დაწნული კალათა აღდგომის კვერცხებისთვის

Approved by Mary Poppins


საფუარიანი ცომისაგან სააღდგომო კალათის დაწვნას არქიტექტორის დიპლომი ნამდვილად არ ჭირდება, მაგრამ საკმაოდ მარჯვე ხელებს, დიდი მოთმინებას და სხარტ გონებას მოითხოვს, ამიტომ, სანამ მის გამოცხობას განიზრახავთ, საკუთარი შრომისმოყვარეობა და ძერწვა-კონსტრიუქტირებისადმი მიდრეკილება კარგად აწონ-დაწონეთ.
ინგრედიენტები: 1 კგ ფქვილი, 40 გრ საფუარი, 80 გრ შაქარი, ½ ლ თბილი რძე, 50 გრ კარაქი, 1ჩ/კ მარილი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, 3 კვერცხის გული, 200 გრ შაქრის პუდრა, კარაქი საცხობი ფირფიტის დასაცხიმად
მაგიდაზე დავყაროთ ფქვილი, გავუკეთოთ ჩაღრმავება,. ჩაღრმავებაში ჩავყაროთ შაქარი და საფუარი, დავასხათ თბილი რძე და 15 წუთი გავაჩეროთ. რძეზე საფუარის ბუშტები რომ გაჩნდება, დავუმატოთ მარილი, ლიმონის ცედრა, დარბილებული კარაქი და მოვზილოთ ცომი. კარგად დავაგუნდაოთ, ტილო გადავაფაროთ და ნახევარი საათი თბილ ოთახში გავაჩეროთ. 
კალათის დასაწნავი სქემა
ამოსული ცომი, კიედვ ერთხელ მოვზილოთ, კარგად ვაგორაოთ, ვაგუნდაოთ, ვწერლოთ და ვაწვალოთ (ეს ყველაფერი ცომს ძალიან უხდება), მერე დავაგუნდაოთ და ძერწვის საკმაოდ ხანგრძლივ და შრომატევად პროცესს შევუდგეთ.
დაგვჭირდება ორი ცალი საცხობი ფირფიტა. მიღებული ცომი გავყოთ 26 თანაბარ ნაწილად. 20 ნაწილისგან დავაგორგოლაოთ 35 სმ-ის სიგრძის ჟგუტები და სურათების მიხედვით მოვქოსვოთ კალათა. 17 სმ-ის დიამეტრის ცეცხლგამძლე მასალის ჯამს გარედან წავუსვათ კარაქი და გადაბრუნებულს, უკანა მხრიდან გადავაფაროთ ჩვენი მოქსოვილი ცომის ნაჭერი, კალათის ფორმა რომ გამოგვივიდეს ისე. ზედმეტი ცომები შემოვაჭრათ და დავამხოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე. გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გულები. 
ფეხი და სახელური
ცომის კიდევ ორი გუნდა გავაბრტყელოთ 40 სმ-ის ჟგუტებად, ერთმანეთზე გადავგრიხოთ, წავუსვათ ათვეფილი კვერცხის გულები, შევკრად წრედ და კალათის ამობურცულ მხარეზე დავამაგროთ (კალათის ფეხი გამოვა). შეგიძლიათ ფორმის უკეთესად შესანარჩუნებლად დაწნულას შიგნიდან ფოლგის რგოლი ჩაუფინოთ. 
ავიღოთ გრძელი მავთული, ნალის ფორმაზე მოვხაროთ კალათის სიფართეზე და მივცეთ კალათის სახელურის ფორმა. კიდევ ორი გუნდა გავაბრტყელოთ რაც შეიძლება გრძლად და ჩვენს მორკალულ მავთულს შემოვახვიოთ, მავთულის ბოლოებს მერე გამომცხვარ კალათაში ჩავარჭობთ და სახელურს ისე დავამაგრებთ. სახელური მეორე ცხიმწასმულ ფირფიტაზე დავდოთ და კვერცხი გადავუსვათ. 
დარჩენილი ორი გუნდისაგან გრძელი ჟგუტები დავაგორგოლაოთ, ერთმანეთზე გადავგრიხოთ და ჩვენს დამხობილ კალათას ირგვლივ, კიდეზე შემოვაკრათ, ბოლოები კარგად შევკრათ (მერე კალათის ბორტი რომ გამოვიდეს). წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ. კალათა გამოვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. ცხობის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ კალათის ნაწილებს პერგამენტის ქაღალდი გადავაფაროთ (რომ არ მიიწვას). კალათის სახელურს გამოსაცხობად 25 წუთი ეყოფა. 
შაქრის პუდრა მცირეოდენ წყალში ან ლიმონის წვენში გავქნათ და უკვე გამომცხვარ და გაგრილებულ კალათას აქა-იქ გადავუსვათ. კალათა ავაწყოთ სურათის მიხედვით და შიგნით წითელი კვერცხები ჩავალაგოთ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment