Scotch Egg ანუ კვერცხი შოტლანდიურად

Approved by Natia Jinjolava


მაგრად მოხარშული კვერცხის საკმაოდ გემრიელი ვერსიის ავტორები შოტლანდიელები გახლავთ, რომლებმაც მოიფიქრეს და უბრალოდ მოხარშულ კვერცხს გარედან ჯერ სოსისის ფარში შემოაკრეს, მერე ათქვეფილ კვერცხში ამოავლეს, დაფქულ ორცხობილაში ამოგანგლეს და ზეთში კარგად დაბრაწეს. ასეთი კვერცხი განსაკუთრებული პოპულარულობით ლუდის პაბებსა და პიკნიკებზე სარგებლობს, მისი უკვე გამზადებული და ცელოფანში გახვეული ვარიანტები კი სუპერმარკეტებში იყიდება.
ბრიტანეთის თითქმის ყველა კუთხეში აქვთ შოტლანდიური კვერცხის საკუთარი ვერსია: მანჩესტერულ კვერცხს ღორის ხორცის ფარშში გახვეულს წვავენ, ლანკაშრულს სისხლიანი ძეხვის ფარშში გახვეულს, ვორჩესტერულს - ჯერ ვორჩესტერის სოუსის მარინადში დებენ და მხოლოდ მერე ბრაწავენ ადგილობრივი ძეხვის ფარშში გახვეულს. ერთი სიტყვით, მთავარი იდეაა და დანარჩენს ყველა თავისი გემოვნებით აკეთებს.

Scotch Egg - კვერცხი შოტლანდიურად
4 დიდი ზომის კვერცხი, 275 გრ ძეხვის ფარში (შეგიძლიათ ცელოფნიანი სოსისები „გამოშიგნოთ”), 1 ტოტი ქონდარას (thyme) ფოთლები, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 1 ტოტი მწვანე ხახვი ძალიან წვრილად დაჭრილი, მარილი და ახალდაფწული პილპილი, 125 გრ მარილ და პილპილგარეული ფქვილი, 1 ათქვეფილი კვერცხი, 125 გრ დაფქული ორცხობილა, ზეთი კვერცხების დასაბრაწად
კვერცხები ცივწყლიან ქვაბში ჩავალაგოთ, შემოვდგათ ცეცხლზე,  როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და ზუსტად 9 წუთი ვადუღოთ. კვერცხებს გამდინარე ცივი წყალი გადავასხათ და გავფცქვნათ. ძეხვის ფარშში (შეგიძლიათ ძეხვის ან სოსისის სახეობა საკუთარი გემოვნებით აირჩიოთ. არჩეული ძეხვი გაფცქვენით მაგარი კანისაგან და შიგთავსი ცომივით მოზილეთ, თუ საჭიროა დააბლენდერეთ კიდეც) გადავურიოთ ქონდარას ფოთლები, ოხრახუში, ხახვი და დავუმატოთ მარილი და პილპილი. პილპილს ნუ დაიშურებთ. 
ფარში ოთხ ნაწილად გავყოთ და თითოეული ნაწილი დაახლოებით 12,5 სმ-ის დიამეტრისა და 5 მმ-ის სისქის ოვალებად გავაბრტყელოთ ფქვილიანი ხელებით, ფქვილიან დაფაზე (ცომივით). მარილიანი და პილპილიანი ფქვილი თეფშზე დავყაროთ და კვერცხები ამოვგანგლოთ. მერე კვერცხი გაბრტყელებულ ფარშზე მოვათავსოთ და ფარში ირგვლივ კარგად შემოვაკრათ. ოთხივე კვერცხი გავამზადოთ. ფარშიანი კვერცხები ჯერ ათქვეფილ კვერცხში ამოვავლოთ და მერე დაფქულ ორცხობილაში კარგად ამოვგანგლოთ. სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ ბლომად ზეთი (ტაფაზე დაახლოებით 2 სმ-ის სიმაღლეზე რომ იდგეს). გახურებულ ზეთსი ფრთხილად ჩავალაგოთ კვერცხები და ყველა მხრიდან მუქ ოქროსფრამდე დავბრაწოთ (დაახლოებით 8-10 წუთი). გამზადებული კვერცხები რამდენიმე ფენად გაკეცილ ქაღალდის ხელსახოცზე ამოვალაგოთ (ზედმეტი ზეთი რომ დაიწრიტოს) და გაგრილებული მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment