"მინდა მალე გავიზარდო, მინდა გავხდე დიდი. ჩავჯდე მე იმ რაკეტაში მთვარესთან რომ მიდის. მიწას გმირად დავუბრუნდე, დედა გავახარო. აღარ მითხრან, ბიჭუკელა, რა პატარა ხარო!"

Approved by Natia Jinjolava


მამაჩემის ბავშვობისდროინდელ ფილმებს თუ დავუჯერებთ, ყოველი მეორე  საბჭოთა ბავშვი კოსმონავტობაზე ოცნებობა, ამერიკელი კი მეხანძრეობაზე. ვერაფერს იტყვი, ბავშვურად გულწრფელი და გმირის არეალით შებურული მშვენიერი მიზანია. დროთა განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რომანტიზმი სამოცი-სამოცდაათიანი წლების პრაგმატიზმმა შეცვალა და მომდევნო თაობების უმეტესობა უკვე ექიმობას ან ისტორიკოსობას უმიზნებდა - სადედამთილოების დიდ ნაწილს ექიმის გარდა, სხვა პროფესიის რძლის გაგონებაც არ უნდოდათ, წარატებული ისტორიკოსები კი როგორც წესი, რაიკომის მდივნის სავარძელს იკავებდნენ. ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე, კაპიტალიზმის სიომ როგორც კი დაგვიბერა დასავლეთიდან, ჩვენი ბავშვების არჩევანი სამ პროფესიამდე დავიდა: იურისტი ანუ ადვოკატი, ეკონომისტი ანუ ბანკირი და სტომატოლოგი - ღვთის წყალობით, ერთ ადამიანზე 32 კბილი მოდის. სულ რაღაც ხუთი წელია რაც ინფორმატიკასა და უცხო ენებსაც (მეტწილად ინგლისურსა) დავდეთ პატივი და ჩვენი თინეიჯერების უმრავლესობა აიტიშნიკობითა და დამტვრეული ინგლისურის წყალობით აპირებს თავის რჩენას - მოგეხსენებათ, დღესდღეობით  პროფესია მეორეხარისხოვანია, მთავარი ფულია.
მე კი მთელი ბავშვობა უსაქმურობაზე ვოცნებობდი... არა, კი არ ვოცნებობდი, უბრალოდ, ფუქსავატი ცხოვრება მომწონდა და სულ არ ვგეგმავდი არც კიბოს წამლის გამოგონებას და არც ჰიგსის ბოზონის აღმოჩენას. გარკვეული პერიოდი არქეოლოგობა მინდოდა, ოღონდ მტვერში ქექვა კი არა - სხვის გათხრილზე მისვლა და რაიმე წარწერის გაშიფრვა ან ნაპოვნის თარიღის დადგენა. როცა მივხვდი, რომ უპერსეპქტივო სურვილი იყო, თვალი რეალობას გავუსწორე და მდივნის პროფესიაზე დავფიქრდი. არა, ჩვენებური გაგებით მდივანზე კი არა, რომელიც „მალე იცვამს“, კლასიკურ მდივანზე - საწერ მაგიდასთან რომ ზის, ტელეფოსნ პასუხობს და უფროსს ყავას უდუღებს ხოლმე... წერილის დაბეჭდვას დაგავალებენ - დაბეჭდავ, დარეკვას დაგავალებენ - დარეკავ, პასუხისმგებლობა კი ნოლი, ნაზად უღიმი უფროსის კაინეტში შემსვლელ-გამოსმსვლელს და ხარ შენთვის...
აბა, რა გითხრათ? დაახლოებით 15 წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს და ყველგან ყავის მოდუღებაზე ბევრად მეტს მთხოვენ. გადაწყვეტილებების მიღებაც მიწევს, სხვებისთვის დავალებების მიცემაც და სხვისი გაფუჭებულის გასწორებაც და ამას დამატებული ბეჭდვაც, ტელეფონზე რეკვაც და საკუთარი თავისთვის ყავის მოდუღებაც. ჰო, თავი კიდევ იმითი შემიძლია ვინუგეშო, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ხან პრეს-მდივნის და ხან PR-მენეჯერის სახელს ვატარებს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ოცნების შინაარსი თუ ვერა, სათაური მაინც ავიხდინე. ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ დღეს მდივნის საერთაშორისო დღეა. ნამდვილი მდივნის მოვალებები და ფუნქცია კი ჩემი ოცნებისგან ბევრად განსხვავდება - ჭკვიან კაცს ცოლზე ჭკვიანი მდივანი უნდა ყავდეს. კარგად აწყობილი და ორგანიზებული ოფისი უკვე წარმატებული ბიზნესია და საერთოდ, ნუ დაგვავიწყდება, რომ მძღოლი და მდივანი, ეს ის ორი ადამიანია, რომელებმაც ჩვენი ცხოვრების ყველა საიდუმლო იციან.
ასე რომ, ჩემი დიდი მოწიწება და სულ პატარა შური ყველა ნამდვილ მდივანს, რომელმაც თავისი საქმე იცის: ანუ საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, უფროსის განრიგის შედგენა, დოკუმენაციის წარმოება, საჭირო ადამიანის ან ნივთის მიწიდან ამოღება და რასაკვირველია, გემრიელი ყავის მოდუღებაც.
დღევანდელ დღეს გილოცავთ, "კოლეგებო"!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment