სააღდგომო ბატკანი

Approved by Mary Poppins


სააღდგომო ბატკანი ანუ კრავი ჩვეულებრივი კექსის ცომით ცხვება და მისი მთავარი თავისებურება ფორმაშია. ამიტომ, ბატკანს თავისი საგანგებო ფორმა უნდა. რომელიც, სქართველოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ევროპაში ყველგან იყიდება.
ინგრედიენტები 1 ბატკნისათვის (ანუ სტანდარტული ფორმისათვის): 150 გრ ფქვილი, 125 გრ შაქარი, 6 ს/კ რძე, 125 გრ კარაქი ან მარგარინი, 4 კვერცხი, 1 მწიკვი მარილი, 0,5 ჩ/კ სოდა, 6 წვეთი მწარე ნუშის ზეთი, 100 გრ გარჩეული ნუში, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, შაქრის პუდრა გამომცხვარ კექსზე მოსაყრელად
კარაქი ავთვიფოთ კრემივით, დავუმატოთ შაქარი, ვანილის შაქარი, მარილი. ჩავახალოთ კვერცხები და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ კრემისმაგვარ მასას არ მივიღებთ. გადავურიოთ ფქვილი და სოდა. დავუმატოთ დაჭრილი ნუში, ნუშის ზეთი და რძე. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ბატკნის გასახსნელი საცხობი ფორმა გულდაგულ დავცხიმოთ და მოვაყაროთ ფქვილიც, ზედმეტი ფქვილი დავფერთხოთ. ბატკნის ფორმა შევკრათ და დავდგათ საცხობ ფირფიტაზე. 
გამზადებულ ფორმაში ცომი ჩავასხათ სუფრის კოვზით რაც შეიძლება ფრთხილად და ბოლომდე ნუ გავავსებთ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 55 წუთი გაოქროსფერებამდე. გამომცხვარი ბატკანი ფორმაშივე შევაგრილოთ, მერე ფორმა გავხსნათ, კექსი გამოვიღოთ და ბლომად შაქრის პუდრა მოვაყაროთ.
დავდოთ ლამაზ ლანგარზე და მოვრთოთ შეღებილი კვერცხებით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

3 კომენტარი.:

  1. Anonymous

    gamzadebuli masa pormis 2ve maxres unda chavasxat???

  1. Mary Poppins

    სხვადასხვანაირი ფორმებია, იმისდა მიხედვით როგორი გაქვთ: 1. არის შესაკრავი ფორმები, რომელსაც ცომის ჩასასხმელი ხვრელი აქვს, ანუ ფორმას დაცხიმავთ, შეკრავთ და სპეციალური ნახვრეტიდან ჩაასხამთ ცომს. რომ გამოცხვება, ფორმას გახსნით და გამოიღებთ მზა კექსს. უფრო იშვიათად არის ფორმა რომელიც 2 ნაწილისგან შედგება და ნახევარ-ნახევარი ბატკანი ცალ-ცალკე ცხვება. ანუ ცომს ორივე ნახევარში ცალ-ცალკე ასხამთ, აცხობ და მერე ჯემით ან კერმით აწებებთ ერთამნეთზე.

  1. lia liako

    სად იშოვება ბატკნის ფორმები?

Post a Comment