ჩიჟი პიჟი, ანუ კვერცხი პამიდორით

Approved by Natia Jinjolava


დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული რიტმი მოითხოვს არამარტო აჩქარებულ გადაადგილებას და თავდაუზოგავი შრომის ტემპის მომატებას, არამედ უარის თქმას ბევრ სულ ცოტა ხნის წინ ერთის მხრივ ხელშეუხებელ ტრადიციებზე. მაგალითად, საოჯახო სადილზე. სადღაა ყოველდღიურად სრული შემადგენლობით შეკრებილი ოჯახები, სადაც დიასახლისი ყველა წესის დაცვით მიართმევს  კომპლექსურ (I, II და დესერტი) სადილს? ხალხი გადასულია სწრაფ კვებაზეასა და  სუპერმარკეტის მზა კერძებზე.
 ამიტომ გთავაზობთ  გაიხსენოთ კლასიკად ქცეულ „კვერცხი პომიდვრით ანუ ჩიჟი-პიჟი“. (აბა, ასეთი იოლი, სწრაფი და ნოყიერი სადილის სერიოზული „სწავლა“ გაგონილა)?
აიღეთ გარეცხილი პომიდორი (1 დიდი  ან 2 მომცრო პომიდორი 1 ულუფაზე), დამდუღრეთ და გააცალეთ კანი ან უბრალოდ ძალიან თხლად, დანით აათალეთ კანი და დაკუწეთ როგორც მოგიხერხდებათ ისე (ტაფაზე ერთ ზომაზე დაჭრილი კუბიკების სილამაზე არ გამოჩნდება),  ჩაყარეთ კარგად გახურებულ ცხიმინ ტაფაზე (ცხიმის არჩევანი თქვენზეა, კლასიკური ვარიანტი კარაქზე მზადდება), იქვე დააფარეთ თავსახური (იქაურობა რომ არ დაიშხეფოს) და რამდენიმე წუთი  (3-5 წ.) მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე, მოაყარეთ მარილი. სანამ მზადდება, ათქვიფეთ კვერცხი 2-3 ცალი პორციაზე, დაამატეთ მარილი, პილპილი (თუ გიყვართ) და ჩაუძახეთ პომიდვრიან ტაფაზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ დააფაროთ თავსახური, დატოვოთ ცეცხლზე 3-4 წუთი და ერთიან ომლეტად გადმოიღოთ თეფშზე, შეგიძლიათ სულ ურიოთ და ამერიკულ ყაიდაზე მომზადებულ კვერცხს მიიღებთ.
ვარიაცია ამ კერძისა უამრავია.  შეგიძლიათ დაამატოთ სეზონურად ცოტაოდენი  ბულგარული წიწაკა პომიდორთან ერთად, ნებისმიერი ძეხვეული, სოკო, მოხრაკული ბადრიჯანი. ზემოდან, თითქმის მზას,როგორც ბევრ კერძს დააყარეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანე ხახვი ან ნებისმიერი თვქენთვის სასურველი მწვანილი.
დანარჩენი სახეცვლილება დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს ფანტაზიასა და  თქვენივე მაცივრის არსენალზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი გამოგივათ. სადილი ხომ ცეიტნოტშიც აუცილებელია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

1 კომენტარი.:

  1. Unknown

    კარგი კერძია.მადლობა👍

Post a Comment