27.7.11
ერთი უიღბლო დღე
Approved byძალიან დიდი ხნის წინ ერთ გაზეთში დამწყებ ჟურნალისტად ვმუშაობდი. რედაქტორმა (რაღაც საოცარი ლოგიკის ქალი გახლდათ), კაცმა არ იცის, საიდან დაასკვნა, რომ ეკონომიკურ საკითხებზე წერა კარგად მეხერხება, ნამდვილი ექსპერტი ვარ და საპასუხისმგებლო მისია დამაკისრა - სოფლის მეურნეობის მინისტრს უნდა შევხვედროდი და აბაშის რაიონში სიმინდის თესვის გრაფიკის და სასუქების შეტანის თაობაზე ინტერვიუ ჩამეწერა. შეხვედრისთვის, რომელიც ორშაბათ დილას იყო დაგეგმილი, მთელი კვირა საგულდაგულოდ ვემზადებოდი. ტანსაცმელი მზრუნველად შევარჩიე და ეგზომ მნიშვნელოვან პირთან ოფიციალური ვიზიტისთვის ჩემი ჰაბიტუსის თითოეული დეტალი დაწვრილებით მოვიფიქრე, სასუქის ნაირსახეობებსაც გადავხედე, სრულიად საქართველოში (და არა მხოლოდ) სიმინდის მოყვანის ისტორია და ვადები დავიზუთხე და საკუთარი თავით კმაყოფილმა გადავწყვიტე, ასეთი სერიოზული თარიღის წინა დღე კუთვნილი და, ჩემი აზრით, დამსახურებული დასვენებისთვის მიმეძღვნა.
საქართველოში იმ დროისთვის „უცხო ხილმა“ და ახლადჩამოყალიბებულმა თბილისელი სკაუტების ორგანიზაციამ ბოტანიკურ ბაღში ექსკურსიაზე დამპატიჟა. ჩვენი ლაშქრობის პირველმა ნაწილმა კარგად ჩაიარა (ბუნების წიაღში თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ), მაგრამ მორიგი დაბრკოლების გადალახვისას (გზად მოკრძალებული ზომის კლდე „გადაგვეღობა“), ვიღაც ჩემი ცოდვით სავსემ, დახმარებისთვის საუკეთესო განზრახვით ხელი გამომიწოდა, მეც ჩავებღუჭე, მაშველს მივენდე, ყურადღება მოვადუნე და მის ხელზე ჩამოკონწიალებული, პირისახით და მთელი ტანით უზარმაზარ ქვას მულტფილმის პერსონაჟივით მივეტყეპე (მხატვრული სურათის სისავსისთვის გაბრტყელებული წიწილა-ტაბაკა წარმოიდგინეთ). ქვიდან ჩამომფხიკეს. საბედნიეროდ არ დავშავებულვარ, მაგრამ ჩემს გარეგნობაში ამ პატარა ინციდენტმა საგრძნობი ცვლილება შეიტანა - მთელი სხეული გვარიანი ჩაქცევებით დამეკოპლა, რომლებიც თვალსა და ხელშუა ფერს იცვლიდნენ, სასიამოვნო ცისფერიდან მუქ იისფრამდე. უნდა გენახათ, რა ტანხატულა ვიყავი!
ეგ არაფერი, სახლში დაბრუნებულმა აწეწილი ნერვების დასამშვიდებლად ჩაის დალევა მოვინდომე, ჩაიდანი დავადგი და სანამ წყალი ადუღდებოდა, დროის გასაყვანად სამზარეულოს მილაგებას შევუდექი. გაზქურის ღუმელი გამოვაღე (ტაფის შიგნით შენახვას ვაპირებდი), დავიხარე, თავი შევყავი და... მანდ მოხდა, რაც მოხდა! თურმე ღუმელი ვიღაცას მოშვებული დარჩენია, იქიდან დაგროვებული გაზი გამოვარდა და იბუთქა კიდეც! საბედნიეროდ, წარბ-წამწამის ნაწილი შემრჩა და უბედური შემთხვევის ნაშთების აღმოფხვრა მხოლოდ ცოტა უჩვეულო ფორმის და ზომაზე მეტად დამოკლებული „ჩოლკით“ შემოიფარგლა. ასეთ მოვლენას ხომ ვერ მივაჩუმათებდი და დაქალებისთვის მოსაყოლად, სასწრაფოდ ტელეფონს მივაშურე. აქ პატარა გადახვევა უნდა გავაკეთო: იმ დროს „შნურიანი“ ტელეფონები ერთ ადგილს იყო ხოლმე მიჯაჭვული, ჩვენთან კაბინეტში საწერ მაგიდაზე იდო, მაგიდასთან ახლოს კი ტახტი იდგა, და მე რისი მე ვიქნებოდი, სკამზე ადამიანურად ჯდომის წესი რომ მქონოდა?! ტელეფონზე საუბრისას ტახტის სახელურზე ვკალათდებოდი და ისე ვჭორაობდი. ამჯერადაც ყურმილზე დიდი ხნით „ჩამოსაკიდებლად“ მოვემზადე, ტახტზე ჩამოჯდომა დავაპირე და... ტახტსა და საწერ მაგიდას შორის ინგლისური U-ს ფორმაზე მოკეცილი აღმოვჩნდი. უხერხული მდგომარეობიდან „გაზის გაჟონვის“ მერე შორიახლოს დადარაჯებულმა მამამ მიხსნა, ხელი ჩამკიდა, ემანდ, კიდევ რამე არ მოიწიოო და ჩემს ოთახში „გამომკეტა“.
მეც, ასეთი მძიმე დღის შემდეგ, მოსასვენებლად განვეწყვე, დივანზე მოვიკალათე, და სრული კომფორტისთვის, სასიამოვნო მუსიკის ჩართვა დავაპირე. იქვე მდგარ მაგნიტოფონს გადავწვდი და... აფეთქების ხმასა და ტრუსის სუნზე მთელი ოჯახი ჩემს ოთახში შემოქანდა! თურმე მოკლე ჩართვა მომხდარა. ჩემებმა იმსჯელეს და „от греха подальше“, ლოგინში მიკრეს თავი, აქაოდა, კარი არ აგერიოს და ქუჩაში პირდაპირ აივნიდან არ გადახვიდეო!
მეორე დღეს მინისტრთან სტუმრობამ, ჩემს თავისებურ ვარცხნილობასა და ტონალურ კრემში ჩურჩხელასავით ამოვლებულ თავ-ფეხს თუ არ ჩავთვლით, მშვიდობიანად ჩაიარა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment