13.7.11
ერთი დიეტის ქრონიკა
Approved byდიეტაზე დგომა თუ ჯდომა არავის რომ არ უყვარს, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ფერდებზე ჩამოლაგებულ ზედმეტ გრამებს (ხანდახან კილოგრამებსაც!), აბა სად გავექცევით და გვიწევს მერე სასწორზე დგომა და მეზობლის ფანჯრებიდან ქარის შემოტანილი შემწვარი კარტოფილის სურნელის ყნოსვა. ალბათ ფიქრობთ: „ეს გაჭირვებული სულ რომ დიეტაზე დგას, ან კამეჩის ზომისაა და ან გაფრენილი აქვსო“. არა, ბატონებო, უბრალოდ ორიოდე წლის წინ უმიზეზოდ 3 ქეციანი კილო მოვიმატე (რომელიც პერიოდულად 4 ხდება ხოლმე). ახლა კიდევ ერთხელ დამცინებთ, მაგრამ მაინც უნდა მოვყვე: პარასკევს ჩანაცვამი ტანსაცმელი ორშაბათს სამსახურში წასვლის წინ რომ აღარ მომერგო, სამშაბათს უკვე ექიმთან ვიყავი - რაღაც მჭირს, ორ დღეში გავსივდი-თქო. ექიმმა ყურადღებით შემათვალიერა და ასაკი და წონა მკითხა. მერე პასპორტში თუ იხედებიო დაინტერესდა და მკვახედ მომახალა, შენხელა ქალები შენს წონაზე ოცნებობენ, ხარივით ჯანმრთელი ხარ და აქ მოსული აღარ დაგინახოო. არ დავუჯერე და მას მერე ამ სამ კილოს ვებრძვი, რომელიც ცოცხალი თავით არსად მიდის. რეალურად, ექიმი მართალი იყო - ჩემი ზომა 36-დან 38-ით შეიცვალა და ბევრი განსხვავებას ვერც კი მატყობს, მაგრამ მე რომ მიყვარს იმ „ეკონომიურ“ სარაფნებს ვეღარ ვიცვამ ხოლმე ზაფხულში და მხოლოდ ეგ მაწუხებს. თან პრინციპის საკითხია! 3 კილო ხორცს როგორ ვერ უნდა მოვერიო. დიახ, დიახ, ხორცს და არა ქონს და სწორედ ეგაა ჩემი „გაუხდომლობის“ მიზეზიც.
როგორც ხვდებით, ამჯერადაც ჩემს მოჭარბებულ „ხორცებთან“ ბრძოლას მორიგ ეპოპეაზე უნდა გესაუბროთ. მორიგი „თვითგვემის“ დასაწყისშივე ცხოვრების ხალისი რომ არ დამეკარგა, ინტერნეტში დიეტოლოგების საიტები მოვქექე და ერთი საინტერესო, მოკლევადიანი და ჩემი წარმოდგენით, ყველაზე გემრიელი დიეტა შევარჩიე.
მაშ ასე, ხუთდღიანი „შოკოლადის დიეტა“:
ეს დიეტა საკმაოდ სპეციფიურია, მისი ხანგრძლივობა 5-7 დღეს შეადგენს (გაფრთხილება: ამ დიეტის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დიეტის, უსასრულოდ დაცვა მიზანშეწონილი არ არის და მავნეა ჯანმრთელობისთვის!) და დიეტოლოგების მტკიცებით, მისი ზუსტად დაცვის შედეგად, შესაძლებელია 6-7კგ-ს დაკლება. დიეტის მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ სითხის დალევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ შოკოლადის მიღებიდან სამი საათის შემდეგ. სასტიკად აკრძალულია ხილ-ბოსტნეულისა და გაზიანი სასმელის მიღება - გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ამგვარი დარღვევა შიმშილის გრძნობის გაღვივებას და შესაბამისად, მიღებული შედეგის წყალში გადაყრას იწვევს. რჩევა: დიეტის ეფექტურობისთვის ჯობია დაემშვიდობით რძიან, თხილიან, ქიშმიშიან და სხვ. შოკოლადს და შეიძინოთ დიდი ოდენობით მწარე ვარიანტი.
დილა: 80გ შოკოლადი. სამი საათის შემდეგ, 150მლ უშაქრო ყავა და 50 მლ უცხიმო რძე.
შუადღე: 80გ შოკოლადი. სამი საათის შემდეგ, 150მლ უშაქრო ყავა და 50 მლ უცხიმო რძე.
საღამო: 80გ შოკოლადი. სამი საათის შემდეგ, 150მლ უშაქრო ყავა და 50 მლ უცხიმო რძე.
როგორ ხედავთ, ამ ხნის მანძილზე თქვენი საუზმე, სადილი და ვახშამი სრულიად იდენტურია! და ასე, ხუთი დღის განმავლობაში...
***
ამ დიეტის შემდგენს სიამოვნებით გავესაუბრებოდი... ძალიან გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და გადათვალეთ დღე-ღამის რამდენი საათი დაგჭირდებათ ეს დიეტა ზუსტად რომ დაიცვათ. თან სახლიდან ფეხს ვერ გაადგამთ, აბა სად უნდა ირბინოთ 50 მლ რძის და 150 მლ წყლის საზომ-საწონად. თან იაფიანიც არ გეგონოთ - 80 გრ, ანუ ერთი ჭამა 70%-იანი შოკოლადი (მე შენ გეტყვი თბილისში დიდი არჩევანი გაქვს), 6-8 ლარი ღირს, ამას რძეც მიამატეთ, რომლიც ლიტრიანზე ნაკლები (ესეც თბილისური ცივილიზაციის თავისებურება) არ იყიდება, დღეში სულ 150 მლ გჭირდება და რომ გახსნი, მესამე დღეს უნდა გადააგდო... ესეც არაფერი, შეგრძნებებთან შედარებით - ვინც 80 გრამი შოკოლადის წყლის მიუტანებლად შეჭმას შეძლებს, თანაც დღეში სამჯერ, მთელი დიეტის პროვიანტს ვუყიდი!
დღე პირველი
დილის 10 საათზე წვალება-წვალებით გადავყლაპე 30 გრ შოკოლადი (ბოლო ლუკმებზე გული მერეოდა და მეტი ვერ გავქაჩე). 1 საათზე სიამოვნებით დავლიე რძიანი ყავა (ნუ დაგავიწყდეათ, რომ რძე მეზიზღება). 2 საათიდან სამამდე ვხარი მოძულებული 30 გრ შოკოლადი. 6-ზე სიამოვნებით მივირთვი ყავა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ შიმშილის გრძნობა საერთოდ არ მქონდა. 7-დან 9-ის ნახევრამდე ისევ 30 გრ შოკოლადს ვუჯექი (ყოველი ლუკმის გადაყლაპვა სულ უფრო და უფრო მიჭირდა). 12-სი ნახევარზე შეგრძნებით, რომ ექსპერიმენტის მსხვერპლი ვარ დავლიე ნახევარი პორცია ყავა.
დღე მეორე
წონა იგივე. დილას ვითომ ენთუზუაზმით ვჭამე შოკოლადი. სამ საათში დავაყოლე ყავა. შიმშილის გრძნობა კვლავაც არ მქონდა. სადღაც 5 საათისთვის ჩემს თავს ვაიძულე 30 გრამიანი შოკოლადის ნახევარი მეჭამა. სამ საათში დავლიე რძიანი ყავა და მესამე პორცია შოკოლადი-ყავა ამოვაგდე.
დღე მესამე
წონა იგივე. დილას მოვკბიჭე ერთი ლუკმა შოკოლადი და სამ საათში დავაყოლე ყავა, რომელიც გასაოცრად გემრიელი მეჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ჭამის სურვილი სულ გამიქრა, ყნოსვა გამიძლიერდა და ზუსტად ვიცოდი 104 ოჯახიან კორპუსში რომელი მეზობელი რა საჭმელს ამზადებდა. საღამოს ყავა და 30 გრ შოკოლადი ერთად მივირთვი და ბედნიერად დავიძინე. როგორც ხვდებით, მესამე ჭამა ამ დღესაც ამოვაგდე.
დღე მეოთხე
1 კგ დავიკელი. დილას მივირთვი 20 გრ შოკოლადი და რძიანი ყავა ერთად! სხვანაირად ლუკმა შოკოლადი არ გაგადის პირში. ოდესმე რამის ჭამის სურვილი საბოლოოდ გამიქრა.
დღე მეხუთე
წონა იგივე, აღარც ჭამა მინდა და აღარც შოკოლადი. ასლბათ ყავასაც კი აღარ დავლევ ...
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ეს დიეტა საოცარ გაუწყლოვნებას იწვევს - უწყლობა და სიცხე კი ადამიანს 3-4 დღეში მუმიად აქცევს. ასე რომ, ამ დიეტას, როგორც მისი ავტორები გბთავაზობენ 1 კვირის განმავლობაში თუ დაიცავთ, აუცილებლად გახდებით (გახმებით), საოცნებო გარუჯულ ფერს და 32 კბილდაკრეჭილ ღიმილსაც გარანტირებულად მიიღებთ (იხ. ჩილეს უდაბნოში ნაპოვნი მუმიები)!
მე ვიცნობ ხალხს, რომლებმაც შოკოლადის დიეტით, ოღონდ ადამიანურით, მართლა დაიკლეს და სხვათაშორის, მეც, როცა ჩემი 3 ზედმეტი კილო 4 ხდება, სწორედ მას მივმართავ ხოლმე. მიირთვით რამდენიც გნებავთ იმდენი შოკოლადი უშაქრო ყავასთან ან ჩაისთან ერთად და სხვას ნურაფერს შეჭამთ. მერწმუნეთ, როცა სხვას არაფერს ატანთ, ბევრ შოკოლადს ფიზიკურად ვერ შეჭამთ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენიმერი პოპინსი
1 კომენტარი.:
:)))
Post a Comment