ფეტუჩინი (Fettucсine) გორგონძოლას სოუსით

Approved by Mary Poppins


Fettuccine
ვისაც ობიანი ყველი ჩემსავით გიყვართ, აუცილებლად მოგეწონებათ პასტა გორგონძოლას სოუსით. როგორც ნებისმიერი პასტის შემთხვევაში, მისი სახეობის არჩევა თქვენთვის მომინდვია, მაგრამ პირადად მე, ამ სოუსით ოდესღაც ფეტუჩინი გავსინჯე და ძალიან მომეწონა, თან ფეტუჩინი თავისი ზომითა და ფორმით, გორგონძოლას სოუსს ყველაზე მეტად შეეფერება და ჩვეულებრივი მაკარონისგან განსხვავებით, ბევრად უფრო საზეიმო ელფერი აქვს.
მოკლედ: 1 პაკეტი ფეტუჩინი - მოხარშეთ მაკარონის პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად მარილიან წყალში.
სანამ მაკარონი იხარშება სოუსის მომზადებას თავისუფლად მოასწრებთ. ყოველ 100 გრ ანუ 1 პორცია პასტაზე დაგჭირდებათ 80 გრ გორგონძოლა, 1ს/კ ზეთი, ნახევარი თავი ხახვი, 1 ს/კ რძე, 4 სალბის ფოთოლი, დაფქული ჯავზის კაკალი დანის წვერზე, 1 ს/კ ახალგახეხილი ყველი პარმეზანი
ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად, გორგონძოლა დავჭრათ კუბიკებად. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ხახვი მოვთუშოთ სანამ გამჭვირვალე ოქროსფერი არ გახდება (ნუ დავხრაკავთ), დავუმატოთ ყველი, რძე, ჯავზის კაკალი, სალბის ფოთლები (შეგიძლიათ დაუმატოთ დაფქული პილპილიც) და ვურიოთ დაბალ ცეცხლზე სანამ ყველი ბოლომდე არ გადნება. ტაფას თავსახური დავაფაროთ და გადავდგათ გვერდზე. მაკარონი რომ მოიხარშება, მაკარონი გადავწუროთ, ყველის სოუსი 2 ს/კ მაკარონის ნახარში წყალით გავაზაოთ, კიდევ ერთხელ შემოვდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე, კარგად მოვურიოთ. სოუსში ჩავყაროთ გადაწურული მაკარონი, კარგად გადავურიოთ, ცეცხლი გამოვრთოთ და 2 წუთი ტაფაზევე გავაჩეროთ (სოუსი მაკარონმა კარგად რომ შეიწოვოს), თეფშზე გადმოვიღოთ, პარმეზანი მოვაყაროთ და გემრიელად მივირთვათ.

ყოველი შემთხვევისთვის, სოუსი მეორე ვარიანტიც:
30 გრ კარაქი, 100 გრ ყველი გორგონძოლა, 100 გრ ნაღები, ახალდაფქული თეთრი პილპილი, 50 გრ გახეხილი პარმეზანი, მარილი, ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი პასტაზე მოსაწუწად
ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავყაროთ კუბიკებად დაჭრილი გორგონძოლა, ყველი რომ გადნება დავუმატოთ ნაღები, პილპილი, გახეხილი პარმეზანის ნახევარი და მარილი. ცოტა ხანი გავაჩეროთ ცეცხლზე (ნუ ავადუღებთ). მოხარშული მაკარონი გადავწუროთ, გადავურიოთ ცხელ სოუსში. თავზე მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და სასწრაფოდ მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment