ყველაზე საშობაო კერძი ანუ ჯანსაღი ცხოვრება ამერიკულად

Approved by Ms Andrew

როგორც ვხედავ, ჩვენს ბლოგში ჯერ კიდევ ქეიფის გუნება-განწყობა სუფევს. ყველანაირად მივესალმები, მით უმეტეს, რომ ქუჩაში 31-1-2-ის გარდა (ისიც უფრო ბავშვების სახეებზე) ვერც კი მიხვდები, ოდესმე, საერთოდ რამე თუ ახარებს ჩვენს ხალხს. აღარაფერს ვამბობ, რაიმე სახალისოს მზადების პერიოდზე. არა, ამჯერად ვგულისხმობ არა იმ დალაგების სამდღიან და გემრიელობების დამზადების მინიმუმ ორდღიან ყოველწლიურად მოსახდელ ვალს (თუნდაც ხალისით შესრულებულს), არამედ სასიამოვნო, გააზრებულ ფუსფუსს - სახლის მორთულობიდან დაწყებულს და, თუნდაც, საგანგებოდ შეძენილი გამოსასვლელი კაბით დამთავრებულს. და ამ ყველაფერს მიყოლებულ ანთებული თვალებით, მთელი სულითა და გულით სულ უცნობი ადამიანისათვის ნასურვები კეთილი სურვილების ასრულებას. როცა გრძნობ, რომ მართლა ყველაფერი აუხდება, როგორც ყველაფერი, რაც გულიდან მოდის.
სულ სხვა ამბის მოყოლას ვაპირებდი დღეს, ერთდროულად, ჯანსაღი ცხოვრების სტილის აღქმასა და სადღესასწაულო სუფრაზე.
ისე მოხდა, რომ მყავს ამერიკელი სიძე და ჩემმა დამაც მისი გასტრონომიული "მსოფლმხედველობის" გასაუმჯობესებლად სხვადასხვა "ჩვენებური" კერძის მომზადება განიზრახა. ამისათვის, არ გეგონოთ, ან კულინარიული წიგნის შესწავლით ან ინტერნეტში ძიებით შეწუხდა. დაიბარა, სახლში კარგად ნაცადი რეცეპტები გამომიგზავნეთო. მეც დავიწყე მათი სკრუპულოზურად დამუშავება და აკრეფა. ხომ ვიცოდი, ვისაც ვწერდი. რეცეპტებს შორის მოხვდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ბორშჩი". თანაც სხვადასხვა ვარინტებში, ანუ ბულიონზე მომზადებული და ე.წ. "ტყუილი" ანუ მცენარეულ ნახარშითა და ზეთით. ბულიონის მომზადების რამდენიმე ვერსია მივწერე მითითებებით, რომ თუ ვინიცობა ქათმის ბულიონის მომზადება დააპირო, დარწმუნდი, რომ ქათამი გაპუტული, გამოშიგნული და გარეცხილია ანდა პირიქით, ზედმეტი ყურადღებისგან ვაკუუმში მოთავსებული თუ არის, ცელოფანი და ზედმეტი შესაფუთი მასალა შენს ქვაბში არ აღმოჩნდეს-თქო. უზარმაზარი მასალა გავაგზავნე, და გულში გავიფიქრე, "ვის ჰყავს დაი ჩემისთანა?".
გავიდა ხანი, მომზადებული კერძების შესახებ დროდადრო ამაყად მაცნობებდა ჩემი და, მეც ვინტერესდებოდი, რა უფრო მოსწონდა ჩემს " brother in low"-ს ანუ სიძეს.
შობამდე რამდენიმე დღით ადრე, რეკავს ჩემი და სიცილით მიყვება: ერთ ჩვეულებრივ დღეს სადილად ბორშჩი მოამზადა, ესტუმრა დედამთილი, ჯერ კარგად გამოჰკითხა რისგან არის მომზადებულიო. როგორც ჭეშმარიტი ამერიკელი, დედამთილი იმან მოხიბლა, რომ წვნიანი ნაირ-ნაირ ბოსტნეულს შეიცავდა, ისიც მოეწონა, რომ ეს კერძი ჯანსაღი კვების საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა, რადგანაც იყო ვეგეტარიანული და შემწვარ-მოხრაკულს ნაკლებად ჰგავდა, რომ გასინჯა და გემომაც აღაფრთოვანა, მთელი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახის სახელით ჩემს დას სთხოვა, რომ ბედნიერი იქნებოდა, რომ ეს არაჩვეულებრივი, ცხელი, წვნიანი, გემრიელი, წითელ ფერებში გადაწყვეტილი არაჩვეულებრივი ბორშჩი საშობაოდ მოემზადებინა და სადღესასწაულო სუფრის მთავარი გმირი გახდებოდა.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი ეუფიმია ენდრიუსი

3 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    აუ, რამდენი ვიცინე. სხვათაშორის, ამას წინათ, სწორედ მაგ თემაზე ვმსჯელობდი. ამერიკელებს აკვიატებული რომ აქვთ აზიური სამზარეულო ძალიან სასარგებლოაო. რა არის სასარგებლო? ყველაფერს ზეთში (ფრიტიურში) წვავენ და უამრავ მარილს და სანელებელს უშვებიან.მერე მივხვდი: ბევრი ბოსტნეული და რაც მთავარია ახალდაკრეფილი. მაგათი ჯანმრთელი კვების გაგონება აღარ მინდა!!! საჭმელი უნდა იყოს გემრიელი!

  1. Benjamin

    albat, mamamtili am gemrielobit moixibla da gajgimulma warmotqva: xutiani rdzalo, xutiani! =)))))))))))))))

  1. Madame Durova

    ჩემს ერთ მეგობარს 25 იანვარს დაბადების დღე აქვს. სტუმრად მივედი და ქმარმა შემომჩივლა: შენმა "პადრუგამ" 30-ში ბორში გააკეთა 10 ლიტრიანი ქვაბითო.იმის მერე აივანზე უდგას და მთელი ახალი წლები, დღემდე ყოველ დღე მაჭმევს დიდი მათლაფით. არაფრით არ გათავდაო. ასე რომ, მარტო ამერიკელები არ აკაეთებნ შობას ბორშს, ქმრის წინაშე თავის გამოჩენის მოსურნე ახალგათხოვილ ქართველებსაც მოსდით ეგ იაღლიში :)

Post a Comment