სალათა „ალა პუტანესკა“

Approved by Mary Poppins


დღეს მორიგი სალათის გახსენება მოვინდომე და ჩემი არჩევანი საკმაოდ მხიარული და დამაინტრიგებელი სახელწოდების მქონე „პუტანესკაზე“ შევაჩერე, რომლის დასახელებაც ამავე სათაურის სახელგანთქმული სოუსიდან მოდის და რომლის მოსახელე სპაგეტიც საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
სოუსის და მისი სახელის წარმოშობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. დასახელებიდან გამომდინარე ზოგი თვლის რომ იგი ნაპოელეონის არმიის თანმხლები კურტიზანების და კოკოტების შემოქმედებაა, ზოგიკი მიიჩნევს, რომ სოუსს წმინდა იტალიური წარსული აქვს - მით უმეტეს, რომ მისი პირველი ხსენება 1961 წლის იტალიურ რომანში გვხვდება: „spaghetti alla puttanesca come il fanno a Siracusa“- ანუ „სირაკუზაში რომ აკეთებენი ისეთი სპაგეტი ალა პუტანესკაო“. თავად სოუსის (sugo alla puttanesca) ბევრნაირი ვარიანტი არსებობს, რომელიც როგორც წესი საკმაოდ მარილიანია (ანჩოუსების წყალობით), საკმაოდ ცხარეა (წიწაკის წყალობით) და საკმაოდ არომატულია (ნიორის წყალობით).

სალათა „ალა პუტანესკა“
(დაახლოებით 8-10 პორცია)
6 საშუალო ზომის პამიდორი ოთხად გაჭრილი, 1 საშუალო ზომის წითელი ბურგალური წიწაკა კურკაგაცლილი და წვრილად დაჭრილი, 1 ქილა (150 გრ) დამწნილებული არტიშოკის თავები გადაწურული და ოთხად გაჭრილი, 1 ჭ წვრილად დაჭრილი კიტრი, 2/3 ჭ წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, ½ ჭ კურკაგაცლილი და წვრილად დაჭრილი კალამატას ზეთისხილი, ½ ჭ მწვანე ჯუჯა წიწაკის მწნილი, 1/3 ჭ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 1/3 ჭ წვრილად დაჭრილი შაშკვლამის ან რეჰანის ფოთლები, 5 ანჩოუსის ფილე წვრილად დაჭრილი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 ს/კ წითელი ღვინის ძმარი, 2 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, ½ ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დაფქული კამის თესლი, ¼ ჩ/კ ხმელი ორეგანო, ¼ ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკის ფანტელები, ¼ ჩ/კ დაფქული პილპილი
დიდი ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ პამიდორი, ბულგარული წიწაკა, არტიშოკები, კიტრი, ხახვი, წიწაკის მწნილი, ოხრახუში, რეჰანი, ანჩოუსი და ზეთისხილი. ცალკე პატარა ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ზეითუნის ზეთი, ძარი, ნიორი, მარილი, კამის თესლი, ორეგანო, წიწაკა და პილპილი და კარგად ავთქვიფოთ. სოუსი მოვასხათ ბოსტნეულს და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.

სალათა „ალა პუტანესკა“ რეჩელ რეისაგან
(ცნობილი ამერიკელი კულინარის, რეჩელ რეის რეცეპტებიდან)
4 კარგად დამწიფებული დიდი ზომის პამიდორი (თესლგაცლილი და წვრილ კუბიკებად დაჭრილი), ½ წითელი ხახვი წვრილად დაჭრილი, 3 ს/კ კაპერსები, ½ ჭ კურკაგაცლილი და წვრილად დაჭილი კალამატას ზეთის ხილი, 6 ანჩოუსის ფილე წვრილად დაჭრილი, 1 დიდი კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 1/3 ჭ ოხრახუშის ფოთლები ძალიან წვრილად დაჭრილი, extra virgin ზეითუნის ზეთი მოსაწუწად, 12-15 შაშკვლამის ფოთოლი (დაახვიეთ რულეტივით და დაჭერით წვრილ ზოლებად), მარილი და პილპილი
პამიდორი, ხახვი, კაპერსი, ზეთის ხილი, ანჩოუსები, ნიორი და ოხრახუში საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ. მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი (დაახლოებით 1-2 ს/კ), მოვაყაროთ შაშკვლამი, მარილი და პილპილი და კიდევ ერთხელ გადავურიოთ.

სალათა „ალა პუტანესკა“ კარტოფილით
1,4 კგ კუბიკებად დაჭრილი წითელი კარტოფილი, 75 მლ extra virgin ზეითუნის ზეთი, 250 გრ წვრილად დაჭრილი ხახვი, 3 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 1 ჩ/კ დაფქული წიწაკის ფანტელები, ½ ჩ/კ ხმელი ორეგანო, 4 ანჩოუსის ფილე წვრილად დაჭრილი, 125 გრ წვრილად დაჭრილი ზეთში ჩამარინადებული პამიდორის ჩირი, 3 ს/კ გადაწურული და წვრილად დაჭრილი კაპერსები, ½ ჭ კურკაგაცლილი და წვრილად დაჭრილი ზეთისხილი, 75 მლ თეთრი ღვინის ძმარი, 1/3 ჭ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები
დიდი ზომის ქვაბში, მარილიან წყალში ვხარშოთ კარტოფილი დარბილებამდე (დაახლოებით 10 წუთი). გადავწუროთ და ჩავყაროთ დიდი ზომის ჯამში. ცალკე ტაფაზე საშუალო ცეცხლზე გავახუროთ ზეთი და მოვთუშოთ ხახვი სანამ გამჭვირვალე არ გახდება, დაახლოებით 8 წუთი. ჩავუმატოთ ნიორი, წიწაკა, ორეგანო და ანჩოუსები და ვურიოთ სანამ ნიორი არ გაოქროსფერდება. ჩავაყაროთ მზეზე დაჩირებული პამიდვრები, ზეთის ხილი და კაპერსები, კიდევ 1 წუთი ვთუშოთ. ჩავასხათ ძმარიც. ცხელი სოუსი მოვასხათ კარტოფილს და კარგად გადავურიოთ. გასინჯეთ, წესით მარილი არ უნდა დაჭირდეს (ანჩოუსები, კაპერსები და პამიდორები მარილიანია, კარტოფილიც კი მარილიან წყალში მოიხარშა). საჭიროების შემთხვევაში მარილი დაუმატეთ. სალათი 2 საათი გააჩერეთ ან თავსახური დააფარეთ და 24 საათით მაცივარში შედგით.
და ბარემ სოუსიც მივაყოლოთ, ეგებ ვინმეს მაკარონი ალა პუტანესკას გაკეთება მოგინდეთ:
სოუსი პუტანესკა მაკარონისათვის
(გამოდის დაახლოებით 4 ჭიქა)
¼ ჭ ზეითუნის ზეთი, 1 ჭ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, 6 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 2 ქილა (800გრ) დაკონსერვებული მოგრძო ფორმის პამიდორები, 1 ჭ (კარგად სავსე), კურკაგაცლილი და შუაზე გაჭრილი კალამატას ზეთისხილი, 2 ს/კ ტომატ-პასტა, 2 ს/კ გადაწურული კაპერსები,  2ს/კ (დაახლოებით 8 ცალი) წვრილად დაჭრილი ანჩოუსის ფილე, ½ ჩ/კ დაფქული ხმელი შაშკვლამი, ½ ჩ/კ დაფქული ცხარე წიწაკის ფანტელები, მარილი
(სოუსის ეს ოდენობა საკმარისია 1 პაკეტი (500 გრ) მაკარონისათვის)
დიდი ტაფაზე საშუალო ცეცხლზე გავახუროთ ზეთი, ჩავყაროთ ხახვი და ვთუშოთ სანამ გამჭვირვალე არ გახდება (დაახლოებით 6 წუთი). დავუმატოთ ნიორი და ვთუშოთ კიდევ 2 წუთი. დავასხათ პამიდორები, ჩავაყაროთ დანარჩენი ინგრედიენტები და დაახლოებით 40 წუთი დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ (სანამ სოუსი არ შესქელდება). გავსინჯოთ და საჭიროების შემთხვევაში მარილი ან წიწაკა და ვუმატოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment