მაკარონი გუფთით - Pasta with Meetballs

Approved by Mary Poppins


დღეს ჩემი და ამერიკელების საყვარელ კერძზედ - გუფთებიან მაკარონზე მოგახსენებთ, თუმცა ჭეშმარიტი ამერიკელებისგან განსხვავებით, მე დაბრაწულ გუფთებს მაკარონის გარეშედაც კარგად გეახლებით.
ერთი სიტყვით, ერთ პაკეტ მაკარონზე:
გუფთებისთვის: 500 გრ შერეული ფარში (საქონელი და ღორი), პილპილი და მარილი, ფქვილი ამოსაგანგლავად და ზეთი დასაბრაწად.
სოუსისთვის: 4-5 საშუალო ზომის პამიდორი კანგაცლილი, 2 საშუალო ზომის ხახვი წვრილად დაჭრილი,  2 საშუალო ზომის სტაფილო გათლილი და წვრილად დაჭრილი, 1-2 წითელი ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭრილი,2 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 1 ს/კ ძმარი ბალზამიკო, მარილი, პილპილი, ზეთი.

ფარში შევამარილ-შევაპილპილოთ და დაახლოებით კაკლისხელა პატარა ბურთულები დავაგორგოლაოთ ცივ წყალში დასველებული ხელით (ფარში რომ არ მოგვეკროს). ფარშში შეგიძლიათ დაუმატოთ სულ მეგრული ხმელი სანელებლების ნარევი ხარჩოსთვის (ბაზარში ამ სათაურიტ იყიდება). ამოვგანგლოთ ფქვილში და ძალიან გახურებულ ტაფაზე კარგად დავბრაწოთ ყველა მხრიდან. დაბრაწული გუფთები ტაფიდან გადმოვალაგოთ თეფშზე და ხორცის დანაბრაწ ცხიმში (საჭიროების შემთხვევაში ზეთი დავუმატოთ) მოვთუშოთ ხახვი. თან ვურიოთ, რომ არ მიიწვას. მოვასხათ ბალზამიკო და ჩავუმატოთ სტაფილო. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და 2 წუთი ვთუშოთ, დავუმატოთ პილპილი და მარილი. ბოლოს ჩავუმატოთ დაჭრილი პამიდორი, კარგად გადავურიოთ, რომ წამოდუღდება (პამიდორი წყალს გაუშვებს), სოუსში ჩავალაგოთ გუფთები და დაახლოებით 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ.
მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავწუროთ, დავყაროთ დიდი ზომის ლანგარზე და ზევიდან გუფთებიანი პამიდორის სოუსი მოვასხათ. ვჭამოთ ცხლად.
ჭამის წინ ზემოდან გახეხილ ყველ პარმეზანს თუ მოაყრით, მთლად გადასარევი და ოკეანისგადაღმური იქნება, მაგრამ უყველოდაც არაჩვეულებრივია!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment