სპაგეტი ხახვით

Approved by Natia Jinjolava


ამ კერძის ჯერ სათაურმა და მერე ინგრედიენტებმა შეიძლება ძალიან დაგაბნიოთ, მაგრამ ვისაც მოხრაკული ხახვი გიყვართ, მერწმუნეთ - გამორჩეულად გემრიელი და არომატული საჭმელია. მომზადების პროცესში სახლში კარაქში დაბრაწულუ ხახვის და მაკარონის ისეთი არაჩვეულებრივი სუნი დგება, შეიძლება სადარბაზოში შემთხვევით ჩავლილმა მეზობლებმაც შემოგაკითხონ. თან საკმაოდ ადვილად და მალე მზადდება, თუმცა ასევე  ადვილად და სწრაფად იჭმევა. უბრალოდ, ერთი რამე მაგითვალისწინეთ: სწორედ ამ სიმარტივიდან გამომდინარე, აუცილებლად კარაქზე უნდა გააკეთოთ, თორემ მერე არც სუნია ბოლომდე არაჩვეულებრივი და არც გემო. და, კიდევ ერთი, ყველაზე გემრიელი მაინცდამაინც სპაგეტი გამოდის, რატომღაც სხვა მაკარონის ფორმას ვერ იხდენს.

სპაგეტი ხახვით
(მორიგი კერძი მამიდაჩემის საფირმო რეცეპტებიდან)
1 პაკეტი სპაგეტი (500 გრ), 4-5 საშუალო თავი ხახვი, 50 გრ კარაქი (შეიძლება ცოტა მეტიც), 2-3 ს/კ შაქარი, მარილი გემოვნებით

დიდი ქვაბით დავადგათ წყალი ასადუღებლად. ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად. ტაფა გავახუროთ, დავაგდოთ კარაქი და ხახვი დავბრაწოთ გაოქროსფერებამდე. ხახვს შიგადაშიგ ვურიოთ და უკეთესი ეფექსტისთვის 1 ს/კ შაქარიც გადავურიოთ. ზოგადად კერძებისთვის ხახვის დაბრაწვა თუ არ არის რეკომინდირებული, ამ რეცეპტში რაც უფრო გაყავისფრდება ხახვი მით უკეთესია, მაგრამ ბოლომდეც ნუ დაანახშირებთ. ხახვის ოდენობაც ნუ შეგაშინებთ, რაც უფრო მეტია ხახვი, მით უფრო გემრელია კერძი, თან დახვრაკვისას ზომაში საგრძნობლად იკლებს. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ბლომად მარილი და მოვხარშოთ სპაგეტი. მოხარშული მაკარონი გადავწუროთ და ტაფაზე გადავურიოთ ხახვისა და კარაქის სოუსში. დავუმატოთ მარილი და შაქარი გემოვნებით. რაც შეეხება შაქარს, მისი მოყრაც ნუ შეგაშინებთ 2-3 ს/კ-ს თავისუფლად იმატებს -კერძი აღმოსავლური საჭმელების სტილში, ერთდროულადაა მარილიანიც და ოდნავ მოტკბოც. შაქარი თითო-თითო კოვზად დაამატეთ და მისი დოზა თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ, ვის რამდენად ტკილი გესიამოვნებათ, თუმცა მარილის გემოც უნდა იგრძნობოდეს.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Martla shokoladi

    ვაიმე, მომშივდა! :)

Post a Comment