ქართული სამომხმარებლო ბაზრის მსხვერპლი

Approved by Mary Poppins


მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სიახლეს ადვილად ვეგუები და ვუღებ ალღოს, ზოგადად, სტაბილურობის მომხრე ვარ - წლიდან წლამდე ერთი და იგივე ფირმის კოსმეტიკას, პარფიუმერიას და პირადი ტუალეტის საგნებს ვხმარობ. რომელიმე ბრენდის კალგოტკა ან შამპუნი თუ მომეწონა და მოვირგე, აზრად აღარ მომდის სხვა გავსინჯო. ერთხელ არჩეულ სუნამოს, თბილისში სანამ შემოაქვთ, ერთგულად ვისხამ და მართლა ვერ ვხვდები როგორ შეიძლება რომელიმე არომატი იყოს მოდური. მით უმეტეს, რომ მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე, მთელ ქალაქს ერთი სუნი ასდის ხოლმე. ყოველი მორიგი კარგად გაპიარებული გუჩის „რაშისა“ და „ნაომი კემპბელის“ მერე, პირდაპირ გასაოცარია ჩვენი ძაღლები პოტრონს როგორ ცნობენ.  
ჩემს ინდუსტრიულ იდილიას ვერაფერი დაარღვევად, რომ არა თბილისელი დისტრიბიუტორები. საკმარისია, რომელიმე მარკა დავტესტო, მოვიწონო, რომ მთლიანად ქრება თბილისის მაღაზიებიდან. შეჩვევას და მოდუნებას ძლივს ვასწრებ, რომ ახლის ძებნა მიწევს. ეს ყველაფერი ასეთი საწუწუნოც არ იქნებოდა, მსგავის დეფიციტისა და გაურკვევლობის შედეგი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სახეზე რომ არ იყოს საქვეყნოდ გამოჭენებული.
უკანასკნელ პერიოდში თუ შეამჩნიეთ, რომ თბილისის სააფთიაქო ქსელებში თმის საღებავის არჩევანი კატასტროფულად შემცირდა? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ შავის და წიწილასავით ყვითელის გარდა, შუალედური ფერების შოვნა გმირობის ტოლფასია.  10 მაღაზია უნდა შემოიარო, რომ კონკრეტულ ფერს მიაგნო და არანაირი გარანტია არაა, რომ შემდეგი შეღებვისთვის დაგხვდება. მაგრამ ფერის არჩევა ნახევარი უბედურებაა - ცალკე გამოცანის საგანია, შენი აზრით ერთ ფერზე შეღებილი თმა გაშრობის მერე რა ფერზე დადგება.
ბოლო პერიოდში ზედმეტ ხლაფორთისა და წვალების თავიდან ასაცილებლად, ჩემი აზრით, ეშმაკობას მივმართე და ნეიტრალური და უპრეტენნზიო ფერის საღებავი შევარჩიე. ბედს შევეგუე, ყველა ამბიცია დავივიწყე და საკუთარ ნატურალურ ფერს - ღია ყავისფერს დავუბრუნდი. ნაადრევი აღმოჩნდა ჩემი სიხარული - საკუთარ ფაფარზე მრავალი ცდისა და ექსპერიმეტის შედეგად აპრობირებულმა ფირმამ დიზაინი და შეფუთვა შეცვალა. შედეგად, იგივე დასახელებისა და ნომრის საღებავმა, მოოქროსფრო-ყავისფრის ნაცვლად  კუნაპეტ შვად შემღება და დრაკულას საცოლეს დამამსგავსა - ჰელოუნი რომ იყოს, გრიმი აღარ დამჭირდეოდა. მე შენ გეტყვი, შავს გადაღებავ და გააღიავებ თუ უზამ რაემეს. გადახოტვრის ან პარიკის გარდა, ვერაფერი მიშველის.
სხვათა შორის, მსგავსი თავგადასავალი ადრეც გადამხდა. დაახლოებით 10 წლის წინ განვიზრახე, ქოჩორი წითლად გადამეღება და რაღაც ძალიან „დანავაროტკებული“, როგორც გამყიდველი და ეტიკეტი ირწმუნებოდა, ფნარგული ხნა შევიძინე. პირველმა მცდელობამ წარმატებულად ჩაიარა - არ გავწითლდი, მაგრამ ცუდიც არაფერი მომსვლია. როგორც რუსული ანდაზა ამბობს: „Дурная голова ногам покоя не дает“-ო და აქაოდა, ხნა თმას უხდებო, მიუხედავად უშედეგო ექსპერიმენტისა (მოგეხსენებათ არ შემღება), ჯიუტად წავეხეტე იმავე მაღაზიაში და ამჯერად ორი კოლოფი ზუსტად იგივენაირი ხნა წამოვიღე. რომ გავხსენი, შიგთავსი კი მეუცხოვა, ძალიან წააგავდა სააღდგომოდ დაჩეჩქვილი ენდროს ფესვებს, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ინსტრუქციის ყველა წესისდამიხედვით თავზე დავიტყეპე. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ შხაპი ჩავრთე და... ორსაათნახევარი სისხლივით წითელი წყალი გამდიოდა, წითლად შეიღება ჩემი დის ბავშვობისდროინდელ ნეკერმანულოცნებაახდენილი სააბაზანოს შავი კაფელი და აბაზანა, აბაზანის ონკანი და მე მთლიანად. ერთიანად მუქწითელზოლებ ტანხატულა გავხდი, სხეულის ყველა სახსარი და ნაოჭი წითლად დამეხაზა. ვერც მე ვიბრუნებდი ნატურალურ ფერს და არც ჩემი თმიდან გამდინარე წყალი თეთრდებოდა. თავი ჰიჩკოკის ფილმის გმირი მეგონა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საააბაზანოდან ვეღარასდროს გამოვიდოდი... საღებავთან ბრძოლისაგან ფიზიკურად დაქანცული და მორალურად განადგურებული, კვლავაც რუსული ანდაზის თანახმად: "Утро вечера медренее"-მეთქი და დასაძინებლად წავეხეტე. დილით ვარდისფრად ღუოდა ჩემი ნაწოლი თეთრეული. 
ერთი კვირის მანძილზე სამსახურში წითელი როლინგით დავდიოდი და ყურებს თმაში ვმალავდი. თანამშრომლები ეჭვის თვალით კი მათვალიერებდნენ, მაგრამ ჩემი სახის უცნაურ ფერს წითელი ტანსაცმლის ანარეკლს აბალებდნენ. ზუსტად ერთი კვირა ავსტრალიური ჩიტი კივივით ყოველ დასველებაზე წითელი წყალი გამდიოდა. მას მერე ნატურალური ხნა და ბასმა დავივიწყე და ქიმიაზე გადავედი, მაგრამ როგორც ხედავთ, აქაც არ მიმართლებს მაინცდამაინც.
ლამის თავი გადავიხოტრო და „ნაკლეიკები“ დავიკრა. მაგრამ ვინ იცის, ახლა არ ვარ დაინტერესებული და ვერ ვამჩნევ, თორემ როგორც კი „ნაკლეიკების“ სტილს შევარჩევ, ალბათ ისიც გაწყდება და მომიწევს ხოლმე მერე კინკრიხოს მოკაზმვა სახელდახელოდ ნაყიდი „სპაიდერმენებით“ ან „ბეტმენებით“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment