Mac’n’Cheese კარბონარას სოუსით

Approved by Mary Poppins


ბობი ფლეი
წლების წინ, ძალიან მიკვირდა ხოლმე ამერიკულ კინოში კარგი დიასახლისები სიამაყით რომ აღნიშნავდნენ, ყველიანი მაკარონის გაკეთება მეხერხებაო. კულინარიაში რომ გავერკვიე, მხოლოდ მერე შევიტყვე, რომ მათი ყველიანი მაკარონი, ჩვენსას და მით უმეტეს, ჩემი ბავშვობისას, სულ არ გავს - მხოლოდ სახელი აქვთ ერთი. ჯერ მოხარშულ, ცალკე სოუსმონადუღებ და მერე ღუმელში შემცხვარ საკმაოდ მსუყე და ძვირიან მობრაწულას არაფერი საერთო არ აქვს ჩვენებური სტუდენტის ოდესღაც წყალგადავლებულ და მერე გახეხილ ყველ მოყრილ იაფიან კერძთან. დღეს სახელგანთქმული ამერიკელი მზარეულის და „Bar American“-ისა და „Mesa Grill“-ის  მეპატრონის, ბობი ფლეის ყველიანი მაკარონის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელმაც კულინარიულ შეჯიბრში, „Throwdown! with Bobby Flay“ გაიმარჯვა.

Macaroni and Cheese Carbonara
(4 პორცია)
კარაქი გამოსაცხობ ფორმაზე წასასმელად, 1 ს/კ ზაეითუნის ზეთი, 1 2,5 სმ-ის სისქის პანჩეტას (იტალიური ლორი) ნაჭერი პატარა კუბიკებად დაჭრილი, 4 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 3 ს/კ ფქვილი, 5 ჭ რძე ცხელი, 4 დიდი ზომის კვერცხი მსუბუქად ათქვეფილი, 2 ჩ/კ წვრილად დაჭრილი ქონდარას (thyme) ფოთლები, ½ ჩ/კ კაიენის (ანუ ცხარე) წიწაკა, 2 ჭ გახეხლილი ყველი Asiago და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, 1 ½ ჭ გახეხილი ირლანდიური თეთრი ჩედერი და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, 1 ½ ჭ გახეხილი ამერიკული ჩედერი (Goot Essa ან Mountain Valley) და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, 1 ჭ გახეხილი დაძველებული ყველი ფონტინა და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, ½ ჭ ახალგახეხილი ყველი პარმეზანი და კიდევ ცოტაოდენი თავზე მოსაყრელად, კოშერული მარილი და ახალდაფქული პილპილი, 500 გრ მაკარონი მოხარშული ალ დენტე, ½ ჭ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები

გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. 25X25 სმ-ზე და 5 სმ-ის სიღრმის ცეცხლგამძლე საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და გადავდოთ გვერდზე. დიდი ზომის სქელძირიან, მაღალბორტიან ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავყაროთ პანჩეტა და ვთუშოთ სანამ არ დაიბრაწება, დაახლოებით 8 წუთი. გაოქროსფერებული პანჩეტა ნაჩვრეტებიანი კოვზით ამოვიღოთ და ქაღალდის ხელსახოცდაფენილ თეფშზე დავყაროთ, ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწრიტოს. ტაფაზე დარჩენილ ცხიმში ნიორი დავყაროთ და გაოქროსფერებამდე ვხალოთ დაახლოებით 1 წუთი. მოვაფქრვიოთ ფქვილი და კიდევ 1-2 წუთი ვხალოთ. მოხალულ ფქვილში ჩავათქვიფოთ ცხელი რძე, ცეცხლს ავუწიოთ და სანამ არ შესქელდება შეუწყვეტლივ ვურიოთ, დაახლოებით 5 წუთი. ჩავათქვიფოთ კვერცხები, კარგად გადავურიოთ და კიდევ 1-2 წუთი ვხარშოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ქონდარა, კაიენის წიწაკა და ყველანაირი ყველი დავუმატოთ და ვურიოთ სანამ ყველი არ გადნება. დავუმატოთ მარილი და პილპილი. სოუსი ძალიან თუ შეგვისქელდა, ცოტა რძე კიდევ გავაცხელოთ და ¼ ჭიქა ჩავათქვიფოთ (თუ საჭირო იქნება, ისევ გავიმეოროთ პროცედურა). უკვე მოხარშული მაკარონი დიდ ჯამში ჩავყაროთდა მოვასხათ ყველის სოუსი, დავუმატოთ პანჩეტა, ოხრახუში და კარგად გადავურიოთ. გადავიტანოთ გამზადებულ საცხობ ფორმაში. დარჩენილი (აი, ის ცოტა მეტი რომ გვქონდა თავზე მოსაყრელად) ყველი ერთამენთში ავურიოთ და მაკარონს თავზე მოვაყაროთ. ღუმელში შევდგათ და ვაცხოთ სანამ კერძი კარგად არ გათბება და თავი ოქროსფრად არ დაებრაწება დაახლოებით 12-15 წუთი. გამოვიროთ, 10 წუთი „დავასვენოთ“ და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment