სტაფილოს ტორტი შვეიცარიულად

Approved by Mary Poppins


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სტაფილოს ტორტს მთელ მსოფლიოში მიირთმევენ, მისი ათასმდე სახეობა არსებობს და საკმაოდ გემრიელიცაა. რასაკვირველია, სტაფილოს ტორტი მოხარშული ან თუნდაც ნაღების კრემით მორთული ჰაეროვანი საოცრება ვერ იქნება და უფრო კექსის ტიპის ნამცხვარია, მაგრამ საკმაოდ უხდება ჩაის და განსაკუთრებულად აქტუალური აღდგომის პერიოდში ხდება.

სტაფილოს ტორტი შვეიცარიულად
26 სმ დიამეტრის ბისკვიტისთვის: 7 კვერცხის გული, 300 გრ შაქარი, თითო-თითო მწიკვი მარილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი, 2 ს/კ ალუბლის ლიქიორი, 200 გრ გახეხილი სტაფილო, 120-120 გრ დაფქული თხილი და გაფცქვნილი ნუში, 50 გრ საფანელი (დაფქული ორცხობილა), 50 გრ ფქვილი, 0,5 ჩ/კ სოდა, 5 კვერცხის ცილა;
სარკალასთვის: 200 გრ შაქრის პუდრა, 2-2 ს/კ ალუბლის ლიქიორი და ლიმონის წვენი;
მოსართავად: 50 გრ მოხალული ნუშის ფანტელი, 200 გრ მარციპანი, 50 გრ შაქრის პუდრა, ცოტაოდენი წითელი და ყვითელი ტორტის საღებავი, რამდენიმე ცალი ბუსტუღი (ფსტის კაკალი); კარაქი ტორტის ფორმის დასაცხიმად
ტორტის გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი. ღუმელი გავახუროთ 190°C-მდე. კვერცხის გულები, 200 გრ შაქარი, მარილი, დარიჩინი, მიხაკი და ალუბლის ლიქიორი კარგად ავთქვიფოთ. შევურიოთ ერთმანეთში გახეხილი სტაფილო, თხილი, ნუში, საფანელი, ფქვილში არეული სოდა და დავუმატოთ ათქვეფილ კვერცხის გულებს. ცალკე ჯამში ავთვიფოთ კვერცხის ცილები. ბეზე ფორმირებას რომ დაიწყებს ჩავათქვიფოთ დარჩენილი შაქარი და ძალიან ფრთხილად გადავურიოთ სტაფილოიან მასაში. ცომი ჩავასხათ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 45-55 წუთით. გამომცხვარი ბისკვიტი 24 საათი გავაჩეროთ.
შაქარი ლიმონის წვენთან და ალუბლის ლიქიორთან ერთად გავქნათ ჩანგლით (ნუ ათქვიფავთ) და სარკალა გადავასხათ კარგად გაცივებულ ბისკვიტს.
მარციპანს შევაზილოთ ცოტაოდენი ყვითელი და წითელი საღებავი შაქრის პუდრასთან ერთად (სტაფილოსფერი რომ გამოგვივიდეს) და გამოვძერწოთ 12 პატარა სტაფილო. სტაფილოებს ყუნწების მაგივრად ჩხირებად დაჭრილი ბუსტუღები ჩავურჭოთ და დავალაგოთ ტორტზე. ნუშის ფანტელი ტორტს გვერდებზე მოვაყაროთ და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment