრუნებულს, როგორც შორეულ ქვეყნებში ნამყოფსა და გამოცდილ მოგზაურს ეკითხებიან, ოჯახის წევრებმა ისეთი შეკითხვა დამისვეს: „ნანახი ქალაქებიდან კიდევ ერთხელ დაბრუნებას სად ვისურვებდი?“ პასუხზე ბევრიც არ მიფიქრია, კინოფილმ „რომაული არდადეგების“ ოდრი ჰეპბერნის გმირის მსგავსად, ვუპასუხე: „ნიცაში, რა თქმა უნდა, ნიცაში“, თუმცა ჩემივე ნათქვამს დავუმატე:“...და კიდევ ... ყველგან ლაჟვარდოვან სანაპიროზე“.
ასეთია ეს მხარე, ერთხელ ნახვა საკმარისი არ არის და სულერთია, რომ ყველა „მნიშვნელოვან“ და ცნობილ ადგილას უკვე ნამყოფი ხარ, უკვე გაიჩინე „საყვარელი“ ადგილები და ქუჩები, ტურისტის კვალობაზე კარგადაც შეისწავლე ისინი, რომ სხვა ქვეყნებშიც უამრავი რამ გაქვს სანახავი, მაინც... გინდა დაბრუნება, ბევრჯერ, წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი ხანგრძლივობით...
მაშ ასე, თქვენს წინაშეა მოგზაურის დღიური, რომელიც დავალაგე არა ქალაქების (თუნდაც  ღირებულების ან ჩემზე დატოვებული შთაბეჭდილებების სიძლიერის მიხედვით), არამედ ქრონოლოგიურად, მათი ნახვის თანმიმდევრობის მიხედვით, რადგან უპირატესობის მინიჭება რომელიმე მათგანისათვის არ მინდოდა, არც ერთისათვის... გარდა ნიცასი...
         
მოგზაურობა  I – Nice -  “მშვენიერი ნიცა“
თუმცა პირველი შთაბეჭდილება ნიცაზე სხვაგვარი იყო.  ვერ ვიტყვი, რომ ხანგრძლივი ან დამღლელი მგზავრობის შემდეგ (ფრენა სულ საათნახევარი გაგრძელდა) ნიცის აეროპორტში დავეშვით. რამდენიმე ქვეყანას გადავუფრინეთ, საფრანგეთის ალპების თავზე მოგვიწია მგზავრობა. მიუხედავად იმისა, რომ ილუმინატორში ყურებისაგან ლამის კისერი მომეღრიცა, ვერაფერი დავინახე ნისლისა და ღრუბლების გარდა - ევროპაში ზოგან თოვდა, ზოგანაც - წვიმდა. ნიცაშიც ცუდი ამინდი დაგვხვდა: წვიმდა და ციოდა, არადა, ფრანგული ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღე მზიანი უნდა ყოფილიყო. სხვათაშორის, სხვა ქვეყნების მეტეო-სამსახურის არ ვიცი, ფრანგული კი ქართულივითაა, „დაწევის  რეჟიმში“, პოსტ-ფაქტუმ ემთხვევა რეალობას. ასეა თუ ისე, ნიცაში წვიმდა, აეროდრომზე ქარიც უბერავდა, შთაბეჭდილება იქნებოდა, რომ ამინდი (უფრო სწორად, უამნიდობა) გერმანიიდან თან  წამოგვყვა. ჩვენი თვითმფრინავის მგზავრებმა მოიწყინეს, უკმაყოფილება შეეტყოთ, მათი უმრავლესობა ხომ შეძლებული გერმანელი პენსიონრები იყვნენ, რომლებმაც სამშობლოს სუსხს თავი გამოარიდეს და დასასვენებლად „თბილ“ მხარეს მიაშურეს.
ჩემ დას ყველაფერი წინასწარ დაწყობილ-დალაგებული ჰქონდა: სასტუმრო შეკვეთილი, რუკა და უკან დასაბრუნებელი ბილეთები - ნაყიდი; იცოდა, რომელი ავტობუსით უნდა გვემგზავრა, რომელ გაჩერებაზე ჩავსულიყავით, ავტობუსის ბილეთების ფასი და ისიც, როგორ და სად უნდა „დაგვეკომპოსტებინა“ ეს ბილეთები. მოკლედ, სანატრელი მეგზური მყავდა და, იმასაც თუ დავუმატებთ, რომ სურვილების ასრულებაზე იყო „დადარაჯებული“, - მეფესავით, უფრო სწორად, დედოფალივით დასვენება მელოდა.
წვიმასა და სიცივეში მივაღწიეთ სასტუმრომდე, მაგრამ ნომერში რა გაგვაძლებინებდა, ერთი სული მქონდა, ქალაქი გვენახა.
ნიცა ფრანგული რივიერის ყველაზე მსხვილი ქალაქია და ამ მხარის დედაქალაქად ითვლება, მაგრამ საბოლოოდ ფრანგული იგი მხოლოდ 1860 წლიდან გახდა, როცა გაერთიანების გზაზე დამდგარმა იტალიამ ნაპოლეონ-III-ისაგან დახმარებისადმი მადლობის ნიშნად, ნიცის საგრაფო საფრანგეთს გადასცა. მანამდე კი ვინ არ პატრონობდა ქალაქს: ლიგურიელები, ბერძნები, რომაელები, ტამპლიერები (რომლებმაც, სხვათაშორის, 1135წ. ნიცაში ევროპაში ერთ-ერთი პირველი ჰოსპიტალიც კი გახსნეს). ნიცა იყო თავისუფალი პორტიც და სხვადასხვა დროს შედიოდა გენუის, პროვანსის და სავოის სამთავროთა შემადგენლობაშიც. ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ქალაქის არქიტექტურაზე. თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი ყოფილა, ზოგ შემთხვევაში კი უცხოვრია ნიცაში და თითოეულმა მათგანმა გარკვეული კვალი დატოვა ზოგჯერ აშენებული სახლისა თუ სასახლის, ზოგჯერ - ქალაქისათვის ნაჩუქარი ხელოვნების საკუთარი ქმნილებების სახით, რამაც გაამდიდრა და მრავალფეროვანი გახადა აქაური არქიტექტურაცა და მუზეუმებიც. თავს ვერ შევიკავებ და ჩამოვთვლი ზოგიერთ ცნობილ ნიცაში ნამყოფ ადამიანს: მხატვრები - კორო, დელაკრუა, ენგრი, მონე, მატისი, პიკასო, რენუარი, ლეჟე, ტულუზ-ლოტრეკი, შაგალი, უტრილი, დეგა; მწერლები - ბალზაკი, მერიმე, დიუმა (მამაც და შვილიც), ფლობერი, მოპასანი, ვერლენი, ბოდლერი, მონტენი, ძმები გონკურები, ვალერი, მეტერლინკი, ტოლსტოი; სამხედრო გენერლები - მასენა, გარიბალდი და სხვა.
ნიცის ყველაზე ცნობადი ხედი ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმართული მთიდან იშლება - ანგელოზების ყურეზე და ინგლისის სანაპიროზე, რომელზეც „Belle Epoque“ -სათვის დამახასიათებელი, 1912 წელს აშენებული ნეგრესკოს სასტუმრო - Hôtel Negresco - დგას. ნეგრესკოს გვერდს უმშვენებს ბულვარზე ჩამწკვრივებული ასეთივე მდიდრული სასტუმროების რიგი - ვესტმინსტერი, რუაიალი, ხმელთაშუაზღვისპირეთის სასახლე. კაზინოები, მუზეუმები... რამდენიმე კილომეტრიანი ინგლისის სანაპირო - Promenade des Anglais - რომელიც აღმოსავლეთისაკენ არანაკლებად გრძელ ამერიკის სანაპიროში - Quai des Etats –Unis გადადის, მას კი პორტის უბანი და ბორონის მთა მოჰყვება.
როგორც ყველა ძველ ქალაქს, ნიცასაც აქვს ისტორიული ცენტრი - ძველი ქალაქი - Vieille Ville - ვიწრო, მიხეულ-მოხვეული ქუჩების ლაბირინთით, ყვავილების ბაზრით  Curs Salea -ზე, რომლის სიღრმეში გენუური სტილის ქალაქის რატუშა, ზღვის სანაპიროსთან გამყოფად კი საგამოფენო გალერეის - Ponchettes - რიგია გაჭიმული. ძველი ქალაქი პორტისაკენ უხვევს და ამ მოსახვევში მთაზე სასახლის - Château - და რომაელების კასტრუმის, ბერძნების აკროპოლის, შუასაუკუნეების პროვანსის გრაფების და არაგონის მეფეების დროინდელი ციხესიმაგრის ნანგრევებია.
როცა უცხო ადგილზე ხვდები, გარკვეული დრო ზედაპირული ორიენტაციისათვის გჭირდება იმისათვის, რომ შემდეგ უკვე რუკის მეშვეობით ან კითხვა-კითხვით მოახერხო გაგნება, მაგრამ თუ ქალაქში რამდენიმე დღე გაატარე და, პრაქტიკულად, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი მოიარე, რუკაშიც აღარ იყურები, თავისუფლად პოულობ გზას და ბოლოსდაბოლოს საყვარელი ადგილიც გიჩნდება, სადაც ისევ და ისევ ცდილობ მოხვედრას. ჩვენც გაგვიჩნდა ნიცაში „საყვარელი ადგილი“, რომელსაც ქალაქში ხეტიალისას ან სასტუმროში დაბრუნებისას ვერაფრით ავუქცევდით გვერდს, ადგილი, რომელსაც დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობდით, რადგან ისეთ მარშრუტებს ვარჩევდით, რომელიც აუცილებლად ამ მოედანზე გაივლიდა. ეს ადგილი მასენას მოედანი იყო - Place Masséna. 
ნიცის მკვიდრის, შემდგომში ნაპოლეონ -I -ის მარშლის, იტალიური, შვეიცარული, რუსული და ავსტრიული კამპანიების მონაწილის, პარიზის ტრიუმფალური თაღის სვეტზე ამოკვეთილი გმირის სახელს - ჟან-ანდრე მასენას სახელობის მოედანი, რომლის საკმარისად დიდი სივრცე პერიმეტრზე მოწითალო-აგურისფერი სამ-ოთხსართულიანი სახლებით არის გარშემორტყმული. სახლების პირველი სართულები არკადებსა და გალერეებს უჭირავთ, ქვაფენილი კი უცნაურად, ცოტათი ირიბკიდეებიანი შავ-თეთრი ფილებით, კუბოკრულად არის გაწყობილი. მოედნის ზღვისკენ მიმართულ ბოლოში ნეპტუნის, ჩემი აზრით, საკმაოდ უგემოვნო თეთრქანდაკებიანი შადრევანია, რომლის ფონზეც ასე უყვართ სამახსოვრო სურათების გადაღება ტურისტებს. თითქოს ერთი მოედნისათვის საკმარისი არ არის, ცენტრში ვერცხლისფერ ბოძებზე დღის სინათლეზე თეთრი ფერის მუხლებზე დამჯდარი ადამიანების ქანდაკებებია ცისკენ აღმართული. ღამით ეს ქანდაკებები სხვადასხვა ფერის სინათლეს ასხივებს, ამგვარად მოედანზე შვიდი სხვადასხვა ფერის უზარმაზარი ლამპიონის ასოციაცია იქმნება. მოედანს ურთიერთმკვეთ დიამეტრზე ტრამვაის ხაზები სერავს, რომელზეც  თანამედროვე ფორმის ვერცხლისფერი ვაგონები მისრიალებს - ერთობ სიურეალისტური სურათი იქმნება, მაგრამ რატომღაც სწორედ ეს მოედანი მხიბლავდა და მიზიდავდა.  
თუმცა ნიცაში კიდევ ბევრი რამ არის სანახავი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იაპონელი ტურისტივით,  ქალაქის დასათვალიერებლად ორიოდე საათი გაქვს და მხოლოდ ინგლისის სანაპიროზე ჩასეირნებას ასწრებ, ქალაქის ხიბლს აქაც შეიგრძნობ. თუ ბედმა გაგიღიმა და ის უცნაური ვარდისფერი ნისლიც ნახე, რომელიც უღრუბლო მზიანი ამინდის მიუხედავად მოლოდნელად ჩნდება ხან ზღვის, ხანაც ქალაქის სხვადასხვა უბნის თავზე, აუცილებლად შეიგრძნობ იგივეს, რასაც, ალბათ, გრძნობდნენ ისინი, ვინც აქ ისევ და ისევ,  მრავალჯერ ბრუნდებოდა თავისი  შედევრების შესაქმნელად. ნიცაში ამ  უკვდავ პალიტრას ხომ თვითონ ბუნება ქმნის. 


საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო

0 კომენტარი.:

Post a Comment