ხილის წვენის ხიზილალა

Approved by Mary Poppins

ჭამა-სმის პროცესი უკვე კარგახანია გაცილდა უბრალოდ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილების ცერემონიის ფარგლებს და გართობისა და სანახაობის ერთ-ერთ სახეობად იქცა. თავად განსაჯეთ, სად ერთ სნიკერსს უბრალოდ რომ შესანსლავ და სად - შუაზე რომ გაყოფ და მეგობართან ერთად ყავას მიატან სასიამოვნო საუბრის ფონზე. აღარ ვლაპარაკობ სტუმრების გასაოცებლად და თავისმოსაწონებლად გამოჭრილ-გამოკვეთილ სტაფილოს გვირილებზე, პამიდვრისა და ბოლოკის ვარდებზე და ა.შ. ან სამასკაციანი ქორწილისთვის სრულიადსანათესაოს მრავალსაათშრომაჩაყრილ ფიგურულად დაკეცილ ქაღალდის ხელსახოცებზე.  
თუმცა, სხვების გაოცებაზე მნიშვნელოვანი, საკუთარი გართობაა. მერწმუნეთ, საჭმელი ათასჯერ უფრო გემრიელი გამოდის, როცა კეთების პროცესი მკეთებელს სიამოვნებას ანიჭებს. საჭმლის მომზადების პროცესით ხალისი კი ყველაზე კარგად მოლეკულური გასტრონომიის რეცეპტების გამოცდისას გამოდის: მინიმალური შრომა, ცოტაოდენი ჯადოქრობა (ანუ ქიმიის ცოდნა) და უჩვეულო შედეგი.
მოლეკულური გასტრონომიის ფრანგი მამამთავრის, ერვე თისის შოკოლადის შანტილი ადრე უკვე ვცადეთ, დღეს კი ხილის წვენის (ან ნებისმიერი ბოსტნეულის წვენის) ხიზილალის დრო დადგა, რომლის მომზადებისათვისაც აუცილებლად დაგწირდებათ: ენთუზიაზმი, 20 მილიგრამიანი შპრიცი, ქაფქირი, ნატრიუმის ალგინატი და კალციუმის ქლორიდი. ხიზილალას აგარ-აგარითაც აკეთებენ, მაგრამ, მერწმუნეთ, აგარაგარის შოვნა ჩვენში პრაქტიკულად შეუძლებელია.
ხილის ან ბოსტნეულის წვენის ხიზილალას სხვადასხვა კერძებისა და დესერტების გასაფორმებლად იყენებენ. მოკლედ:

გრეიპფრუტის წვენის ხიზილალა
265 მლ წითელი გრეიპფრუტის წვენი; 530 მლ ცივი წყალი, 1 გრ ნატრიუმის ალგინატი, 3 გრ კალციუმის ქლორიდი

1 ეტაპი - საშუალო ზომის ჯამში ჩავასხათ ცივი წყალი და გადავდგათ გვერდზე. ბოლოში დაგვწირდება.
2 ეტაპი - უფრო დიდი ზომის ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ნატრიუმის ალგინატი და ნახევარი ხილის წვენი. ვურიოთ სანამ ალგინატი ბოლომდე არ გაიხსნება.














3 ეტაპი - ბლენდერით ჩავათქვიფოთ დარჩენილი ხილის წვენი.














4 ეტაპი - გადავწუროთ ახალ ჯამში და გავაჩეროთ.














5 ეტაპი - 530 მლ წყალში გავხსნათ კალციუმის ქლორიდი. მივაქციოთ ყურადღება რომ გაიხსნას ბოლომდე.














6 ეტაპი - შპრიცი ავასოთ სესქელებული, წებოვანი წვენით.














7 ეტაპი - წვენი წვეთ-წვეთობით ნელ-ნელა ჩავასხათ კალციუმის ქლორიდის ხსნარში. ხიზილალის ზომა შეგიძლიათ წვეთის მოცულობით დაარეგულიროთ, რაც უფრო დიდია წვეთი, მით უფრო მსუქანია ხიზილალის მარცვალი.














8. ორიოდე წუთის შემდეგ მზა ხიზილალის მარცვლები კალციუმიანი წყლიდან ფრთხილად ამოვიღოთ ქაფქირით და გადავიტანოთ გვერდზე გადადებულ სუფთა წყლიან ჯამში.














9 ეტაპი - ორი წუთის შემდეგ ისევ ამოვიღოთ ქაფქირით, ვაცადოთ წყალს დაწრეტა და გადავიტანოთ მაშრალ წურჭელში.














ხიზილალა მზადაა კერძის გასაფორმებლად და საჭმელად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment