„მეზვრე“, „მიკირტანი“ და მდინარე „თერძი“

Approved by Natia Jinjolava

მოგეხსენებათ, კომფორტი მიყვარს, თავის შეწუხება კი არა. ამიტომ ახალ წელს სტუმრად, სხვის გამზადებულ სუფრაზე ვხვდები ხოლმე. თუმცა, როგორც ტრადიციების დიდად მოყვარული, სახლს ყველა წესისა და რიგის მიხედვით ვრთავ და ისე ვტოვებ.  ნაძვის ხეს ჯერ კიდევ 20 დეკემბრისთვის ვაწყობ, ვკიდებ წლების მანძილზე საგულდაგულოდ შეგროვებულ სათამაშოებს, წითელ-ყვითელ ნათურებიან მოციმციმე გირლიანდას, თავზე უზარმაზარ ხუთ ქიმიან ვარსკვლავს ვადგამ. დიახ, დიახ! არ მოგესმათ, ხუთ ქიმიან ოქროსფერ ვარსკვლავს. ტრადიციის თანახმად, ნაძვის ხეს თავზე სწორედ ასეთი ვარსკვლავი უნდა ედგას, იმ პოლარული ვარსკვლავის სიმბოლო, მოგვებს გზას რომ უნათებდა ბეთლეემისაკენ. საქართველოში ერთადერთი ადამიანი მეგულება ნაძვის ხის დადგმას რომ მასწრებს: საქართველოს პრეზიდენტი. ნაცნობ-მეგობარ-ოჯახის წევრებში პირველი  ვარ. მოკლედ, 31-ში სახლს ვალაგებ, წინდაწინ შეძენილ ტკბილეულს ვაზებში ვაწყობ, ბარაქისთვის მოხარშულ კვერცხს ვაშლთან და თხილთან ერთად ნაძვისხის ქვეშ ვათავსებ, გირლიანდებს ვანთებ და საჩუქრებით დატვირთული ჩანთით სტუმრად მივეშურები.
წელსაც ასე მოვიქეცი. საახალწლოდ მოკააზმულ სახლს სიამაყით თვალი გადავავლე, აკვარიუმში თევზს თითი დავუქნიე ჭკვიანად მოიქეცი-თქო, დამდეგი ახალი წელი მივულოცე და კარგი გამოვიხურე. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მივემგზავრებოდი, გზამ კი ფიქრი იცის, გასულ წელს გადავხედე...
რომალელები თვლიდნენ, რომ იანვარი შესანიშნავი დროა დრომოჭმული და ექსპლუატაციის ვადაგასული, უვარგისი ჩვევებისა და ადამიანების გადასაგდებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად. საწუწუნო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ჩავფიქრდი, რამეს ხომ არ შევცვლიდი-თქო. ტიბეტელების ერთი შესანიშნავი ტრადიცია გამახსენდა. ახალ წელს იანვრის ბოლოს ხვდებიან  და ცომისგან ფიგურებს ძერწავენ, რომლებშიც მათი რწმენით დემონები სახლდებიან და რამდენიმე დღის განმავლობაში თaყვანს სცემენ. ახალი წლის დადგომის წინ ეს ფიგურები სოფლიდან გააქვთ და გზაჯვარედინზე ტოვებენ.  ამ მოქმედების არსი შემდეგში მდგომარეობს: ერთის მხრივ, გასული წლის განმავლობაში დაგროვებული უარყოფითის შეფასება და  აღიარება ხდება,  მეორეს მხროვ, ფგურების სოფლის ტერიტორიიდან გატანით ხაზი ესმება, რომ ცუდის ადგილი მათ გვერდით აღარაა.
რომ არ მოგატყუოთ, 2010 წელს ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით ტრანზიტით აღმოჩენილი რამდენიმე ადამიანის ფიგურას სიამოვნებით გავაკეთებდი და გზაჯვარედინზე კი არა, ბევრად შორსაც, ასეთივე სიამოვნებით დავტოვებდი. სადმე უღრან ტყეში, ჩემი სახლისკენ გზა რომ ვეღარ გამოეგნოთ... ისე, კარგი იდეაა, ბლოგის კოლექტივს უნდა შევთავაზო, თვის ბოლოსთვის შევიკრიბოთ, ცომისგან (ფქვილი, მარილი და წყალი) არასასურველი ნაცნობებისა და მოვლენების  სასაცილო სიმბოლური ფიგურები გამოვძერწოთ და სადმე შორს დავსხათ. გულწრფელად გეტყვით, ერთი წამითაც კი არ მჯერა, რომ ამას რამე შედეგი მოყვება (მე მაგალითად, მეზობელი მყავს, მისი ფიგურის გადაგდება კი არა, სულ რომ გავასახლო აქედან, მაინც არაფერი ეშველება), მაგრამ გულს ხომ გადავაყოლებთ და კარგა გვარიანადაც ვიხალისებთ... თავად ძერწვის პროცესი იქნება ცალკე სიამოვნება.
სხვათაშორის, ძველი ეგვიპტელები მტრის სიფათს ფეხსაცმლის ძირზე ახატავდნენ და რომ დადიოდნენ, სიმბოლურად თელავდნენ... არც ეს არის მთლად ურიგო ტრადიცია - ნებისმიერი ფსიქოლოგი დამეთანხმება, ერთმანეთისთვის თავ-პირის დამტვრევას ასე გულის მოფხანა არ სჯობია?
"მეზვრე"
ამ ფიქრებში მივედი კიდეც დანიშნულების ადგილას. არაჩვეულებრივი საღამო გავატარე. დიასახლისი ჩემი ახლობელია, დაბადებით ხუთოსანი, უგზო-უკვლოდ ნაკითხი, ექიმი... უმცროსმა შვილმა ფილოლოგობა გადაწყვიტა და უნდა გენახათ როგორ ამაყობდა, კითხვა უყვარს, უწიგნური არ იქნებაო.  შრაშან ნაძვის ხესთან დასადგამად ნაქსოვ სვიტრსა და ქუდში გამოწყობილი სასაცილო თოვლის კაცი (снеговик-ი) იყიდა, რომელსაც შვილმა „მეზვრე“ შეარქვა. სათამაშოს სახელი ისე მოუხდა, „მეზვრეს“ ყველა იცნობს. ჰოდა მეუბნება, ჩემს სტუდენტ შვილს „მეზვრე“ რომ სახელი გონებია თუ იციო. გოგომ ეგ რა არის, მე „მიკიტანიც“ კი გამიგონიაო. აბა, მაშინ თერძიც გეცოდინება-თქო. ცოტა ხანი დაფიქრდა: „ვიცი, როგორ არა, ეგ მდინარეა“-ო! გულიანად რომ ვიცინეთ, მერე გვითხრა, მე რას დამცინით, კურსზე ერთი გოგო გვყავს, სრული დაფინანსებით, „პირწავარდნილი“ ტუჩებგამობზეკილი ადამიანი გონიაო...
ახალ წელს ბაჭიასთან ერთად შევხვდი (ამაზე ცალკე მოგიყვებით), მეკვლედ ისევ ბანჯგვლიანი და შავი მამაკავი მყავდა, მისის დაუთფაიერის მიბაძვით გამზადებული სურვილებიანი კონვერტი ჯერაც ჩემი ნაძვის ხის ქვეშ დევს... მოკლედ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ახალი წლის გულის მოსაგებად და ოჯახში ბარაქისა და სიკეთის შემოსატყუებლად. ხვალ ბლოგერავტორებს ველოდები ახალი გეგმებით, ახალი იმედებით, ახალი იდეებით...
ჰო, კიდევ, დედიკო რუ: დაპირებული „მარტინი“ და ლიმონი არ დაგავიწყდეს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment