ვალპურგას ღამე

Approved by Natia Jinjolava


30 აპრილიდან პირველი მაისის დამდეგს, ნაყოფიერებისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წარმართული დღესაწაული,  ვალპურგას (ვალპურგიის) ღამე დგება, რომდესაც ჰელოუინის მსგავსად, ალქაჯების ყველაზე დიდი შაბაში იმართება.
სხვათა შორის, ეს დღე, უკაცრავად, ღამე ბევრი სხვა ნიუანსითაც ძალიან გავს ჰელოუინს (ისევე როგორც ბელტეინსა და მაისის დამდეგს), ოღონდ ამ შემთხვევაში ზამთრის დადგომის ნაცვლად, გაზაფხულის შემოსვლას ზეიმობენ. შუა საუკუნეების გერმანიასა და სკანდინავიაში სჯეროდათ, რომ ვალპურგას ღამეს იქითა და აქეთა სამყაროებს შორის კარი იღეობოდა (ისევე როგორც 1 ნოემბრის ღამეს) და ალქაჯები წლის ყველაზე დიდ ნადიმს მართავდნენ. ცოცხზე და თხებზე გადამჯდარი გრძნეულები მთის მწვერვალებზე იკრიბებდოდნენ, ცეკვავდნე, ღრეობდნენ და დემონებთან და ეშმაკებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ. უწმინდურბისგან თავდასაცავად მთელ ევროპაში ჭიაკოკონობა ეწყობოდა და მთელი ღამის განმავლობაში კოცონები ენთო, შედეგად, ნადირიც (მაისის დადგომასთან ერთად ცხვრების საძოვარზე გამოდენის სეზონი იწყებოდა) და ალქაჯებიც ერთნაირად წარმატებულად ფრთხებოდა.
ვალპურგას ღამე პირველად შუა საუკუნეების დროინდელ ინკვიზიციის ოქმებშია მოხსენიებული, საყოველთაოდ ცნობილი კი გოეთეს რომანის წყალობით გახდა, როდესაც მეფისტოფელმა ფაუსტი ალქაჯების ყრილობაზე მიიყვანა.
დღესასწაულის სახელწოდება  მონაზონი წმინდა ვალპურგიის (იგივე ვალბურგა, ვალტპურდე, ვალპურგისი, ვაბური, ფალბური, ბუგა, გოდურჯი...) სახელთანაა დაკავშირებული. ვალპურგა სანამ მონაზონი გახდებოდა, ბრიტანელი დიდგვაროვნის, თუმცა რაღა დიდგვაროვანის, თავად  დასავლეთ საქსონიის ერთ-ერთი მეფის, რიჩარდის და წმინდა ბონიფაცეს დის, ვინის ოჯახში დაიბადა. სხვათა შორის, მისი ძმებიც, ვილიბალდიც და ვინიბალდიც, ორივე კანონიზირებული არიან. აი, ოჯახიც ამას ქვია! მოკლედ, რიჩარდი ვაჟიშვილებთან ერთად წმინდა მიწაზე მოსალოცველად გაემართა და თავისი 11 წლის ქალიშვილი უინბორის მონასტერში თავისი სიმკაცრით ცნობილ აბატესას მიაბარა. ვალპურგამ მონასტერში მთელი 26 წელი გაატარა და ლათინური ენა იმდენად კარგად შეისწავლა, რომ თავისი ერთი ძმის ცხოვრების ისტორია ინგლისურად თუ დაწერა, მეორე ძმის პალესტინაში მოგზაურობა თავანკარა ლათინუზე ჩამოაკიწკიწა. შედეგად წმინდა ვალპურგას ხშირად მოიხსენიებენ ინგლისისა და გერმანიის პირველ მწერალ ქალად. წმინდა ვალპურგა 748 წელს ინგლისიდან გერმანიაში  მონასტრის დასაარსებლად გაემგზავრა, გზაში კი ხომალდი ენითაუწერელ შტორმში მოხვდა. შეშინებული მონაზონი გემბანზე მუხლებზე დაემხო და ლოცვა დაიწყო თუ არა, ქარი ჩადგა და ზღვა დაწყნარდა. მეზღვაურებმა სასწაულის ამბავი გერმანიაში ჩაიტანეს და  მას მერე წმინდა ვაპლურგა მეზღვაურების მფარველად მიიჩნევა (როგორც ამბობენ, მისი სახელის მოხსენიება ზღვის ავადმყოფბის და შტორმის დროსაც შველის). ვალპურგა წლების ნამძილზე იყო მონასტრის წინამძღვარი, ძმის სიკვდილის შემდეგ ბავარიაში ცოტა ხანი მამათა ამონასტერსაც კი ხელმძღვანელობდა და სახელი მრავალრიცხოვანი სასწაულბით გაითქვა. 777 წლის 25 თებერვალს დედათა მონასტრის წინამძღვარი ჰაიდენჰაიმში გარდაიცვალა. წლები გავიდა და ვალპურგა და მისი სასწაულები ხალხს მიავიწყდა საბამ 100 წლის შემდეგ, აიშთადტის ეპისკოპოსმა ჰაიდენჰაიმის მონასტრისა და ეკლესიის აღდგენა არ განიზრახა. დაუდევარმა მშენებლებმა მონაზონის საფლავი გააოხრეს და ერთ მშვენიერ თუ საბედისწერო ღამეს ვალპურგას მრისხანე აჩრდილი ეპისკოპოსს გამოეცხადა... აბატესას ძვლები სასწრაფოდ  გადაიტანეს აიშტადტში და სწორედ 1 მაისს კლდეში გამოჭრილ ნიშაში დაკრძალეს. კლდიდან მალე სამკურნალო ზეთმა დაიწყო დენა. ვალპურგა სასწრაფოდ წმინდანად შერაცხეს და მისი ხსენების დღეებად 25 თებერვალი, 12 ოქტომბერი, 24 სექტემბერი და 1 მაისი დაადგინეს.
მაგრამ რა კავშირი აქვს ქრისტიან, კათოლიკე წმინდანს წარმართულ დღესასწაულთან? მისი სახელობის ეკლესიებში შემორჩენილ მრავალრიცხოვან ფრესკებს თუ დავაკვირდებით, ძალიან საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ: წმინდანის თავზე გამოსახული გვირგვინი მის სამეფო წარმოშობაზე მიგვითითებს, კვერთხი - იმაზე რომ ვალპურგა მონასტრის დამაარსებელი გახლდა. მაგრამ წმინდანის უკან გამოსახული მთები და მრავალწლოვანი ნეკერჩხლები აშკარად არ ჯდება თემაში -  ნეკერჩხალი წარმართული ღვთაება ფრიგიის სიმბოლოა, ცალკე მდგარი მთები კი მკვდრების სამყაროს ფორპოსტი. ასევე ძალიან ხშირია წმინდანის გვერდით ძაღლის გამოსახულება. როგორც ცნობილია, წმინდანს სიცოცხლეში არავითარი ძაღლი არ ყოლია. გერმანულ და სკანდინავიურ მითოლოგიაში კი ქალღმერთებს ხშირად ყავდათ დამხმარე ძაღები (მაგალითად: ფრიგია და ნეჰალენია). ერთ-ერთ ქალღმერთს „პუდელის დედასაც“ კი უწოდებდნენ. გარდა ამისა, ძაღლს ხშირად იყენებდნენ ბარაქისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ - კარგი მოსავალისათვის გერმანელები ძველ დროში ე.წ. ქარის ძაღლს ვინდჰაუნდსაც კი „კვებავდნენ“. ზოგიერთ ფრესკაზე წმინდანს ხელში სამკუთხედი სარკე უჭირავს, რაც პირდაპირ უკავშირდება წარმართულ ლეგენდას: თურმე ოდესღაც ერთი აპრილის მიწურულს ტყიდან ახალგაზრდა გოგო გამოვარდა, რომელიც მონადირეებს გაურბოდა და ხელში სარკე ეჭირა. სარკე კი მომავალს აჩვენებდა. გლეხმა გოგონა ხორბლის ძნაში დამალა და მონადირეებმა რომ გაიარეს, სარკეში დაინახა, რომ მის ყანაში თავთავები დილისთვის ოქროდ იქცა. ასე, რომ ქრისტიანი წმინდანების დიდი ნაწილის მსგავსად წმინდა ვალპურგაც ვერ გადაურჩა წარმართული თქმულებების გავლენას. კერპთაყვანისმცემლებისა და ქრისატიანების თქმულებები მორიგჯერ გადაიხლართა ერთამნეთში და ასე დაერქვა ალქაჯების ღამეს ვალპურგას ანუ ვალპურგიის სახელი.
ძველი მწერლები ვალპურგიის ღამეს ასე აღწერდნენ: ყოველი წლის პირველი მაისის ღამეს გორაზე ალქაჯები შაბაშს აწყობენ. წვეულებაში მაქციები და დიდი ხნის მკვდარი გარყვნილი ქალებიც მონაწილეობენ. ალქაჯები თავის საყვარლებთან - დემონებთან ერთად მოდიან. თავყრილობის წინამძღოლი სატანა, შავი ხის ტანითა და ადამიანის სახით გორის შუაგულში აღმართულ ქვის მაგიდაზე ან საზეიმო ტახტზე ზის. სტუმრები სატანას ამბორითა და მუხლმოყრით სცემენ თაყვანს. მერე კოცონისა და ჩირაღდნების შუქზე ღრეობა იწყება: ცხენის ხორცს პურისა და მარილის გარეშე ნთქავენ. სასმელებს კი ძროხის ჩლიქებიდან და ცხენის თავის ქალებიდან სვამენ. ქეიფის მერე უჩვეულო მუსიკის ქვეშ ცეკვას იწყებენ. მუსიკოსები ხეებზე სხედან და ჭიანურისა და ვიოლინოს ნაცვლად ხელში ცხენის თავისქალები უჭირავთ, სალამურის ნაცვლად კი უბრალო ჯოხს ან კატის კუდს ხმარობენ. დილას მათ ნაცეკვარზე მხოლოდ ჩლიქების ნაკვალებია დარჩენილი. ამბობე, მათ ცეკვას ადამიანი თუ შეესწრო, აუცილებლად ჩაითრევენ და დაღუპავენო, მაგრამ ღვთის სახელის ხსენებას თუ მოასწრებ, მთელი უწმინდურობა თვალის დახამხამებაში გაქრებაო. წვეულების ბოლოს თხას წვავენ და ალქაჯები მის ფერფლს ინაწილებენ. მერე სწორედ ამ ფერფლის  მეშვეობით თარსავენ და თვალავენ ადამიანებს. გარდა თხისა კიდევ, შავ ხარს და შავ ძროხას კლავენ. წვეულება ბოლოს ორგიით მთავრდება. გამთენიისას ცეცხლს აქრობენ, ცოცხებზე სხდებიან და მოუსავლეთისკენ მიფრინავენ.
ალქაჯების დღეს ბევრს აღარავის სჯერა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ღამეს თითქმის მთელ ევროპაში (განსაკუთრებით, გერმანიასა და სკანდინავიაში) ანთებენ უზარმაზარ კოცონს და ჭიაკოკონობას მართავენ. მაგალითად პრაღაში, ჩირაღდნებით მსვლელობას აწყობენ და ქუჩაში დანთებულ ცეცხლზე სარდელებს და კუპატებს ალქაჯის ფიტულთან ერთად ბრაწავენ და რაც შეიძლება მეტად ხმაურობენ - უწმინდურებს ხომ ხმაურის ეშინიათ.
სკანდინავიაში გაჩაღებული კოცონით ალქაჯების დაფრთხობის გარდა, გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში დაგროვებული ნაგვის განადგურების პრობლემასაც წყვეტენ და დესერტად სკანდინავიურ გრავლაკსს მიირთმევენ (მარილში, კამაში და შაქარში ჩამარინადებული ქაშაყი). ფინელებს გულწრფელად სჯერად რომ აპრილის ბოლო ღამეს, ზუსტად შუაღამისას ყველა მთის და გორაკის თავზე თითო გრძნეული მაინც ზის. ბავარიაში ამ ღამეს ერთმანეთს კბილის პასტით „პასტავენ“, ფეხსაცმლებიდან თასმებს პარავენ და სახლის შესასვლელ კარს უხსნიან მეზობლებს და სადმე მალავენ...
ცნობები ამ დღის აღნიშვნის თაობაზე (რასაკვირველია, სხვადასხვა სათაურით) მერვე საუკუნიდან გვხვდება. ეკლესიამ იბრძოლა-იბრძოლა და ვალპურგას ღამე საბოლოოდ ქრისტიანული ელფერით შემოსა და შეეგუა. ამჟამად ქრისტიანებიც და ნეო-წარმართებიც (დიახ, დიახ, ასეთებიც არიან) ამ დღესასწაულს ერთნაირი ხალისით აღნიშნავენ. ახალგაზრდობა იკრიბება - ცეკვავენ, მღერიან, ხალისობენ და ყოველგვარი წარმართული დატვირთვის გარეშე აღნიშნავენ გაზაფხულის საბოლოოდ დადგომას.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment