Macaroni Cheese - მაკარონი ყველით

Approved by Natia Jinjolava


მაკარონი ყველით ჩვენს ბლოგზე მოხვედრილი მორიგი ბრიტანული კლასიკაა, რომელიც აიტაცეს და დაისაკუთრეს ამერიკელებმა და რომელსაც, დასახელების გარდა ბევრი საერთო ნამდვილად არ აქვს ქართული გაგებით ყველიან მაკარონთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უბრალო და ყველაზე  მარტივი კერძია. ამ კერძის რამდენიმე ძალიან კარგი ვარიანტი უკვე შემოგთავაზეთ სახელგანთქმული მზარეულების რეცეპტების კოლექციებიდან, დღეს კი მისი ლამის შედევრამდე აყვანილი ვერსიის ჯერიც დადგა, მოკლედ:

ყველიანი მაკარონი ჰესტონ ბლუმენტალისაგან
(4 პორციისთვის)
200 გრ მაკარონი, ½ ჩ/კ მარილი, 15 მლ ტრიუფელის ზეთი, 300 მლ მშრალი თეთრი ღვინო, 300 მლ თბილი ქათმის მუქი ბულიონი, რომელიც 20 წუთი ჩასხმული იყო ბერკსუელური ყველის თავში, 80 გრ სპინვუდური ყველი  (Spenwood cheese) გახეხილი, 10 გრ სიმინდის ფქვილი, 80 გრ რბილი ყველი (cream cheese), პილპილი, 15 გრ კუბიკებად დაჭრილი თხის ყველი, ბერკუელური ყევლის (Berkswell cheese) მთლიანი თავი

გავაცხელოთ გრილი (ანუ ღუმელი ზევიდან ავანთოთ). ცეცხლზე შემოვდგათ 400 მლ წყალი, ჩავყაროთ მარილი და მაკარონი და მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე. ვხარშოთ მაკარონის მოხარშვამდე და წყლის ამოორთქლებამდე. მაკარონს ტრიუფელის ზეთი მოვასხათ და მოვურიოთ.
პატარა ქვაბში ჩავასხათ ღვინო და მაღალ ცეცხლზე ვადუღოთ სანამ ღვინო 30 მლ-მდე არ ამოორთქლდება. ჩავუმატოთ თბილი ბულიონი. გახეხილ ყველში სიმინდის ფქვილი გადავურიოთ და ღვინოს და ბულიონს დავუმატოთ. ვურიოთ სანამ ყველი ბოლომდე არ გადნება და მერე მოვასხათ მაკარონს და კარგად გადავუერიოთ. ყველიანი მაკარონი საშუალო ცეცხლზე შევათბოთ და საკმარისად რომ გაცხელდება დავუმატოთ რბილი ყველი. მოვაყაროთ ახალდაფქული პილპილი. ყველის მთლიანი თავი ამოვღრუტნოთ, შიგნით ჩავყაროთ მაკარონის ნახევარი, მოვაყაროთ თხის ყველის კუბიკები და თავზე მაკარონის მეორე ნახევარი მოვაყაროთ. 
ყველის მთლიანი თავი თუ არ გვაქვს, მაკარონის ნახევარი ჩავყაროთ ცეცხლგამძლე საცხობ ფორმაში, მოვაყაროთ თხის ყველი და თავზე მაკარონის მეორე ნაწილი მოვაყაროთ. თავზე ცოტაოდენი გახეხილი ყევლი კიდევ მოვაყაროთ და ღუმელში გრილის ქვეშ შევდგათ, სანამ ზევიდან მოყრილი ყველი არ გადნება და კრაწუნა არ გახდება. მივირთვათ ცხლადვე.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment