„Mont Blanc“ ანუ torch aux marrons - ძალიან საშობაო და ძალიან ფრანგული დესერტი წაბლით

Approved by Mary Poppins

„მონ ბლანი“ წაბლის და ბეზეს უგემრიელესი დესერტია, რომელსაც ფრანგები ტორტის სახითაც აკეთებენ და ტარტალეტკისაც. არსებობს მისი ათქვეფილი ნაღებით მორთული ვარიანტებიც და კაცმა რომ თქვას, ფხვიერი ცომის ძირიც არაა სავალდებულო. ამბობენ, „მონ ბლანის“ საკუთარი ვარიანტი იაპონლებსაც აქვთო, ოღონდ თურმე წაბლის პიურეს ნაცვლად გოგრის პიურით რთავენ ბეზეს. ერთი სიტყვით, როგორც სხვა რეცეპტებში, აქაც თქვენს გემოვნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული.
რაც შეეხება ფხვიერ ცომს, შეგიძიათ საერთოდ გამოტოვოთ რეცეპტის ეგ ნაწილი და პირდაპირ ბეზე მორთოთ წაბლის კრემით ან ნებისმიერი ტარტალეტკის ან ფხვიერი პეჩენიის ცომის რეცეპტი აიღეთ. სამწუხაროდ, მზა ფხვიერი ცომი ჩვენს მაღაზიებში დღემდე არ იყიდება, ისევე როგორც წაბლის პიურეც. ამიტომ მოხარშეთ წაბლი, გათქვიფეთ ბლენდერში ან დაჭყლიტეთ კოვზის ზურგით და კრემის კონსისტენციამდე სიროპი გაათხელეთ. ნამცხვარი ისეთი გემრიელია, მერწმუნეთ, ამ შრომად ნამდვილად ღირს.

Mont Blanc
ინგრედიენტები: მზა ფხვიერი ცომი (რეცეპტი). ბეზესთვის - 4 კვერცხის ცილა, მწიკვი მარილი, 1 ჭ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი. კრემისთვის - 1 ლ წაბლის პიურე, ¾ ჭ წყალი და 1/3 ჭ შაქარი სიროპისთვის, ცოტაოდენი რომი ან კონიაკი

ფხვიერი ცომი ამოვაფინოთ 10 ცალ ტარტალეტკის ფორმაში და გამოვაცხოთ კარგად გახურებულ ღუმელში. გამომცხვარი ტარტალეტკები ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
კვერცხის ცილები და მწიკვი მარილი ავთქვიფოთ სუფთა და მშრალ ჯამში, სანამ ბეზე ფომის შენარშუნებას არ დაიწყებს. დავუმატოთ შაქარი და ვანილი. ბეზე საბოლოოდ რომ გამაგრდება, სუფრის კოვზით დავსვათ ბეზეს 10 გორაკი (რასაკვირველია, ტარტალეტკის ფუძის ზომის) პერგამენტდაფენილ საცხობ ფიფიტაზე და შევდგათ 100°C-მდე გახურებულ ღუმელში 1-2 საათით ბეზეს გამაგრებამდე. ღუმელის კარი ოდნავ ღია დავტოვოთ.
შაქრისა და წყლისგან მოვადუღოთ სიროპი და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. სიროპით გავათხელოთ წაბლის პიურე სქელი კრემის კონსისტენციამდე (ძალიან ნუ გაათხელებთ, წაბლის კრემი სქელი უნდა იყოს და დორმას ინარჩუნებდეს) და დავუმატოთ რომი ან კონიაკიც.
ტარტალეტკაში ჩავდოთ ბეზე. წაბლის კრემი ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში ყველაზე წვრილი ცხვირით და ბეზეს დავასვათ ჩიტის ბუდის ყაიდაზე. ან სულაც, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ პიურე და ბეზეს წაბლის "ვერმიშელები" დააყარეთ ზემოდან.
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment