30.7.11
მოგზაურობა მესამე: შვარცვალდი
Approved byუნდა გამოტყდე: იმ ადგილების შესახებ, რაზეც ახლა ვწერ, თითქმის არაფერი ვიცოდი. ერთადერთი, რაც გონებაში ბუნდოვნად ამომიტივტივდა, ისაა, რომ გერმანიაში არის დიდი ტბა, მაგრამ სინამდვილეში ეს ტბა ერთია თუ რამდენიმე, ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა. ამიტომ ეს მოგზაურობაც და მიღებული შთაბეჭდილებებიც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. და, რადგან სამოგზაუროდ მოუმზადებლად წავედი, ამ მხარის ისტორია–გეოგრაფისთვის თვალი წინასწარ არ გადამივლია (საერთოდ, ახალი ადგილების აღქმა მიჭირს, მანამდე რუკა თუ არ შევისწავლე). კიდევ კარგი, არაჩვეულებრივი მეგზური მყავდა, ადგილობრივი ენის, ისტორიისა და ზნე–ჩვეულებების ზედმიწევნით კარგად მცოდნე, რომელმაც ყველაფერზე იზრუნა, სასტუმროზეც, მატარებელზეც, რუკაზეც და ჩემთვის მისაწვდომ ენაზე დაწერილ „საინფორმაციო მასალაზეც“. მოკლედ, გამგზავრების წინა დღეს „კბილებამდე შემაიარაღა“, მაგრამ გამგზავრება დილაუთენია იყო დაგეგმილი, ჰოდა, ბუნებრივია, ბევრი ვერაფრის წაკითხვა ვერ მოვასწარი.
მგზავრობა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, მატარებელი ხშირად ჩერდებოდა პატარა თუ საშუალო სიდიდის ერთგვაროვან და საკმაოდ უსახურ სადგურებზე, მაგრამ ამ გაჩერებებს შორის იყო საოცარი, თითქმის ზღაპრული პეიზაჟები.
სახელი „შვარცვალდი“ სრულებით ამართლებს თავის თავს – ზუსტად რომ „შავი ტყე“. იქაურობა ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც ბავშვობაში წაკითხული გერმანული ზღაპრებიდან წარმომედგინა. შვარცვალდი ზამთარში რომ მენახა, ალბათ კიდევ უფრო ჯადოსნური მომეჩვენებოდა, თუმცა უზარმაზარმა წიწვნარებმა (ამხელა ხეები არასდროს მინახავს!) ახლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა.
აქა–იქ ტყის მასივებს შორის მწვანე და ყვითელი ფერის მინდვრებია (ყვითელ ფერს მდოგვის ნათესები იძლევა) და ამ მინდვრებს შორის სამ–ოთხსახლიანი სოფლებია მიმობნეული. სადგურების სახელწოდებებს სიტყვა „შვარცვალდი“ ემატება: ჰორნბერგი–შვარცვალდი, ტრიბერგი–შვარცვალდი და წარმოიდგინეთ – სანტგეორგენ–შვარცვალდი (ჩვენებურად, წმ. გიორგი–შვარცვალდი).
ტყეებს შორის დაკლაკნილ სწრაფ მდინარეთა ვიწრო, ღრმა ხეობები და მაღალი კლდეებია, რკინიგზაც ასევე იკლაკნება ხეობებში და მრავალრიცხოვან პატარ–პატარა გვირაბებში გადის. მატარებელი გვირაბიდან თავს გამოჰყოფს თუ არა, ნანახი სურათი მეორდება: ისეც მაღალი ხეები, რამდენიმე სახლი და ყვითელ–მწვანე მინდვრები.
ამ სოფლებს შორის ერთადერთი განსხვავება, რომელიც ზედაპირული დათვალიერებისას (უკაცრავად, მატარებლის ფანჯრიდან ნახვისას) შევამჩნიე, – სახლების სახურავებია. ტიპური შვაბური სახლი ასეთია: ორსართულიანი, თეთრად შებათქაშებული, ხის ტიხრებიანი და ხის დარაბებიანი შენობა წითელი სამკუთხა გადახურვით. შვარცვალდში სწორედ ეს სახურავი იცვლება: ზოგჯერ ტოლფერდა, ზოგჯერ კი ტოლგვერდა სახურავი თანდათანობით დაბლდება, შემდეგ ერთი ფერდი მოკლდება, მეორე მიწამდე ეშვება და მერე სულაც მრავალკუთხა ხდება (მანსარდაზე სამკუთხა, თითქმის ვერტიკალური გვერდებით სახლის მერე სართულს მთლიანად ფარავს და მერე ისევ დაქანებულ ფორმას იღებს. სახურავი სახლის კედელს ისე გვარიანად სცილდება, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სახურავის ფუძის ფართობი სახლისას ორჯერ მაინც აღემატება). მისი ფერიც შვაბური სახურავისგან განსხვავებულია, წითლიდან ყავისფერში, თითქმის შავში გადადის.
სახურავების ასეთ ფორმას ლოგიკური ახსნა აქვს – პრაქტიკულ გერმანელებთან საქმე სხვაგვარად ვერც იქნებოდა, – მთებში დიდთოვლობა იცის, სახურავიდან თოვლის გადმობერტყვა ძნელია, ბუნებრივ დნობას უნდა ელოდო. ასეთ დახრილ სახურავზე კი თოვლი დიდხანს ვერ გაჩერდება და თავისით ჩამოიყრება.
მატარებლიდან დანახული პეიზაჟიდან განსაკუთრებით ორი რამ დამამახსოვრდა: პირველი – რკინიგზის გაყოლებით კლდეები მთლიანად შეფუთულია რკინის კარკასში და წყლის ნაკადებისთვის ალაგ–ალაგ ჰორიზონტალურად ჩაწყობილი პირღია მილებია ჩატანებული; მეორე – სახლების ეზოებში ღია საცურაო აუზები კამკამა ცისფერი წყლით. წარწერა აუზზე მიუთითებს, რომ წყალი თბება. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – აბა, წარმოიდგინეთ ტყეში მთელი წლის განმავლობაში ცხელი წყლით სავსე ლაგუნა ვერე!
ბუნების და ლანდშაფტის გარდა, საინტერესო ბევრი იყო, მაგალითად, მახსოვს ერთ–ერთ ციცქნა სადგურზე ამოსული 7–8 წლის ბავშვების ჯგუფი, რომელიც მალევე ჩავიდა. ხანმოკლე მგზავრობის მიუხედავად, ყველა ბავშვს ზურგჩანთა და საგზალი ჰქონდა, თან მასწავლებელი და რკინიგზის წარმომადგენელი მიუძღოდათ. ეს ჯგუფი ყურადღების ღირსი სულაც არ იქნებოდა, რომ არა ის ახსნაა–განმარტება, რომელიც რკინიგზის წარმომადგენელმა მოგვცა: თურმე ეს ადგილობრივი სკოლის მოწაფეებისთვის „მატარებელში მგზავრობის გაკვეთილი“ ყოფილა.
რადგან მატარებელი ამდენჯერ ვახსენე, კიდევ ერთ ევროპულ თავისებურებას აღვნიშნავ: როგორც წესი, მატარებლებში ადგილები დანომრილი არ არის. ბილეთის შესაბამისი კლასის ვაგონში ნებისმიერ ადგილზე დაჯექი. თუ მგზავრობა შორს და თანაც მარტოს გიწევს და ამ დროს საპირფარეშოთი სარგებლობა დაგჭირდა, საკუთარი ბარგი და ხელჩანთა შეგიძლია მშვიდად დატოვო და „დანიშნულების ადგილისკენ“ ხელცარიელი გაეშურო. შენს არყოფნაში ახალი მგზავრი თუ ამოვიდა, დაკავებულ სკამს დახედავს და სხვა, თავისუფალი ადგილის მოსაძებნად გზას გააგრძელებს (ახლა ჩვენი თანამემამულე წარმოიდგინეთ, რომელიც საპირფარეშოს ვიწრო კაბინაში ჩემოდნის შეტანას რომ ცდილობს!).
აი, ასე ვიმგზავრეთ და, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, კონსტანცშიც ჩავაღწიეთ, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო
0 კომენტარი.:
Post a Comment