„...ჰო, უყვარხარო, უყვარხარო - უნდა იცინო და უნდა იხარხარო...“

Approved by Natia Jinjolava


ერთი თანაკურსელი გოგო მყავდა - სიმპატიური, მოხდენილი, ლამაზი და გონიერიც, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ ღირსებებსა და განუმეორებლობაში შესაშურად დარწმუნებული. ერთ დღესაც უნივერსიტეტის ბირჟაზე ჩვეულებისამებრს გამოპრანჭული გამოგვეცხადა და ამაყად გაგვიმხილა: „დღეს ისეთი ლამაზი ვარ, ისეთი ლამაზი, სადარბაზოდან რომ გამოვედი, იქვე მაწანწალა ძაღლი იწვა და ჩემს დანახვაზე ისიც კი ფეხზე წამოდგა, თავი დამიხარა და გამატარაო...“ ერთი კი გავხედე ირონიული მზერით, მაგრამ არაფერი მითქვამს. ხანდახან მგონია, რომ ძაღლები ადამიანებზე მეტად მიყვარს (ზოგზოიერთებზე მაინც) და არც მათ მეტისმეტად გონიერებაში მეპარება ეჭვი, მაგრამ კინოლოგობა და  ძაღლის ფსიქოლოგიის სპეციალისტობა არ უნდა იმის ცოდნას, რომ ძაღლი ადამიანს გარეგნობით არ, უფრო სწორედ, ვერ მოაიხიბლებ - მაგისთვის მამაკაცი შექმნა ღმერთმა. ეს უკანასკნელები რამდენად წარამატებით ართმევენ თავს ამოცანას, ეგ უკვე სხვა საკითხია...
და თურმე ნუ იტყვით და ჩემი კურსელის მეზობელ მაწანწალა ძაღლს გაუმართლა, ქალის მშვენიერებისგან მოხიბლულს მხოლოდ ფეხზე წამოდგომაში და უსიტყვო თაყვანისცემაში რომ დასდეს ბრალი. დასავლური გორილა ბოკიტო, ბერლინის ზოოპარკში დაიბადა. ახალშობილი დედამ დაბადებისთანავე მიატოვა და ბოკიტოც ადამიანების გვერდით გაიზარდა. უკვე დავაჟკაცებული გორილა, როტერდამის ზოოპარკში გადაიყვანეს და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, სამი მეტრის სიფართის და 10 მეტრის სიღრმის თხრილ და მინის ბარიერშემოვლებულ ღია ვოლიერში მოათავსეს. ბოკიტოს იდილიას არაფერი არღვევდა, სანამ ერთმა ჰოლანდიელმა ბუნებისმოყვარულმა და მარტოხელა ქალბატონმა არ გადაწყვიტა, რომ ბრგე და ახოვანმა მამრმა გორილამ მას მამაკაცური ინტერესით სავსე თვალი მიაპყრო. თავისი ჯიშის მამრთა ყურადღებას დანატრებულმა ქალმა ზოოპარკში შესასვლელი წლიური აბონემენტი შეიძინა, თვეების მანძილზე კვირაში ოთხი დღე გორილების ვოლიერთან მიდიოდა, ბოკიტოს წინ უდგებოდა, შუშის ბარიერს ხელებს ადებდა, სახით ეხუტებოდა და საათობით ეპრანჭებოდა: ხან თვალებს უჟუჟნებდა, ხან დეკოლტეს უჩვენებდა, ხანაც მრავალაზროვნად უცინოდა. 
კაცმა არ იცის, ბოკიტო ქალის უსიტყვო „ნამიოკებს“ მიხვდა თუ მისი მანჭვა-გრეხა მოწყინდა, ერთ დღესაც მოთმინებამ უღალატა, თხრილს ერთი ნახტომით გადააფრინდა და აბეზარ ქალს გავეშებული დაეძგერა. დაფეთებული ქალი მახლობელი კაფესკენ გაიქცა და შიგნით დამალვა სცადა, მაგრამ მეტისმეტად აღტკინებულმა თაყვანისმცემელმა კარები შელეწა, იქაც შეაღწია, ქალს დაეწია და საკმაოდ ძლიერადაც დაკბინა. ზოოპარკის თანამშრომლებმა ბოკიტოს სასწრაფოდ ტრანკვილიზატორიანი ტყვია ტყორცნეს, დააძინეს და ღია ვოლიერის ნაცვლად რკინის გალიაში უკრეს თავი. პანიკაში საკმაოდ ბევრი ხალხი დაზიანდა.
გორილასგან ნაგვემმა ქალმა როტერდამის ზოოპარკს და ბოკიტოს სასამართლოში უჩივლა უსაფრთხოების წესების დაუცველობისთვის. საკმაოდ გახმაურებულ პროცესზე გორილების ქცევის ექსპერტებმა განმარტეს რომ დომინანტი ხვადის გაღიზიანება და მისი არაადეკვატური ქცევა საწინააღმდეგო სქესის ჰომო საპიენსის დაუფიქრებელმა საქციელმა გამოიწვია. ბოკიტომ აბეზარი ქალის გრიმასები, რომელშიც რასაკვირველია ქალის მიერ ჩადებულ შორსმიმავალ ქვეაზრებს ვერც ხედავდა, თავის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობად ჩათვალა,  ერთ დღესაც ყელში ამოუვიდა და „მტრის“ გაგდება განიზრახა. გარეულ ცხოველებთან ვისაც კი ელემენტარული შეხება ქონია, ყველამ კარგად იცის, რომ მათთვის თვალის თვალში გაყრა, ან კბილების ჩვენება აგრესიის ნიშნად ითვლება და სასტიკად აკრძალულია. სასამართლომ ძალათპროვოცირებული ბოკიტო გაამართლა, ზოოპარკს მისი ვოლიერის „გაუსაფრთხოება“ დაავალა, „დაზარალებულ“ ქალს კი ზოოპარკთან მიახლოებაც კი აუკრძალა.
ბოკიტო ზოოპარკში მას მერე ბედნიერად ცხოვრობს, მისი სახელი კი  ჰოლანდიურ ენაში გაალმასებული და გაავებული კაცის სიმბოლოდ იქცა.
აქედან მორალი: აი, სადამდე მიყავს ზოგიერთი ქალი უკაცობას. მაგრამ საკითხავი ისაა, ამ უკაცობის მიზეზი სადაა დამალული. რა კაცი გაუძლებს ქალს, რომელიც ცხოველს ეპრანჭება და აბრალებს, ისეთი ლამაზი ვარ ვუყვარვარო ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ვალპურგას ღამე

Approved by Natia Jinjolava


30 აპრილიდან პირველი მაისის დამდეგს, ნაყოფიერებისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წარმართული დღესაწაული,  ვალპურგას (ვალპურგიის) ღამე დგება, რომდესაც ჰელოუინის მსგავსად, ალქაჯების ყველაზე დიდი შაბაში იმართება.
სხვათა შორის, ეს დღე, უკაცრავად, ღამე ბევრი სხვა ნიუანსითაც ძალიან გავს ჰელოუინს (ისევე როგორც ბელტეინსა და მაისის დამდეგს), ოღონდ ამ შემთხვევაში ზამთრის დადგომის ნაცვლად, გაზაფხულის შემოსვლას ზეიმობენ. შუა საუკუნეების გერმანიასა და სკანდინავიაში სჯეროდათ, რომ ვალპურგას ღამეს იქითა და აქეთა სამყაროებს შორის კარი იღეობოდა (ისევე როგორც 1 ნოემბრის ღამეს) და ალქაჯები წლის ყველაზე დიდ ნადიმს მართავდნენ. ცოცხზე და თხებზე გადამჯდარი გრძნეულები მთის მწვერვალებზე იკრიბებდოდნენ, ცეკვავდნე, ღრეობდნენ და დემონებთან და ეშმაკებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ. უწმინდურბისგან თავდასაცავად მთელ ევროპაში ჭიაკოკონობა ეწყობოდა და მთელი ღამის განმავლობაში კოცონები ენთო, შედეგად, ნადირიც (მაისის დადგომასთან ერთად ცხვრების საძოვარზე გამოდენის სეზონი იწყებოდა) და ალქაჯებიც ერთნაირად წარმატებულად ფრთხებოდა.
ვალპურგას ღამე პირველად შუა საუკუნეების დროინდელ ინკვიზიციის ოქმებშია მოხსენიებული, საყოველთაოდ ცნობილი კი გოეთეს რომანის წყალობით გახდა, როდესაც მეფისტოფელმა ფაუსტი ალქაჯების ყრილობაზე მიიყვანა.
დღესასწაულის სახელწოდება  მონაზონი წმინდა ვალპურგიის (იგივე ვალბურგა, ვალტპურდე, ვალპურგისი, ვაბური, ფალბური, ბუგა, გოდურჯი...) სახელთანაა დაკავშირებული. ვალპურგა სანამ მონაზონი გახდებოდა, ბრიტანელი დიდგვაროვნის, თუმცა რაღა დიდგვაროვანის, თავად  დასავლეთ საქსონიის ერთ-ერთი მეფის, რიჩარდის და წმინდა ბონიფაცეს დის, ვინის ოჯახში დაიბადა. სხვათა შორის, მისი ძმებიც, ვილიბალდიც და ვინიბალდიც, ორივე კანონიზირებული არიან. აი, ოჯახიც ამას ქვია! მოკლედ, რიჩარდი ვაჟიშვილებთან ერთად წმინდა მიწაზე მოსალოცველად გაემართა და თავისი 11 წლის ქალიშვილი უინბორის მონასტერში თავისი სიმკაცრით ცნობილ აბატესას მიაბარა. ვალპურგამ მონასტერში მთელი 26 წელი გაატარა და ლათინური ენა იმდენად კარგად შეისწავლა, რომ თავისი ერთი ძმის ცხოვრების ისტორია ინგლისურად თუ დაწერა, მეორე ძმის პალესტინაში მოგზაურობა თავანკარა ლათინუზე ჩამოაკიწკიწა. შედეგად წმინდა ვალპურგას ხშირად მოიხსენიებენ ინგლისისა და გერმანიის პირველ მწერალ ქალად. წმინდა ვალპურგა 748 წელს ინგლისიდან გერმანიაში  მონასტრის დასაარსებლად გაემგზავრა, გზაში კი ხომალდი ენითაუწერელ შტორმში მოხვდა. შეშინებული მონაზონი გემბანზე მუხლებზე დაემხო და ლოცვა დაიწყო თუ არა, ქარი ჩადგა და ზღვა დაწყნარდა. მეზღვაურებმა სასწაულის ამბავი გერმანიაში ჩაიტანეს და  მას მერე წმინდა ვაპლურგა მეზღვაურების მფარველად მიიჩნევა (როგორც ამბობენ, მისი სახელის მოხსენიება ზღვის ავადმყოფბის და შტორმის დროსაც შველის). ვალპურგა წლების ნამძილზე იყო მონასტრის წინამძღვარი, ძმის სიკვდილის შემდეგ ბავარიაში ცოტა ხანი მამათა ამონასტერსაც კი ხელმძღვანელობდა და სახელი მრავალრიცხოვანი სასწაულბით გაითქვა. 777 წლის 25 თებერვალს დედათა მონასტრის წინამძღვარი ჰაიდენჰაიმში გარდაიცვალა. წლები გავიდა და ვალპურგა და მისი სასწაულები ხალხს მიავიწყდა საბამ 100 წლის შემდეგ, აიშთადტის ეპისკოპოსმა ჰაიდენჰაიმის მონასტრისა და ეკლესიის აღდგენა არ განიზრახა. დაუდევარმა მშენებლებმა მონაზონის საფლავი გააოხრეს და ერთ მშვენიერ თუ საბედისწერო ღამეს ვალპურგას მრისხანე აჩრდილი ეპისკოპოსს გამოეცხადა... აბატესას ძვლები სასწრაფოდ  გადაიტანეს აიშტადტში და სწორედ 1 მაისს კლდეში გამოჭრილ ნიშაში დაკრძალეს. კლდიდან მალე სამკურნალო ზეთმა დაიწყო დენა. ვალპურგა სასწრაფოდ წმინდანად შერაცხეს და მისი ხსენების დღეებად 25 თებერვალი, 12 ოქტომბერი, 24 სექტემბერი და 1 მაისი დაადგინეს.
მაგრამ რა კავშირი აქვს ქრისტიან, კათოლიკე წმინდანს წარმართულ დღესასწაულთან? მისი სახელობის ეკლესიებში შემორჩენილ მრავალრიცხოვან ფრესკებს თუ დავაკვირდებით, ძალიან საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ: წმინდანის თავზე გამოსახული გვირგვინი მის სამეფო წარმოშობაზე მიგვითითებს, კვერთხი - იმაზე რომ ვალპურგა მონასტრის დამაარსებელი გახლდა. მაგრამ წმინდანის უკან გამოსახული მთები და მრავალწლოვანი ნეკერჩხლები აშკარად არ ჯდება თემაში -  ნეკერჩხალი წარმართული ღვთაება ფრიგიის სიმბოლოა, ცალკე მდგარი მთები კი მკვდრების სამყაროს ფორპოსტი. ასევე ძალიან ხშირია წმინდანის გვერდით ძაღლის გამოსახულება. როგორც ცნობილია, წმინდანს სიცოცხლეში არავითარი ძაღლი არ ყოლია. გერმანულ და სკანდინავიურ მითოლოგიაში კი ქალღმერთებს ხშირად ყავდათ დამხმარე ძაღები (მაგალითად: ფრიგია და ნეჰალენია). ერთ-ერთ ქალღმერთს „პუდელის დედასაც“ კი უწოდებდნენ. გარდა ამისა, ძაღლს ხშირად იყენებდნენ ბარაქისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ - კარგი მოსავალისათვის გერმანელები ძველ დროში ე.წ. ქარის ძაღლს ვინდჰაუნდსაც კი „კვებავდნენ“. ზოგიერთ ფრესკაზე წმინდანს ხელში სამკუთხედი სარკე უჭირავს, რაც პირდაპირ უკავშირდება წარმართულ ლეგენდას: თურმე ოდესღაც ერთი აპრილის მიწურულს ტყიდან ახალგაზრდა გოგო გამოვარდა, რომელიც მონადირეებს გაურბოდა და ხელში სარკე ეჭირა. სარკე კი მომავალს აჩვენებდა. გლეხმა გოგონა ხორბლის ძნაში დამალა და მონადირეებმა რომ გაიარეს, სარკეში დაინახა, რომ მის ყანაში თავთავები დილისთვის ოქროდ იქცა. ასე, რომ ქრისტიანი წმინდანების დიდი ნაწილის მსგავსად წმინდა ვალპურგაც ვერ გადაურჩა წარმართული თქმულებების გავლენას. კერპთაყვანისმცემლებისა და ქრისატიანების თქმულებები მორიგჯერ გადაიხლართა ერთამნეთში და ასე დაერქვა ალქაჯების ღამეს ვალპურგას ანუ ვალპურგიის სახელი.
ძველი მწერლები ვალპურგიის ღამეს ასე აღწერდნენ: ყოველი წლის პირველი მაისის ღამეს გორაზე ალქაჯები შაბაშს აწყობენ. წვეულებაში მაქციები და დიდი ხნის მკვდარი გარყვნილი ქალებიც მონაწილეობენ. ალქაჯები თავის საყვარლებთან - დემონებთან ერთად მოდიან. თავყრილობის წინამძღოლი სატანა, შავი ხის ტანითა და ადამიანის სახით გორის შუაგულში აღმართულ ქვის მაგიდაზე ან საზეიმო ტახტზე ზის. სტუმრები სატანას ამბორითა და მუხლმოყრით სცემენ თაყვანს. მერე კოცონისა და ჩირაღდნების შუქზე ღრეობა იწყება: ცხენის ხორცს პურისა და მარილის გარეშე ნთქავენ. სასმელებს კი ძროხის ჩლიქებიდან და ცხენის თავის ქალებიდან სვამენ. ქეიფის მერე უჩვეულო მუსიკის ქვეშ ცეკვას იწყებენ. მუსიკოსები ხეებზე სხედან და ჭიანურისა და ვიოლინოს ნაცვლად ხელში ცხენის თავისქალები უჭირავთ, სალამურის ნაცვლად კი უბრალო ჯოხს ან კატის კუდს ხმარობენ. დილას მათ ნაცეკვარზე მხოლოდ ჩლიქების ნაკვალებია დარჩენილი. ამბობე, მათ ცეკვას ადამიანი თუ შეესწრო, აუცილებლად ჩაითრევენ და დაღუპავენო, მაგრამ ღვთის სახელის ხსენებას თუ მოასწრებ, მთელი უწმინდურობა თვალის დახამხამებაში გაქრებაო. წვეულების ბოლოს თხას წვავენ და ალქაჯები მის ფერფლს ინაწილებენ. მერე სწორედ ამ ფერფლის  მეშვეობით თარსავენ და თვალავენ ადამიანებს. გარდა თხისა კიდევ, შავ ხარს და შავ ძროხას კლავენ. წვეულება ბოლოს ორგიით მთავრდება. გამთენიისას ცეცხლს აქრობენ, ცოცხებზე სხდებიან და მოუსავლეთისკენ მიფრინავენ.
ალქაჯების დღეს ბევრს აღარავის სჯერა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ღამეს თითქმის მთელ ევროპაში (განსაკუთრებით, გერმანიასა და სკანდინავიაში) ანთებენ უზარმაზარ კოცონს და ჭიაკოკონობას მართავენ. მაგალითად პრაღაში, ჩირაღდნებით მსვლელობას აწყობენ და ქუჩაში დანთებულ ცეცხლზე სარდელებს და კუპატებს ალქაჯის ფიტულთან ერთად ბრაწავენ და რაც შეიძლება მეტად ხმაურობენ - უწმინდურებს ხომ ხმაურის ეშინიათ.
სკანდინავიაში გაჩაღებული კოცონით ალქაჯების დაფრთხობის გარდა, გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში დაგროვებული ნაგვის განადგურების პრობლემასაც წყვეტენ და დესერტად სკანდინავიურ გრავლაკსს მიირთმევენ (მარილში, კამაში და შაქარში ჩამარინადებული ქაშაყი). ფინელებს გულწრფელად სჯერად რომ აპრილის ბოლო ღამეს, ზუსტად შუაღამისას ყველა მთის და გორაკის თავზე თითო გრძნეული მაინც ზის. ბავარიაში ამ ღამეს ერთმანეთს კბილის პასტით „პასტავენ“, ფეხსაცმლებიდან თასმებს პარავენ და სახლის შესასვლელ კარს უხსნიან მეზობლებს და სადმე მალავენ...
ცნობები ამ დღის აღნიშვნის თაობაზე (რასაკვირველია, სხვადასხვა სათაურით) მერვე საუკუნიდან გვხვდება. ეკლესიამ იბრძოლა-იბრძოლა და ვალპურგას ღამე საბოლოოდ ქრისტიანული ელფერით შემოსა და შეეგუა. ამჟამად ქრისტიანებიც და ნეო-წარმართებიც (დიახ, დიახ, ასეთებიც არიან) ამ დღესასწაულს ერთნაირი ხალისით აღნიშნავენ. ახალგაზრდობა იკრიბება - ცეკვავენ, მღერიან, ხალისობენ და ყოველგვარი წარმართული დატვირთვის გარეშე აღნიშნავენ გაზაფხულის საბოლოოდ დადგომას.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Macaroni Cheese - მაკარონი ყველით

Approved by Natia Jinjolava


მაკარონი ყველით ჩვენს ბლოგზე მოხვედრილი მორიგი ბრიტანული კლასიკაა, რომელიც აიტაცეს და დაისაკუთრეს ამერიკელებმა და რომელსაც, დასახელების გარდა ბევრი საერთო ნამდვილად არ აქვს ქართული გაგებით ყველიან მაკარონთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უბრალო და ყველაზე  მარტივი კერძია. ამ კერძის რამდენიმე ძალიან კარგი ვარიანტი უკვე შემოგთავაზეთ სახელგანთქმული მზარეულების რეცეპტების კოლექციებიდან, დღეს კი მისი ლამის შედევრამდე აყვანილი ვერსიის ჯერიც დადგა, მოკლედ:

ყველიანი მაკარონი ჰესტონ ბლუმენტალისაგან
(4 პორციისთვის)
200 გრ მაკარონი, ½ ჩ/კ მარილი, 15 მლ ტრიუფელის ზეთი, 300 მლ მშრალი თეთრი ღვინო, 300 მლ თბილი ქათმის მუქი ბულიონი, რომელიც 20 წუთი ჩასხმული იყო ბერკსუელური ყველის თავში, 80 გრ სპინვუდური ყველი  (Spenwood cheese) გახეხილი, 10 გრ სიმინდის ფქვილი, 80 გრ რბილი ყველი (cream cheese), პილპილი, 15 გრ კუბიკებად დაჭრილი თხის ყველი, ბერკუელური ყევლის (Berkswell cheese) მთლიანი თავი

გავაცხელოთ გრილი (ანუ ღუმელი ზევიდან ავანთოთ). ცეცხლზე შემოვდგათ 400 მლ წყალი, ჩავყაროთ მარილი და მაკარონი და მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე. ვხარშოთ მაკარონის მოხარშვამდე და წყლის ამოორთქლებამდე. მაკარონს ტრიუფელის ზეთი მოვასხათ და მოვურიოთ.
პატარა ქვაბში ჩავასხათ ღვინო და მაღალ ცეცხლზე ვადუღოთ სანამ ღვინო 30 მლ-მდე არ ამოორთქლდება. ჩავუმატოთ თბილი ბულიონი. გახეხილ ყველში სიმინდის ფქვილი გადავურიოთ და ღვინოს და ბულიონს დავუმატოთ. ვურიოთ სანამ ყველი ბოლომდე არ გადნება და მერე მოვასხათ მაკარონს და კარგად გადავუერიოთ. ყველიანი მაკარონი საშუალო ცეცხლზე შევათბოთ და საკმარისად რომ გაცხელდება დავუმატოთ რბილი ყველი. მოვაყაროთ ახალდაფქული პილპილი. ყველის მთლიანი თავი ამოვღრუტნოთ, შიგნით ჩავყაროთ მაკარონის ნახევარი, მოვაყაროთ თხის ყველის კუბიკები და თავზე მაკარონის მეორე ნახევარი მოვაყაროთ. 
ყველის მთლიანი თავი თუ არ გვაქვს, მაკარონის ნახევარი ჩავყაროთ ცეცხლგამძლე საცხობ ფორმაში, მოვაყაროთ თხის ყველი და თავზე მაკარონის მეორე ნაწილი მოვაყაროთ. თავზე ცოტაოდენი გახეხილი ყევლი კიდევ მოვაყაროთ და ღუმელში გრილის ქვეშ შევდგათ, სანამ ზევიდან მოყრილი ყველი არ გადნება და კრაწუნა არ გახდება. მივირთვათ ცხლადვე.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ჯეიმი ოლივერის მომაკვდინებელი ყველიანი მაკარონი

Approved by Natia Jinjolava


ჯეიმი ოლივერის მომაკვდინებელი mac’n’cheese
(8-10 პორციისათვის)
ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, 45 გრ კარაქი, 3 თავშედგმული ს/კ ფქვილი, 10 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 6 დაფნის ფოთოლი ცოცხალი, 1 ლ რძე, 600 გრ მაკარონი, 8 პამიდორი, 150 გრ გახეხილი ყველი ჩედერი, 100 გრ გახეხილი ყველი პარმეზანი, 2 ტოტი ქონდარა (thyme), 1 ს/კ ვორჩესტერის სოუსი სურვილისამებრ, 1 მწიკვი გახეხილი ჯავის კაკალი სურვილისამებრ, 1 მუჭა პურის ნაფხვნები, ზეითუნის ზეთი

დიდი ქვაბით დავდგათ მარილიანი წყალი ასადუღებლად. ცალკე ტაფაზე მაღალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი, ცეცხლი საშუალომდე დავუწიოთ და მორევა მორევით მოვხალოთ ფქვილი და ესეც თქვენი რუ მზადაა (კარაქში მოთუშულ ფქვილს რუ ქვია). დავუმატოთ ნიორი, და მისი ოდენობა ნუ შეგაშინებთ, ნიორი რუში იდეალურად დაკარამელდება. გავაგრძელოთ მორევა სანამ ნიორი იდეალურად არ გაოქროსფერდება. ჩავაყაროთ დაფნის ფოთლები და წვრილ ნაკადად დავიწყოთ რძის ჩათქვეფა - ერთგვაროვანი და ნაზი სოუსი უნდა გამოგვივიდეს. სოუსი დუღილამდე მივიყვანოთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე 5 წუთი ვადუღოთ - შიგადაშიგ ვურიოთ, რომ არ მიიწვას. ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ.
ადუღებულ წყალში მაკარონი ჩავყაროთ და მოვხრშოთ მაკარონის პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. მანამდე დავჭრათ პამიდორი და კარგად შევასუნელოთ მარილით და პილპილით. მზა მაკარონი გადავწუროთ და ეგრევე სოუსში გადავურიოთ. კარგად მოვურიოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. ჩავამატოთ გახეხილი ყველი, დაჭრილი პამიდორი, ქონდარას ფოთლები, ვორჩესტერის სოუსი და ჯავზის კაკალი. ახლა გავსინჯოთ და საჭიროების შემთხვევაში მარილი და პილპილი დავუმატოთ. მაკარონი ცოტა ზედმეტად სველი უნდა იყოს, სოუსი ღუმელში შეცხობის დროს შესქელდება, ამიტომ თუ საჭიროდ მიიჩნევთ, ცოტა ანადუღარი წყლით გაათხელეთ. მაკარონი ცეცხლგამძე მინის ან ფაიფურის გაშლილ, არც თუ მაინცდამაინც ღრმა ჭურჭელში გადავიტანოთ და ღულემში შევაცხოთ 30 წუთით, სანამ კარგად არ დაიბრაწება.
სანამ მაკარონი ცხვება, ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და პურის ნაფშვენები საშუალო ცეცხლზე ქონდარას ტოტთან ერთად დავბრაწოთ სანამ კარგი ოქროსფერი არ გახდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და პატარა ფიალაში ჩავყაროთ. მზა ყველიანი მაკარონი ცხლადვე მიირთვით - თავზე დაბრაწულ;ი პურის ნამცეცები მოაყარეთ და თან რომელიმე მწავენ და მსუბუქი სალათა მიაყოლეთ. 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მაკარონი ყველით გორდონ რამზისაგან

Approved by Natia Jinjolava


მაკარონი ყველით გორდონ რამზისაგან
(ოთხი პორციისათვის)
2 პატარა თავი ხახვი წვრილად დაჭრილი, 250 გრ მაკარონი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 100 გრ ნიყვი დარეცხილი, დამშრალი და თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი, 1 ტოტი ქონდარა (ქონდარი არა Thyme) ფოთლებგაცლილი, 75 მლ თეთრი ღვინო, 200 მლ ცხიმიანი ნაღები, 4 კვერცხის გული, 200 გრ სტიჩელტონური ან სტილტონური ყველი (Stichelton ან Stilton cheese), 100 გრ ყველი პარმეზანი, 1მუჭა წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, 25 გრ კარაქი, ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, ზეითუნის ზეთი

მაკარონი ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 7-10 წუთი დარბილებამდე. გადავწუროთ გადავავლოთ ცივი წყალი ზედმეტი სახამებლის მოსაშორებლად. დავაბრუნოთ ქვაბში და გადავდგათ გვერდზე.
პატარა ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავყაროთ სოკო და მოვთუშოთ გაოქროსფერებამდე, დავუმატოთ სულ ცოტა კარაქი და ქონდარას ტოტი, ცეცხლზე კიდევ ერთი წუთი გავაჩეროთ და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზედმეტი ზეთი ტაფიდან გადმოვწუროთ, მერე დავუმატოთ ხახვი და ვთუშოთ კიდევ 2 წუთი ხახვის დარბილებამდე. მოვასხათ ღვინო და ვთუშოთ სანამ ღვინო ნახევრამდე არ ამოორთქლდება, გადავდგათ ცეცხლიდან. ცალკე პატარა ქვაბში შევაცხელოთ ნაღები და დუღილამდე რომ მივა დავასხათ სოკოს, დავუმატოთ კვერცხის გულები, მწვანე ხახვი და პარმეზანი, კარგად მოვურიოთ და ჩავაფშვნათ სტილტონის ორი მესამედიც. 
მაკარონი გადავურიოთ ყველის და სოკოს სოუსში და კარგად მოვურიოთ. ორიოდე წუთით შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, ყველი ბოლომდე რომ გადნეს და დავუმატოთ პილპილი. ცეცხლგამძლე კერამიკის ან მინის ჭურჭელს წავუსვათ კარაქი და ჩავყაროთ მაკარონი. თავზე მოვაყაროთ დაფშვნილი დარჩენილი სტილტონის ყველისა და პარმეზანის ნარევი და დაახლოებით 15 წუთით შევდგათ გახურებულ ღუმელში, სანამ ზემოდან მოყრილი ყველი ოქროსფრად არ დაიბრაწება. მზა მაკარონი გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაჩეროთ 5 წუთი, მივირთვად ცხლად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ყვლიანი მაკარონი ლონდონის ცნობილი ფრანგული რეტორანი „Villandry“-ის მენიუდან

Approved by Natia Jinjolava


ყვლიანი მაკარონი ლონდონის ცნობილი ფრანგული რეტორანი „Villandry“-ის მენიუდან
2 პორცია
1 ს/კ კარაქი ან მარგარინი, 1 ს/კ ფქვილი, 200 მლ რძე, 50 გრ გახეხილი ყველი ჩედერი ან გლაუჩესტერი და ცოტა კიდევ, 125 გრ უკვე მოხარშული და გადაწურული მაკარონი
პატარა ტაფაზე დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი ან მარგარინი. მოიკრიბეთ მოთმინება და კარაქი ძალიან დაბალ ცეცხლზე გაადნეთ, თორემ დაიწვება და გემო გაუფუჭდება. გამდნარ კარაქში ფქვილი დაუმატეთ და მოხალეთ. ძალიან წვრილ ნაკადად და ნელა დაუმატეთ რძე და მორევა მორევით გააკეთეთ ნაზი და ერთგვაროვანი სოუსი "რუ".  დაუმატეთ მარილი და პილპილი. ცეცხლი სულ ცოტათი მოუმატეთ, მაგრამ სოუსს ნუ აადუღებთ. გახეხილი ყველის ნახევარი სოუსში ჩაყარეთ და მორევა-მორევით გაადნეთ. 
ყველი როგორც კი გადნება,  ცეცხლი სულ ცოტათი კიდევ მოუმატეთ და სოუსი დუღილამდე მიიყვანეთ. 1 წუთი ადუღეთ (შიგადაშიგ მოურიეთ), მერე ცეცხლი დაუწიეთ და ცოტა ხანი თუშეთ, თან ურიეთ ხოლმე. დაუმატეთ მაკარონი, კარგად მოურიეთ, 2 პატარა საკოკოტეში გადაიტანეთ, თავზე დარჩენილი გახეხილი ყველი მოაყარეთ და გახურებული გრილის ქვეშ (ანუ ღუმელი ზევიდან აანთეთ) შედგით, სანამ ყველი ბუშტებს არ გაიკეთებს და არ გაოქროსფერდება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Mac’n’Cheese კარბონარას სოუსით

Approved by Natia Jinjolava


ბობი ფლეი
წლების წინ, ძალიან მიკვირდა ხოლმე ამერიკულ კინოში კარგი დიასახლისები სიამაყით რომ აღნიშნავდნენ, ყველიანი მაკარონის გაკეთება მეხერხებაო. კულინარიაში რომ გავერკვიე, მხოლოდ მერე შევიტყვე, რომ მათი ყველიანი მაკარონი, ჩვენსას და მით უმეტეს, ჩემი ბავშვობისას, სულ არ გავს - მხოლოდ სახელი აქვთ ერთი. ჯერ მოხარშულ, ცალკე სოუსმონადუღებ და მერე ღუმელში შემცხვარ საკმაოდ მსუყე და ძვირიან მობრაწულას არაფერი საერთო არ აქვს ჩვენებური სტუდენტის ოდესღაც წყალგადავლებულ და მერე გახეხილ ყველ მოყრილ იაფიან კერძთან. დღეს სახელგანთქმული ამერიკელი მზარეულის და „Bar American“-ისა და „Mesa Grill“-ის  მეპატრონის, ბობი ფლეის ყველიანი მაკარონის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელმაც კულინარიულ შეჯიბრში, „Throwdown! with Bobby Flay“ გაიმარჯვა.

Macaroni and Cheese Carbonara
(4 პორცია)
კარაქი გამოსაცხობ ფორმაზე წასასმელად, 1 ს/კ ზაეითუნის ზეთი, 1 2,5 სმ-ის სისქის პანჩეტას (იტალიური ლორი) ნაჭერი პატარა კუბიკებად დაჭრილი, 4 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 3 ს/კ ფქვილი, 5 ჭ რძე ცხელი, 4 დიდი ზომის კვერცხი მსუბუქად ათქვეფილი, 2 ჩ/კ წვრილად დაჭრილი ქონდარას (thyme) ფოთლები, ½ ჩ/კ კაიენის (ანუ ცხარე) წიწაკა, 2 ჭ გახეხლილი ყველი Asiago და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, 1 ½ ჭ გახეხილი ირლანდიური თეთრი ჩედერი და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, 1 ½ ჭ გახეხილი ამერიკული ჩედერი (Goot Essa ან Mountain Valley) და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, 1 ჭ გახეხილი დაძველებული ყველი ფონტინა და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, ½ ჭ ახალგახეხილი ყველი პარმეზანი და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, კოშერული მარილი და ახალდაფქული პილპილი, 500 გრ მაკარონი მოხარშული ალ დენტე, ½ ჭ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები

გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. 25X25 სმ-ზე და 5 სმ-ის სიღრმის ცეცხლგამძლე საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და გადავდოთ გვერდზე. დიდი ზომის სქელძირიან, მაღალბორტიან ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავყაროთ პანჩეტა და ვთუშოთ სანამ არ დაიბრაწება, დაახლოებით 8 წუთი. გაოქროსფერებული პანჩეტა ნაჩვრეტებიანი კოვზით ამოვიღოთ და ქაღალდის ხელსახოცდაფენილ თეფშზე დავყაროთ, ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწრიტოს. ტაფაზე დარჩენილ ცხიმში ნიორი დავყაროთ და გაოქროსფერებამდე ვხალოთ დაახლოებით 1 წუთი. მოვაფქრვიოთ ფქვილი და კიდევ 1-2 წუთი ვხალოთ. მოხალულ ფქვილში ჩავათქვიფოთ ცხელი რძე, ცეცხლს ავუწიოთ და სანამ არ შესქელდება შეუწყვეტლივ ვურიოთ, დაახლოებით 5 წუთი. ჩავათქვიფოთ კვერცხები, კარგად გადავურიოთ და კიდევ 1-2 წუთი ვხარშოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ქონდარა, კაიენის წიწაკა და ყველანაირი ყველი დავუმატოთ და ვურიოთ სანამ ყველი არ გადნება. დავუმატოთ მარილი და პილპილი. სოუსი ძალიან თუ შეგვისქელდა, ცოტა რძე კიდევ გავაცხელოთ და ¼ ჭიქა ჩავათქვიფოთ (თუ საჭირო იქნება, ისევ გავიმეოროთ პროცედურა). უკვე მოხარშული მაკარონი დიდ ჯამში ჩავყაროთდა მოვასხათ ყველის სოუსი, დავუმატოთ პანჩეტა, ოხრახუში და კარგად გადავურიოთ. გადავიტანოთ გამზადებულ საცხობ ფორმაში. დარჩენილი (აი, ის ცოტა მეტი რომ გვქონდა თავზე მოსაყრელად) ყველი ერთამენთში ავურიოთ და მაკარონს თავზე მოვაყაროთ. ღუმელში შევდგათ და ვაცხოთ სანამ კერძი კარგად არ გათბება და თავი ოქროსფრად არ დაებრაწება დაახლოებით 12-15 წუთი. გამოვიროთ, 10 წუთი „დავასვენოთ“ და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი