Pêches Melba (მელბას ატამი)

Approved by Mary Poppins


მე-19 საუკუნის სახელგანთქმული საოპერო მომღერლის ნელი მელბას არაჩვეულებრივი „ყინულოვანი“ ხმა (ასე შეარქვებს მის ტემბრს მელომანებმა), გრამოფონების არსებობისდა მიუხედავად არ შემოინახა და, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მისი სახელი დღეს ოპერაზე მეტად მის საპატივცემულოდ შექმნილ სახელგანთქმულ დესერტ „მელბას ატამს“ უკავშირდება.
მეფეთა კულინარმა და კულინართა მეფემ, ოგიუსტ ესკოფიემ „მელბას ატამი“ პირველად ლონდონში, სასტუმრო „სავოის“ რესტორანში მოამზადა. სასტუმრო ახალგახსნილი გახლდათ და იმდროინდელი ტექნოლოგიების ბოლო მიღწევებით იყო აღჭურვილი, თანაც კოვენტ-გარდენთან ახლოს მდებარეობდა და ბრიტანეთში გასტროლებზე მყოფი პრიმადონა ყოველთვის იქ ჩერდებოდა.
„მელბას ატმის“ შექმნის ისტორია კონკრეტულად ვაგნერის ოპერაში „ლეონგრინი“ ელზას პარტიასთანაა დაკავშირებული. ეს როლი ნელი მელბამ პირველად 1890 წელს შეასრულა და იმთავითვე მაყურებლის უზარმაზარი აღტაცება დაიმსახურა. თავად ესკოფიე კი ამ ფაქტს ასე იხსენებს: „მელბას ატამი „კარლტონის“ მენიუში მხოლოდ 1899 წელს შევიტანე, მაგრამ მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მომღერლისთვის უკვე ვამზადებდი, რომელიც მაშინ ელზას პარტიას ასრულებდა „ლეონგრინში“. ერთ-ერთი წარმოდგენის დროს ორკესტრანტებს შორის დაჯდომა შემომთავაზა. მეორე დღეს მადამ მელბა ჩვენს რესტორანში რომ მოვიდა, გადავწყვიტე მადლიერების ნიშნად, მისთვის რაიმე განსაკუთრებული მომემზადებინა. პირველი მოქმედებიდან ზღაპრული გედის სამახსოვროდ დესერტი ატმისა და ვანილის ნაყინისაგან შევქმენი, რომელიც შაქრის პუდრის ფენით იყო დაფარული, ვერცხლის თასში იდო და ყინულისგან გამოჭრილი გედის კუდით იყო მორთული. დესერტმა გამაოგნებელი ეფექტი მოახდინა და მადამ მელბა ჩემი შემოქმედებით აღფრთოვანდა. ერთხელაც, პარიზში სასტუმრო „რიცში“ შეხვედრისას, ამ სამახსოვრო საღამოზე წამოიწყო ჩემთან საუბარი. ჩემმა გამოგონებამ წარმატებას სწრაფად და დიდი ხნით მიაღწია. აგერ უკვე 27 წელია, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ამზადებენ. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ თავდაპირველ რეცეპტში ცვლილებები შეაქვთ. „მელბას ატამი“ ძალიან მარტივი დესერტია მწიფე ატმებით, ვანილის ნაყინით და ჟოლოს პიურეთი. რეცეპტში სულ პატარა ცვლილებაც კი მისი გემოს დელიკატურ თანაფარდობას არღვევს. ხშირად ჟოლოს პიურეს მარწყვის მარმელადით ან წითელი მოცხარის ჟელეთი ცვლიან. ეს კი გემოსაც მთლიანად ცვლის. ან ატამს რთავენ ათქვეფილი ნაღებით. მსგავსი ექსპერიმენტების შედეგებს საერთო არაფერი გააჩნიათ თავდაპირველ  რეცეპტთან, რამაც, ეჭვი მეპარება, გაახაროს ამ კერძის ჭეშმარიტი დამფასებლები“.
                                                                        
მელბას ატამი
ორიგინალური რეცეპტი ოგიუსტ ესკოფიეს მემუარებიდან - 6 ულუფა


„ავიღოთ 6 მწიფე ატამი. ამ კერძისათვის ყველაზე უკეთ მონტროს ატმები გამოდგება. ატამი რამდენიმე წამით მდუღარე წყალში დავფუფქოთ, შემდეგ კი ასევე რამდენიმე წამით ყინულიან წყალში ჩავყაროთ. კანგაფცქვნილ ნაყოფს ცოტა შაქრის პუდრა მოვაყაროთ და ცივ ადგილას მოვათავსოთ. შემდგომ, საჭიროა 1 ლ საუკეთესო ვანილის ნაყინი და კარგად ათქვეფილი 250 გრ ჟოლოსა და 150 გრ შაქრის პუდრისაგან მომზადებული მუსი.
ვანილის ნაყინით ავავსოთ ვეცხლის თასი, ზემოდან ფრთხილად მოვათავსოთ ატამი და მოვასხათ ჟოლოს პიურე. ნუშის სეზონზე ნუშის რამდენიმე ფირფიტითაც მოვრთოთ“.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment