28.7.11
ჩემი ოცნების ინდოეთი
Approved byერთი პერიოდი ინდოეთმა და ინდურმა ტრადიციებმა გამიტაცა და გადავწყვიტე ძირფესვიანად შემესწავლა ყველაფერი ამ ქვეყნის შესახებ. მინდა თქვენც მოგიყვეთ ყველაფერი, რამაც განსაკუთრებით დამაინტერესა ინდოეთთან დაკავშირებით. ეს სახელმწიფო აზიაში მდებარეობს, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, მისი დედაქალაქია დელი. ინდოეთის ოფიციალური ენებია ინგლისური და ჰინდი. ხოლო უდიდესი ქალაქია მუმბაი, სადაც შეგიძლია ნახოთ ისტორიული თუ არქიტექტორული თვალსაზრისით გამორჩეული მე-7 საუკუნის ტაძრები. ამ ქვეყანასი ჰავა ძირითადად ტროპიკულია, წარმოიდგინეთ იანვარში ტემპერატურა +27-საც კი აღწევს, ზაფხულში კი + 48-მდეც ადის. ასე რომ, გირჩევთ ინდოეთში სამოგზაუროდ ზამთარში წახვიდეთ და არა ზაფხულში, თორემ თბილისის 37 გრადუსი სიცხე სანატრელი გაგიხდებათ.
ინდოეთის სამხრეთი და ჩრდილოეთი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩემდა გასაკვირას, სამხრეთ ინდოეთის დაახლოებით 30% ქრისტიან მოსახლეობას უჭირავს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალაქები გოა და კერალა. გოას მრავალი წლის მანძილზე ესხმოდნენ თავს პორტუგალიელები, ხოლო კერალას კი ჰოლანდიელები. სწორედ ამან განაპირობა ის რომ ამ ქალაქებში დღემდე არის შემრჩენილი ევროპული სტილის სახლები და უამრავი ქრისტიანული ეკლესია. ქალაქი გოა ძალიან საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. მისთვის დამახასიათებელია ოქროსფერი პლაჟები, მთისა და ზღვის ერთმანეთში შერწყმული ტროპიკული ბუნება, რას საოცარ იდუმალებას ანიჭებს ამ ქალაქს. ამ ქალაქში ძალიან მაგარ სასტუმროებს და დასასვენებელ გასართობ ადგილებს აღმოაჩენთ. პირდაპირ სანაპიროზე არის უამრავი პატარა რეტორანი სადაც არაჩვეულებრივ ზღვის პროდუქტების კერძებს დააგემოვნებთ, სხვათაშორის საკმაოდ იაფადაც. გოაში ჩასვლისას არ დაგვავიწყდეს მოვინახულოთ ლა გრასას მონასტერი სადაც ჩვენი წმინდანი დედოფალი ქეთევან დედოფალი განისვენებდა.
საკმარისია ვინმემ ინდოეთი ახსენოს და თავლწინ მაშინვე გრანდიოზული და დიდებული მავზოლეუმი ტაჯ-მაჰალი წარმოგვიდგება. იგი ქალაქ აგრაში მდებარეობს. ეს სილამაზე აშენდა 1653 წელს მოღოლების ცნობილი მმართველის შაჰ-ჯაჰანის ბრძანებით. იგი დაახლოებით ოცი წლის მანძილზე შენდებოდა. ტაჯ-მაჰალმა მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის დაიკავა ადგილი. მისი აშენებისას დაიხარჯა უამრავი ძვირფასი ქვა და ძვირადღირებული მასალა. ამ ძვირფას მასალას მშენებლები მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან ეზიდებოდნენ. ტაჯ მაჰალი მართლაც სამოთხეა, რომელიც შაჰ-ჯაჰანიმ თავის საყვარელ ქალს მუმთაზ-მაჰალს აუშენა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს მავზოლეუმი ფერს იცვლის, დილით სხვა ფერია ღამით კი სხვა ფერი. მოკლედ, მართლაც საოცრებაა და აუცილებლად უნდა ვნახოთ ის და ყველაფერ ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდეთ.
ინდოეთში ამ სილამაზასთან ერთად სასტიკ რეალობასაც ვაწყდებით, ეს არის კასტებად დაყოფა. ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი კასტა არის „ჰარიჯანები“ ანუ ღვთის შვილების კასტა. ერთი კასტის წარმომადგენელს სხვა კასტის წარმომადგენლებთან ქორწინება, ერთი კასტიდან მეორისთვის ქონების მემკვიდრეობით გადაცემა და თქვენ წარმოიდგინეთ საკვების ერთად მიღებაც კი ეკრძალებათ.
როდესაც საქმე ინდოეთს ეხება არ შემიძლია არ შევეხო მათ ეროვნულ სამოსს, კერძოდ სარის. ყოველთვის ძალიან მომწონდა ინდოელი ქალების ჩაცმულობა, განსაკუთრებით ვოცნებობდი მქონოდა ფირუზისფერი სარი.
ხოლო ინდოელი ქალის სრულ მორთულობას კი შრინგარი ჰქვია. ეს სახელი წარმოიშვა ნაყოფიერების ქალღმერთ შრი-ლაკშმის სახელისგან. ინდოელი ქალი ლამაზად მიიჩნევა თუკი მას 16 რამ ამშვენებს. მე ამ 16-დან რამოდენიმეს ჩამოგითვლით: ერთ ერთი, რა თქმა უნდა, არის სარი, რაც ინდოელ ქალს აუცილებლდ უნდა ეცვას, რაზეც კამარბანდი სარის დასამაგრებელი ქამარი უნდა ეკეთოს. გათხოვილი ქალები მას ძირითადად გასაღებების აცმის დასამაგრებლას იყენებენ. სწორედ ამ აცმას გადასცემს ხოლმე დედამთილი რძალს, რაც ნიშნავს იმას რომ ოჯახის საქმეები რძალს გადააბარა; დეკორატიული ხალი - ბინდი, რომელსაც შუბზე იკეთებენ; სამკაული ტიკა, რომელსაც ინდოელი ქალები ვარცხნილობის განაყოფში იკეთებენ. ტიკა არის იმ ქალის სიმბოლო, რომელმაც ქმრის ოჯახის ტრადიციები უნდა დაიცვას და ბევრი მემკვიდრე გაუჩინოს მას. სილამაზისთვის აუცილებელია თვალზე შავი კონტური, რომელსაც კოლი ჰქვია; ცხვირში საყურე, რაც მხოლოდ გათხოვილ ქალებს უკეთიათ; აუცილებელია, რომ ინდოელ ქალს ბევრი მძივი ეკეთოს. ამას ჰაარა ჰქვია. მათი აზრით ამ სამკაულებს ბოროტი თვალისგან დაცვა, წარმატების მოტანა და სიყვარულის მოტანა შეუძლიათ;
ფეხის სამაჯური, ზოგჯერ ამ სამაჯურზე ზანზალაკებიც კი აქვთ დამაგრებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან მათი ფეხსაცმელი ფეხის თითებზე წამოცმულ ბეჭდებზეც აქვთ დამაგრებული; გათხოვილ ქალს აუცილებლად უნდა ეკეთოს უამრავი სამაჯური ორივე ხელზე, მინიმუმ 10-10 მაინც; საყურე კარნ-პხული. საყურეს ქალისთვის ბედნიერება მოაქვს. რაც უფრო ძვირფასია საყურე, მით უფრო ბედნიერია ქალი. ეს ალბად ინდური გაგებით, თორემ სინამდვილეში რა ბედნიერება უნდა მოგიტანოს ძვირფასმა საყურემ, როცა ზოგჯერ ინდოელი ქალის საყურე იმდენად მძიმეა, რომ ქალი იძულებულია იგი სარჭით თმაზე მიიმაგროს.
ინდოელი ქალები და კაცები ხელ-ფეხს იხატავენ, განსაკუთრებით ქორწინების წინა დღეს. ამ ნახატს მეჰენდი ჰქვია და ინით სრულდება. მხოლოდ რამოდენიმე დღე ძლებს და რაც უფრო დიდი ხანი არ წაიშლება ეს ნახატი, მით უფრო მყარი იქნება ქორწინება და ასე შემდეგ. სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა ძვირფასი თვლებით და უამრავი ორნამენტით დამშვენებული სამაჯური მკლავზე. მას ბააჯიუბანდი ჰქვია. ინდოელ ქალს აუცილებლად უნდა ამშვენებდეს დიდი გრძელი ნაწნავი, კეშაპაშაჩარაჩნა, რა სასაცილო სახელია არაJ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ინდოელი ქალის აღკაზმულობაში. ვინაიდან ცერა თითს ხელის მტევნის მეფეს ეძახიან, ინდოელმა ქალმა ამ თითზე სარკიანი ბეჭედი უნდა ატაროს. დილით გაღვიძებისთანავე ქალმა ამ ცერა თითზე წამოცმულ სარკეში უნდა ჩაიხედოს. სხვა თითებზეც უნდა ეკეთოს უამრავი ოქროს ბეჭედი. მოკლედ ქალის აღკაზმულობებზე ძალიან ბევრი ვილაპარაკე.
ორიოდე სიტყვით ინდურ სამზარეულოზე. ინდური სამზარეულო ძალიან ცნობილია მთელს მსოფლიოში. ინდოელები ძირითადად ვეგეტარიანელები არიან და ბოსტნეულს მიირთმევენ, ხორცს ნაკლებად ეტანებიან. მათი სახელგანთქმული საწებელია კარი, რომელიც ნებისმიერ კერძს დაუვიწყარ გემოს აძლევს. არ დაგავიწყდეთ ინდური ჩაის გასინჯვაც, რომელიც რძით და ნაირნაირი სუნელით არის შეზავებული. ვეცდები ამის რეცეპტი ჩავიგდო ხელში და შემოგთავაზოთ.
მოკლედ ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. თუ კიდევ რამე გამახსენდება მოგწერთ აუცილებლად.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი
1 კომენტარი.:
მშვენიერია
არ მეგონა ასე მოკლედ თუ შეიძლებოდა ამდენი ინფორმაციის გადმოცემა.
თუ არ მიწყენთ ერთ პარატა შესწორებას შევიტან:
ტაჯმაჰალი თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებაში შედის და არა კლასიკურ 7 საოცრებაში.
ეს ისე, უბრალოდ, მკითხველი რომ არ დაიბნეს :)
წარმატებებს გისურვებთ
Post a Comment