19.7.11
აგარაკომანია ქართულად
Approved byამას წინათ ერთმა ახლობელმა თავის აგარაკზე დაგვპატიჟა. სანამ „ოჯახის მარჩენალი“ შვებულებას ელოდება და სამსახურში დადის, როგორც ჭეშმარიტმა დიასახლისმა, შვილები ზაფხულის ხვატს გაარიდა და ქალაქგარეთ გაიყვანა. ვერაფერს იტყვი, კეთილშობილი საქმე ჩაიდინა და თავი სიგრილეში კი ამოყო, მაგრამ მოწყენილობისგან „სვანის დღიურებს“ წერს, სიცხის ნაცვლად დეპრესიისაგან იტანჯება, ყოველდღე მეგობრებს გვირეკავს და გვემუდარება, ამომაკითხეთო. გაბრაზებული კაცები მკითხავენ, ქმარს დასასვენებლად გაუშვია და რაღა ჯანდაბა უნდაო? რა და ყურადღება, ჩემო კარგებო. კიდევ, ადამიანური პირობები და ხმის გამცემი საღამოობით. თბილისის შემოგარენში პრესტიჟულ „სადაჩო“ სოფლებში თუ ყოფილხართ? იშვიათი გამონაკლისის გარდა, წყალი - არა, კანალიზაცია - არა, ასფალტიანი გზა - არა და, რაც მთავარია, მხოლოდ შორიახლო მდებარე ნაგავსაყრელები, ძროხები, ძროხები, კიდევ ძროხები და ბავშვიანი ქალები და როგორც ერთ ცნობილ ანეგდოტში მეგრელი იტყოდა: „ბუნება? ბუნება გადასარევი“...
არ ვიცი, რატომ - ალბათ ზედმეტად გაზულუქებული ან ზარმაცი მშობლები მყავდა, ან მათში არარსებული თავადური გენი იღვიძებდა, მაგრამ ეგრეთ წოდებულ "დედათა და ბავშვთა კურორტებზე" არ დავყავდით. ერთხელაც არ მახსოვს, რომ სადმე მხოლოდ დედას და შვილებს, მამის გარეშე დაგვესვენა. აქვე აღვნიშნავ, რომ სრულიად ჯანმრთელი გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რომ შოვის ან ბახმაროს ჰაერი არ მისუნთქია, არც ბავშვობაში ვუჩიოდი რამეს და არც ახლა მით უმეტეს. არ გეგონოთ, მთელი ზაფხული თბილისის სიცხეში ვიხრჩობოდით, ან მოგზაურობა არ გვიყვარდა. პირიქით, ერთ თვეს რომ ქობულეთში ვატარებდით, სადაც მამას ბევრი მეგობარი ჰყავდა, მერე საქართველოს გარეთ მივემგავრებოდით (ხშირად გემითაც), რაიმე საინტერესო ადგილებს ვათვალიერებდით და, სკოლის სეზონის დაწყების წინ, ყოველ აგვისტოს იალტაში ან ოდესაში ვისვენებდით. გარდა ამისა, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას (როცა ამინდი ამის საშუალებას გვაძლევდა), მშობლების მეგობრებთან ერთად თბილისის სიახლოვეს (და არამხოლოდ) პიკნიკებზე დავდიოდით და თვეში ერთხელ მაინც ერევანსა და ბაქოში, ანდაც სულაც სოჭში (ერთი დღის სამგზავრო მანძილზე) გასვლას ვაწყობდით. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მხოლოდ „ბავშვს მოუხდებას“ მომიზეზებით ცოლ-შვილის მინიმუმ 21 დღით თავიდან მოცილების ჩვევა მამას არ ჰქონია. სადაც დავდიოდით, მთელი ოჯახი ერთად მივდიოდით და ზაფხულობით იძულებით გადასახლებაში მყოფი გამწარებული და „შაბათ-კვირას ქმარი ჩამომაკითხავს-არჩამომაკითხავს"-ზე ფიქრით გაღიზიანებული დედის ყურება არ გვიწევდა. ასე რომ, სხვა რა მოგახსენოთ, მაგრამ მე და ჩემი და-ძმა სულიერად და გონებრივად ჯანსაღები ნამდვილად დავიზარდეთ.
ქართულ აგარაკომანიას, ჩემი აზრით, კიდევ ერთი სერიოზული მინუსი აქვს - ამ ბოლო დროს, მართალია, სიტუაცია სულ ცოტათი გამოსწორდა, მაგრამ კერძო სექტორში ბინის ქირაობას თუ აპირებთ, დასასვენებლად მინიმუმ „ტრეილერით“ უნდა გაემგზავრო. რატომ? ლეიბი, საბანი, თეთრეული, საკუთარი ტაშტი, სარეცხი ფხვნილი, სარეცხის გასაფენი „შპილკები“... და ხშირად კვების პროდუქტებიც უნდა წაზიდოთ. იმიტომ რომ, მაგალითად, საირმეში ბაზარი სულ არ არის, ან თუ არის, არჩევანი პრაქტიკულად არ არსებობს და ქუთაისიდან რასაც ვიღაც მადლიანი ამოიტანს, ის უნდა მიირთვათ. მაღაზიას რაც შეეეხება, ისეთია, სულ რომ არ იყოს, ის აჯობებდა. შარშან ზაფხულს სურამში შევუარე ახლობლებს და 15 „მარკეტიდან“ (ბოდიში, მაღაზია სადღაა), შოკოლადის ფილა არცერთში არ ჰქონდათ. ერთგან წინა დღით ნაყიდი ფხვიერი და ჯემიანი „პეჩენია“ რომ მოვითხოვე, ესეც იგივეაო, და ხაჭოიანი და ქიშმიშანი გამომიწოდეს და გაკვირვებული მიმზერდნენ, რას უწუნებსო. თავად საცხოვრებლის, მოდით, ასე ვუწოდოთ - „ჭერის“ საკმაოდ მაღალ ფასში უშუალოდ საწოლის და სახელდახელოდ შეღებილი კედლების გარდა არაფერი შედის და ტუალეტის ქაღალდსა და ხელის საპონზეც თავად უნდა იზრუნოთ. ქობულეთში, დილაობით ყავის „სახლში“ დალევის სურვილი თუ გაქვთ, გაზის ბალონიც თქვენი დასატენია. მსგავს მარაზმს ალბათ ვერსად ვერ შეხვდებით. გაზის საფასურს თუ დამატებით ვიხდი, მაშინ ელექტროენერგია და წყალი რატომ შედის ქირაში? ან განა რამდენი გაზი უნდა მოიხმაროს დამსვენებელმა, რომელიც მთელი დღე გასულია? თუმცა ზოგიერთი ქართველი რომ ვიცი (განსაკუთრებით, ბავშვების მისახედად წაყვანილი დედამთილები და სიდედრები), ემანდ, უფასო გაზიაო, არ დაიზარებენ და "პლიაჟიდან" დაბრუნებულზე ალბათ მურაბის ხარშვასაც დაიწყებენ!
მიუხედავად იმისა, რომ პირადი „მწარე“ გამოცდილება არ მაქვს, დედათა და ბავშვთა კურორტებს, ანუ - ბორჯომს, წაღვერს, კეჩხობს, ბახმაროს, ბეშუმს... და უპირველეს ყოვლისა, სურამს ბავშვობიდან ვერ ვიტან. განსაკუთრებით იმიტომ, რომ დახეულ ფლოსტებსა და ექსპლუატიაციის ყველა ვადაგასულ ხალათებში (ან სარაფნებში, მაისურებში) გამოწყობილი თმადაუვარცხნელი და პირდაუბანელი დედებს ყურება არ მიყვარს. აქაოდა, ქმრები თბილისში არიან და აქ კი არავინ გვიცნობსო, გაუბედურებული სახით, აწივლებულ და ასევე დაუბანელ ბავშვებს რომ დააპორწიალებენ და მთელ დღეს საუკეთესო შემთხვევაში კროსვორდების ამოხსნაში ატარებენ. ზაფხულობით წაღვერში უამინდობისას თუ გაგივლიათ, უცხო ჯიშის გასაოცარი არსებები აუცილებლად შეგხვდებოდათ. მათ კაბაზე სვიტრი, სვიტრზე ჟაკეტი და ზემოდან კიდევ რაღაც გაუგებრობა აქვთ შემოჯაჯული. ერთ წინდაზე მეორე (ხშირად ცალ-ცალი) აქვთ ამოცმული და გაუპარსავ ფეხზე ოდესღაც ვარდისფერი ან ცისფერი და ახლა ჭუჭყისაგან ფერდაკარგული, გაბანჯგვლული და პირდაღებული ჩუსტები აცვიათ. იქაური გიჟები არ გეგონოთ, ასე ბორჯომის ხეობის სიცივით შეწუხებული თბილისელი დამსვენებლები დაიარებიან! ეს პირდაღებული ჩუსტები რას დაიჩემეო, მკითხავთ. საქმე იმაშია, რომ მთელი ზამთრის (ხანდახან ორისაც) სეზონგამოვლილი და უპირობოდ გადასაგდები ჩუსტები მიაქვთ დასავენებლად, ბარემ იქაც გამოგვადგებაო და სოფლის ტალახში ორიოდე „გარონინების“ შემდეგ რა სანახავი იქნება, თავად წარმოიდგინეთ. აი, ასეთ ცოლებს უშვებთ ასე დასასვენებლად, ჩემო ლომებო და ვეფხვებო. ჩემი თუ არ გჯერათ, ცოლ-შვილს ჩააკითხეთ და ერთი კვირით მაინც დარჩით. შაბათ-კვირას ქმრის ჩამოსვლისთვის საგანგებოდ მოკაზმულ-შელამაზებულ ქალებს რომ უყურებთ, ცოტა მოიცადეთ, თქვენი იქ ყოფნით „გაბედნიერებულ“ მეუღლეს თვალი მოწყვიტეთ და ასე სამშაბათისთვის, სხვების მეორე ნახევრები შეათვალიერეთ. გირჩევთ, საკითხს და ნანახს მაინცდამაინც ნუ ჩაუღრმავდებით და შეეცადეთ დაივიწყოთ, რომ თქვენს არყოფნაში თქვენი ცოლიც ზუტად ასევე გამოიყურება და იქცევა...
სამწუხაროდ, მარტო სუფთა ჰაერი და მეზობლებ-ახლობლებში მოსაყოლად თუ სინდისის დასამშვიდებლად ცოლ-შვილის დასასვენებლად ბინის ქირაობა და ოჯახის გამწესება არ კმარა. ხშირად, არა, უმეტასად (რასაკვირველია, ცოლსაც მობეზრებული თუ არ ყავს თავისი „ძვირფასი“ ცხოვრების თანამგზავრი, ან მართლა ბავშვის ჯანმრთელობა თუ არ მოითხოვს), ქალსაც და ბავშვებსაც მამის გვერდით ყოფნა ურჩევნიათ. მე იმას არ ვამბობ, რომ 3 თვე გმირულად ბინაში უნდა გამოიკეტონ და კაცს თუ არ სცალია, თვითონაც არ დაისვენონ. კლიმატურ კურორტებზე ან ბებია-ბაბუასთან სოფელში გაუშვით, მაგრამ ქობულეთსა და ბათუმში ცოლს-შვილის მარტო გაშვება ოჯახის წინაშე დანაშაულია. რატომ? იმიტომ, რომ ზღვაზე გასართობად მიდიან და არა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად! იმიტომ, რომ თქვენი ცოლიც ადამიანია და მასაც უნდა ქმართან ერთად დასვენება! იმიტომ, რომ „პლიაჟზე“ აქეთ-იქით მორბენალი ბავშვების მადევარი აწიოკებული მარტოხელა დედა საცოდავი საყურებელია და სახეზე მხოლოდ „ზაგარს მაინც მივიღებ“ და სრული უპერსპექტივობა აწერია!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
1 კომენტარი.:
ბავშვობა გამახსენდა :) რაც თავი მახსოვს კიკეთში ვისვენებდით მთელი ზაფხული და ჩვენთვის უბედნიერესი დღეები წასაღებად გამზადებულ ლეიბებების და საბნების გროვას რომ დავინახავდით იმ დღიდან იწყებოდა. ღემდე მადლობელი ვარ დედაჩემის და ბებიების რომ საკუთარი კომფორტის მოკლების ხარჯზე, ჩვენ დაუვიწყარ ზაფხულის არდედეგებს გვიწყობდნენ.
ასევე მეც და ჩემმა ბევრა ახლობელმა გავატარეთ თვეები სურამში შვილების ხათრით. მე ვთვლი რომ თბილისში ( საერთოდ დიდ ქალაქში) გაზრდილ ბავშვს სილაღე და ბუნებასთან კონტაქტი აკლია და აუცილებელია ჰაერის შეცვლა და "გატყიურება". დღესდღეობით და ასევე საბჭოთა პერიოდშიც იშვიათად რომ ვინმეს თვეზე მეტი შვებულების აღება შესძლებოდა ერთბაშად. თბილისში კი ივნისის დასაწყისიდან აუტანლად ცხელა, ჰაერი მტვერით და გამონაბოლქვით სავსეა. კი ნამდვილად ყველა თვითონ წყვიტავს როგორ და სად გაატაროს ზაფხული, მაგრამ ეხლაც კი ქედს ვიხრი იმ დედების წინაშე ვინც თვეობით მოწყენილობაში და კომფორტს მოკლებულნი შვილების ხათრით ქალაქიდან გადიან. ბარემ იმასაც დავაყოლებდი რომ ერთი წამითაც არ ჩამითვლია იმ პერიოდში ჩემი თავი საცოდავ საყურებლად, არც სურამში და არც ქობულეთში.
პ.ს. და გადასარევ ზაგარსაც ვიღებდი :))
Post a Comment