15.7.11
ჰარი პოტერი და სახელგანთქმული ბურ-ბურახი ანუ Butterbeer
Approved byჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება ქართველმა მთარგმნელმა Butterbeer-ს (სიტყვასიტყვით ნაღების ლუდი) ბურ-ბურახი რატომ უწოდა, მაგრამ ამაზე აღარ გავაგრძელებ - მე და პოლიმ ქართულ თარგმანებზე და მის კომიკურ თავისებურებებზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. თუმცა, ერთი პატარა ნიუანსი მაინც უნდა აღვნიშნო: ჯოან როულინგის წინგნი და შესაბამისად, მთელი ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო მთლიანად კელტურ (ევროპულ) მითოლოგიაზეა აგებული. ამიტომ მთარგმნელის თუ რედაქტორის ხელდასმით ლუდის ან თუნდაც ელის ნაცვლად (რაც დამეთანხმებისთ, ბრიტანეთის ერთ-ერთი სიმბოლოა) სლავური ბურახის გამოჩენა, ცოტა არ იყოს, წიგნის მთელ კონცეფციას არღვევს და მის მთარგმნელთა ჯგუფის უმეცრებაზე და საკითხში გაურკვევლობაზე მეტყველებს. თავის იმით მართლებაც, რომ ასე წიგნი ჩვენი მკითხველისთვის უფრო გასაგები გახდა - აბსურდია. ძალიან ეჭვი მეპარება საბჭოთა ბავშვობის არმქონე თინეიჯერებმა (ანუ ამ წიგნის ძირითადმა მკითხველებმა) ბურახის არსებობა საერთოდ იცოდნენ. ეს იცით როგორია? ქართველისთვის უფრო მისაღები იქნებაო და სათავგადასავლო წიგნებში კარიბის ზღვის მეკობრეებს იამაიკური რომის ნაცვლად ჭაჭა დავალევინოთ. და გარდა ამისა, ყველაფერი თუ გადმოვაქართულეთ, გარესამყარო და იმათი წეს-ჩვეულებები როგორღა უნდა გავიცნოთ?
მოკლედ, დღეს სახელგანთქმული ბურ-ბურახის (მაჟრიალებს ამ სიტყვაზე!) ფანებში ყველაზე პოპულარულ 5 რეცეპტს გთავაზობთ:
ბურბურახი N5
1 ლ ასათქვეფი ნაღები (ან ვანილის ნაყინი), ¼ ჭ კარამელის (ირისის) სიროპი, 1 ლ კრემ-სოდა (შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ვანილიანი ლიმონათით)
დიდი ჭიქები დაახლოებით ნახევარი საათით მაინც საყინულეში ჩააციეთ. ნაყინი, სიროპი და კრემ-სოდა კარგად ათქვიფეთ ბლენდერში. გაანაწილეთ ოთხ ჭიქაში. სურვილი თუ გექნებათ თავზე ათქვედფილი ნაღებით მორთეთ. მიირთვით კოვზით ან საწრუპავით.
ბურბურახი N4 (ცხელი ვარიანტი)
¼ ჭ დატკბილული ანადუღარი რძე, ¼ ჭ ირისის კარამელი, 2 ს/კ ოთახის ტემპერატურის ათქვეფილი კარაქი, 1 ½ ჭ კრემ-სოდა
რძე, კარამელის სიროპი და კარაქი ქვაბში ერთმანეთში ავურიოთ და მიკროტალღურ ღუმელში ერთი წუთის განმავლობაში გავაცხელოთ. გამოვიროთ და ვურიოთ კარაქის გათბობამდე. მანამდე კრემ-სოდაც შევაცხელოთ. კარაქიანი მასა 4 ჭიქაში გავანაწილოთ და ზემოდან შემთბარი კრემ-სოდა დავასხათ. მორთეთ ირისის კამფეტის ჩხირებით.
ბურბურახი N3 (ცხელი)
250 მლ კრემ-სოდა, 1 ს/კ კარაქი, ½ ჭ ირისის ფანტელები, ¼ ჭ ყავის თხევადი კარამელი
ირისის ფანტელები და კარაქი შევათბოთ და ერთმანეთში კარგად მოვურიო და კიდევ ერთხელ გავაცხელოთ. ჩავამატოთ ყავის სიროპი და ისევ გავაცხელოთ და გადავდგათ გვერდზე. გავაცხელოთ კრემ-სოდაც. კარაქისა და კარამელისაგან შესქელებული რძის მსგავსი კონსისტენციის მასა უნდა გვქონდეს მიღებული. კარამელიანი მასა გაცხელებულ კრემ-სოდაში გადაურიეთ და ცხლად მიირთვით.
ბურბურახი N2 (განსაკუთრებულად გემრიელია)
500 მლ დარბილებული ვანილის ნაყინი, 50 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი, 1/3 ჭ ლერწმის შაქარი, 2 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, ½ ჩ/კ დაფქული ჯავზის კაკალი (მუსკატის კაკალი), ¼ ჩ/კ დაფქული მიხაკი, 1 ლ ძალიან ცივი კრემ-სოდა
დარბილებულ კარაქში არეული სანელებლები ჩაათქვიფეთ ოდნავ შემდნარ ნაყინში და ისევ გაყინეთ. კრემ-სოდა სულ ოდნავ შეათბეთ (რომ გათბეს, მაგრამ გაზი შეინარჩუნოს). ჭიქებში გაანაწილეთ ნაყინი და ზემოდან კრემ-სოდა დაასხით. მიირთვით!
ბურბურახი N1
(ეს რეცეპტი „ფოქს ნიუსმა“ გამოაქვეყნა ჰარი პოტერის პარკის გახსნის შემდეგ და ყველაზე მეტად ჰგავს ორიგინალს, ოღონდ ამისთვის მაქსიმალურად უნდა გააციოთ)
1 ჭ ლერწმის შაქარი, 2 ს/კ წყალი, 6 ს/კ კარაქი, ½ ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი, ¾ ჭ ცხიმიანი ნაღები, ½ ჩ/კ რომის ექსტრაქტი და 1,5 ლ კრემ-სოდა (ანუ ვანილიანი ლიმონათი)
პატარა ქვაბში საშუალო ცეცხლზე ერთმანეთში აურიეთ შაქარი და წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ხშირ-ხშირად მოურიეთ სანამ ცოტათი არ შესქელდება. ჩაურიეთ კარაქი, მარილი, ძმარი და ნაღების ¼. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. როცა გაცივდება, ჩაასხით რომის ექსტრაქტი. საშუალო ზომის ქვაბში ერთმანეთში აურიეთ დარჩენილი ნაღები და 2 ს/კ ლერწმის შაქარი. მიქსერის დახმარებით ათქვიფეთ შესქელებამდე (დაახლოებით 2-3 წ).
შაქრიანი მასა გაანაწილეთ 4 მაღალ ჭიქაში, თითქმის თავამდე აავსეთ კრემ-სოდით და თავზე მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.
ახლა ჩვენი კლუბის ანუ გაქართულებული ვარიანტი (და რადგან ჩვენი კლუბისაა, მოდით რა ნაღების ლუდი დავარქვათ!):
1 ჭ ლერწმის შაქარი, 2 ს/კ წყალი, 6 ს/კ კარაქი, ½ ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი, ¼ ჭ ცხიმიანი ნაღები, 200 მლ ვანილის ნაყინი, ½ ჩ/კ რომის ექსტრაქტი და 1,5 ლ „ნაღების ლიმონათი“.
ყველამ კარაგდ უწყის რომ კარამელის ხარშვისას კარაქის ჩამატებით, ირისს ვღებულობთ, რაც თავისთავად ძალიან გემრიელია და ამიტომ ირისის რეცეპტი პირდაპირ ზედა ვარიანტიდან გადმოვიღოთ: „პატარა ქვაბში საშუალო ცეცხლზე ერთმანეთში აურიეთ შაქარი და წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ხშირად მოურიეთ სანამ ცოტათი არ შესქელდება. ჩაურიეთ კარაქი, მარილი, ძმარი და ნაღები“(ნაღები შეგიძლიათ საერთოდ ამოაგდოთ). კარამელის მასა რომ გაგრილდება, შეურიეთ ოდნავ დარბილებულ ნაყინში. ნაყინი გაანაწილეთ ოთხ ჭიქაში და თავზე დაასხით ნაღების ლიმონათი. ვისაც გიყვართ, შეგიძლიათ ქაფზე დარიჩინი მოაყაროთ და ბავშებისთვის თუ არ გინდათ ცოტა კონიაკი, რომი ან ყავის ლიქიორი ჩაუმატოთ.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
1 კომენტარი.:
Post a Comment