14.7.11
ბვარიული კრემი - Crème bavaroise
Approved by
ბავარიული კრემი საკმაოდ პოპულარული და კლასიკური დესერტია. ამ გერმანულ-ფრანგული დასახელები მქონე ნუგბარის ავტორობას ფრანგები შევეიცარიელებს მიაწერენ, ზოგიერთი კულინარიული კრიტიკოსი კი მას „მაღალი სამზარეულოს“ ერთ-ერთი ფუძემდებლის მარი-ანტუან კარმეს (Marie Antoine Carême) შემოქმედებადაც მიიჩნევს. დესერტს ასე მე-19 საუკუნეში უწოდეს, ბავარიაში ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო მოგზაურობის შემდეგ. თუმცა თავად „მეფეთა კულინარი და კულინართა მეფე“ ესკოფიე ხშირად ხუმრობდა, რომ ამ კრემს მისი მომზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე ბავარიულზე მეტად მოსკოვური უნდა ერქვას (ცნობილ მზარეულს ამ კრემის შესასქელებლად ყინულში ჩაციება ქონდა მხედველობაში). დღევანდელი გადასახედიდან მართლაც ძნელი წარმოსადგენია, მე-19 საუკუნეში რა ფურორს ახდენდა წვეულებაზე სტუმრებისთვის მირთმეული შედედებული კრემი.
ბავარიულ კრემს, როგორც წესი, ხილის პიურესთან ან სოუსთან ერთად მიირთმევენ.
ინგრედიენტები: 250 მლ რძე, 100 გრ შაქარი, 2 ც კვერცხის გული, 100 მლ წყალი, 2 ს/კ ჟელატინი, 250 გრ ცხიმიანი ნაღები
სოუსისთვის: 0,5 კგ ხილი, 100 გრ შაქარი, დარიჩინის ჩხირი, 2ს/კ რომი
რძე ჩავასხათ პატარა ქვაბში და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. შაქარი და კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ და როგორც კი შევნიშნავთ, რომ რძე ადუღებას აპირებს, გადავდგათ და ცოტათი გავაგრილოთ. კვერცხი კარგად რომ გაითქვიფება, წვრილი ნაკადით ჩავათქვიფოთ უკვე შეგრილებული რძე. რძიანი და კვერცხიანი მასა შემოვდგათ წყლის აბაზანაზე და შეუჩერებლად ვურიოთ, კვერცხის გული რომ არ მოიხარშოს. კრემი თხელი არაჟნის სისქეზე რომ შესქელდება გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავასხათ ცივ ჭურჭელში. წყალში გავხსნათ უკვე დამბალი ჟელატინი და ჩავურიოთ კრემს. კრემი ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში. 250 მლ ცხიმიანი ნაღები ავთქვიფოთ. კრემი გამოვიღოთ მაცივრიდან და გადავურიოთ ათქვეფილ ნაღებში. კრემი ჩავასხათ ცხიმწასმულ პორციულ ფორმებში ან ჭიქებში და შევდგათ მაცივარში საბოლოოდ შედედებამდე.
სანამ კრემი დედდება, ქვაბში ჩავყაროთ კენკრის და ალუბალის ნახევარი, მოვაყაროთ 3 ს/კ შაქარი და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. დავუმატოთ დარიჩინის ჩხირი.
ხილის მეორე ნაწილი დარჩენილ შაქართან ერთად მეორე ქვაბში ჩავყაროთ მეორენაირი სოუსის მოსამზადებლად ისიც დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ. ხილი წვენს რომ გაუშვებს, მოვასხათ რომი და მოვუკიდოთ ცეცხლი.
გამზადებული კრემი გამოვიღოთ მაცივრიდან, ფორმა სულ 5 წამით ჩავდგათ მდუღარე წყალში და გადმოვაპირქვავოთ თეფშზე. მოვასხათ სოუსი და მოვრთოთ პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!
(იულია ვისოცკაიას რეცეპტენიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment