მჟაუნას სუპი ანუ მწვანე ბორში

Approved by Mary Poppins


როგორც იქნა მოვიდა მწვანილეულობის დრო, ჯერ, რა თქმა უნდა მხოლოდ სათბურის მოიპოვება, მაგრამ მაინც, გაზაფხულის სურნელს მონატრებულებს, ესეთიც სიამოვნებას გვანიჭებს. მოკლედ, ვამზადებთ მჟაუნას მსუბუქ წვნიანს, ანუ მწვანე ბორშს.
მთლიანი რეცეპტი გათვლილია სადღაც 2 -2,5 ლიტრიან ქვაბზე. სასურველია, 1 დღეზე მეტი არ შეინახოთ, სიმჟავისგან მწვანე ბორშში კარტოფილი „ქვავდება“.
წყალი - დაახლოებით  2ლ;
კარტოფილი 3-4 მსხვილი ან 5-6 საშუალო ზომის;
1 მსხვილი ან 2 საშუალო ზომის სტაფილო და ხახვი, შეიძლება პრასიც;
მჟაუნა  - 3-4 „თბილისური“ კონა;
ზეთი, ან კარაქი ან ნებისმიერი ცხიმი, თქვენი არჩევანით.
მწვანილი - მწვანე ხახვი და ნიორი, ოხრახუში ან კამა (რასაც მოიძიებთ საკუთარ მაცივარში);
ჭინჭარი - (სურვილისამებრ) -  მჟაუნას ნახევარი მოცულობა;
მარილი - გემოვნებით.
არაჟანი და ოთხად გაჭრილი მოხარშული კვერცხი, უკვე თეფშზე ჩასამასტებლად.

დაადგით ასადუღებლად წყლიანი ქვაბი, ამასობაში დააბლენდერეთ ან წვრილად დაჭერით ხახვი და სტაფილო და მოხრაკეთ ცხიმში. ადუღებულ წყალში ჩაუშვით კარტოფილი, ნახევრად, რომ მოიხარშება დაამატეთ მოხრაკული ბოსტნეული. კარტოფილი კარგად რომ მოიხარშება დაამატეთ დაჭრილი მჟაუნა (თუ ჭინჭარსაც უმატებთ, მაშინ ის 2-3 წუთით ადრე ჩაყარეთ, და გაითვალისწინეთ, რომ ჭინჭრისგან ნახარში ყავისფრდება). ძალიან ნუ დააქუცმაცებთ.  დაამარილეთ. როგორც კი ფერს შეიცვლის მწვანილი, დაუმატეთ მწვანე ხახვი, ნიორი, დაჭრილი მწვანილი. კერძი მზადაა.
უკვე თეფშზე დასხმული გააკეთილშობილეთ არაჟნით და მოხარშული კვერცხის ნაჭრებით. შეგიძიათ კვერცხი წვრილად დაჭრათ და მოაყაროთ, ყველაფერი თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.
რადგან მჟაუნა გავიხსენეთ, ბარემ კიდევ ერთი უბრალო სალათას შემოგთავაზებთ.  თავის დროზე მეგობრის დედამთილმა გამასინჯა, ინგრედიენტები - მჟაუნა, ნებისმიერი მწვანილი, რაც, მთავარია ქინძი, ამაშია მთელი ხიბლი. ყველაფერი წვრილად დაჭრილი, მარილი და მაიონეზი, ეს უკანასკნელი - გემოვნებით. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უზომოდ მომეწონა. თქვენც გასინჯეთ, მოგეწონებათ.


საუკეთესო სურვილებით იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment