ავსტრიელი პატარძლების საგამოცდო ტესტი - შტრუდელი

Approved by Natia Jinjolava

ისევ ავსტრიიდან და ისევ ავსტრიულ დესერტებზე გწერთ. აბა, აქედან ისე როგორ წავიდე, შტრუდელი რომ არ გაგასინჯოთ? რატომღაც (მცდარად!) ითვლება, რომ ეს ნამცხვარი წელიწადის ცივ დროს და დილით ყავასთან ერთად უნდა მიირთვათ, მაგრამ დამიჯერეთ, ერთხელ თუ გასინჯავთ, მის ჭამაზე უარს არც ვახშამზე იტყვით და არც ზაფხულში.. მით უმეტეს, რომ გონიერმა და წინდახედულმა ავსტრიელებმა (მათ სხვებიც შეეშველნენ) იმდენნაირი რეცეპტი გამოიგონეს, ჩამოთვლასაც ვერ აუვალ. ერთს ვიტყვი, რომ შტრუდელი ტკბილიც არსებობს (ალუბლის, გარგრის, ჩირის, კენკრის, ხაჭოს და სხვ.) და მარილიანიც (კარტოფილის, კომბოსტოს, სოკოს, ხორცის და ა.შ.), კლასიკურ ვარიანტად კი ვაშლის შტრუდელი ითვლება. სწორედ ასეთი „კლასიკურ“ და ამავე დროს, ყველაზე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ (მე, მოგეხსენებათ, სამზარეულოში დიდხანს ტრიალი მაინცდამაინც „არ მეხერხება“ - ბევრ საქმეს და დროის უქონლობას ვიმიზეზებ, სინამდვილეში კი ყველაფერი ყველაფერი თანდაყოლილი სიზარმაცის ბრალია. ერთი სიტყვით, უპირატესობას მარტივ რეცეპტებს ვანიჭებ).
მაშ ასე, ინგრედიენტები:
ცომისთვის: 250-300გ ფქვილი, 1 კვერცხი, 2ჩკ ზეითუნის ზეთი, 0,5ჩკ ძმარი, 100მლ ანადუღარი წყალი, მარილი.
სატენისთვის: 1კგ ვაშლი (ტკბილ ვაშლს ერიდეთ!), 100გ კარაქი, 100გ ქიშმიში, 250გ შაქარი, 100გ ნიგოზი, 100გ საფანელი (ვისაც სიტყვა გეუცხოვათ: დაფხვნილი ორცხობილა), ლიმონის მეოთხედი, დარიჩინი (გემოვნებით), ვანილიანი შაქრის პუდრი.
მომზადების წესი: კვერცხს დავუმატოთ მარილი, წყალი, ზეითუნის ზეთი, გაცრილი ფქვილი და ცომი მოვზილოთ. ცომს კარაქი წავუსვათ და გვერდზე გადავდოთ.
ვაშლებს გული ამოვაცალოთ, თხელ სიგრძივ ნაჭრებად დავჭრათ და ოდნავ შევბრაწოთ კარაქწასმულ ტაფაზე. შეგრილებულ ვაშლის ნაჭრებს დავამატოთ შაქარი, დარიჩინი, გარეცხილი ქიშმიში, წვრილად დაჭრილი ნიგოზი და ფრთხილად გადავურიოთ.
შტრუდელის მომზადებისას ყველაზე რთული ცომის გაბრტყელებაა. თუ ყველა წესის დაცვა გვინდა, ავიღოთ სელის პირსახოცი, მოვაყაროთ ფქვილი, ცომი ყველა მხარეს გავწელოთ და პირსახოცზე გავაბრტყელოთ. თუ ცომის გაბრტყელების ძალიან უფრო მარტივი ხერხი გეგულებათ, თამამად გამოიყენეთ. მთავარია, რომ ცომი ძალიან თხელი გამოვიდეს.
ცომს საფანელი მოაყარეთ. ზედ სატენი დაადეთ და ლიმონი დააწურეთ. პირსახოცი ისეთნაირად დაახვიეთ, რომ რულეტი გამოვიდეს, რომელსაც ღუმელში ფრთხილად გადაიტანთ. ცხობის დრო დაახლოებით 40 წუთია, ტემპერატურა - 200 გრადუსი. გამომცხვარი შტრუდელი გააგრილეთ, მოაყარეთ ვანილიანი შაქრის პუდრი და, ეს შედევრი დაუფასებელი რომ არ დარჩეს, სტუმრებს დაუძახეთ!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: შტრუდელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ნამცხვარია, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ მეორე ნაჭერზე უარი არ თქვათ!

p.s. სხვათაშორის, წინათ თურმე ავსტრიელ პატარძალს შტრუდელის გაკეთება თუ არ ეხერხებოდა, მისი დაწუნება მხოლოდ სადედამთილოს კი არა, საყვარელ საქმროსაც კი შეეძლო. აი, ასე!

კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი



5 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    ცომი შეგიძლია გააბრტყელო პერგამენტზე ანუ კულინიარიულ საცხობ ქაღალდზე ან გადასაჭრელ ცელოფანზე. მთავარია ისეთ რამეზე, რის მარტივად დახვევასაც შეძლებ. მაგიდაზე გაბრტყელებული მსგავსი ცომის აღება, თუ აფხეკ, თორემ პრაქტიკულად შეუძლებელია.

  1. Natia Jinjolava

    აუ, ხვალვე გავაკეთებ და საკუთარ ავსტრიას მოვიწყობ!

  1. Efigenia Doubtfire

    მადლობა ღმერთს, ავსტრიაში არ დავიბადე, თორემ დიდი ხნის დაწუნებული ვიქნებოდი, რადგან შტრუდელის გაკეთება არანაირად არ მეხერხება:) აი ჭამა კი კარგად გამომდის:)) მოდი ერთობლივი ძალებით გავაკეთოთ ეს მადის აღმძვრელი შტრუდელი. თან მეც ვისწავლი გაკეთებას, და თუ შემთხვევით ჩემი შემდეგი ქმარი ავსტრიელი იქნება, დედამთილი ვეღარ დამიწუნებს:) რა იცი რა ხდება ცხოვრებაში:))

  1. Aunt Polly

    სელის პირსახოცი სწორედ იმიტომ გავიხსენე, რომ კლასიკაა:)) ისე, ვის როგორც ეხერხება, ისე ჰქმნას (ჭრას და კეროს), მთავარია შედეგი!

  1. Natia Jinjolava

    შტრუდელი გავაკეთე, ოღონდ სხვა გულსართით თუ საგოზავით. შტრუდელის შემთხვევაში მთავარი მაინც ცომია. არაჩვეულებრივი გამოდის! ისეთი გემრიელია, ერთ ჭამაზე შეისანსლა! მოკლედ, ავსტრიელი სადედამთილოების აღარ მეშინია :)))))))

Post a Comment