7.7.11
ნამცხვარი მაყვლის მურაბით
Approved byსაუზმე მაყვლის ნამცხვრით (ვ.კ. ჰედა, 1631) |
კენკრის სეზონის დადგომამ ჩემი საყვარელი მაყვალი გამახსენა, მაყვალმა - მურაბა, მურაბამ კი ნამცხვარი, რომელიც, გარდა იმისა, რომ მოსამზადებლად საკმაოდ ადვილია, უნივერსალურიცაა: შეგიძლიათ გამოაცხოთ ტკბილი (ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გულსართით აპირებთ გამოცხობას - ამისთვის გამოიყენება ნებისმიერი ხილი, მურაბა, ჯემი, ქიშმიშიანი და ნიგვზიანი ხაჭო, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც მოგეპოვებათ), ასევე მარილიანი (მაგალითად, კომბოსტოს, ბრინჯის, სოკოს, ხორცის გულსართით. ასეთ შემთხვევაში ცომის მომზადებისას ორი ინგრედიენტი - შაქარი და ვანილი უნდა გამოაკლოთ და მარილი დაამატოთ).
ინგრედიენტები: 3 ჭ ფქვილი (საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოზელვისას ფქვილი დაამატოთ); 0,5 ლ არაჟანი (ან 0,5 ლ მაწონი და 250 კარაქი); 2 კვერცხი (მთლიანად) და 2 კვერცხის ცილა (რძის მცირე ოდენობასთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული ნამცხვრის ზედაპირზე წასასმელად გამოიყენება); 1 ჭ შაქარი, 1 ჩკ სოდა, ვანილი.
მომზადების წესი: ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან მოზილეთ ცომი (თუ ცომი ხელზე გეკრობათ, ფქვილი დაამატეთ), ცომის ¾ გააბრტყელეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე, ზემოდან მოათავსეთ გულსართი (ამ შემთხვევაში, ისევ და ისევ ჩემი საყვარელი მაყვლის მურაბა). დარჩენილი ცომი დეკორისთვის გამოიყენეთ - გამოჭერით ზოლები ნაძვისებური კიდეებით და მორთეთ ნამცხვრის ზედაპირი, გადაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და მოათავსეთ ჰაერღუმელში ჯერ 240 გრადუსზე (დაახლოებით 20 წთ), შემდეგ ცეცხლს ჩაუწიეთ 200 გრადუსამდე და აცხვეთ მის საბოლოო მომზადებამდე (მომზადების ხარისხი დაადგინეთ გამოცდილი თვალით ან ბებიების ნაცადი ხერხით - ხის ჩხირის ჩარჭობა-შემოწმებით). მომზადებულ და შეგრილებულ ნამცხვარს სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრი.
გაამოთ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
2 კომენტარი.:
ამის მომზადებას ვაპირებ ხვალ : ))
გაგვაგებინე როგორი გამოგივა :) და რაც მთავარია, გემრიელად მიირთვი! :)
Post a Comment