4.1.11
გრაფი ტოლსტოის საყვარელი ნამცხვარი
Approved byსაკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ახალი წლის შემდგომ დღეებში, როცა აღარც მსუყე სადილები, აღარც ტკბილი გინდა ადამიანს, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში ელი ორგანიზმის სუსტ სიგნალს, რომელიც შეტყობინება "მშია"-ს თუ არა "წავიხემსებდი რამეს" ცოტათი მაინც წააგავს. ახლა რომ შემოგთავაზებთ ეს "პეროგი" ტკბილია, მაგრამ მას კარგად საგრძნობი ციტრუსის გემო დაჰყვება, რაც ზედმეტ სიტკბოსაც აბათილებს და ამდენი სმა-ჭამის შემდეგ მიძინებულ გემოს რეცეპტორებსაც აღვიძებს.
ამ ნამცხვრის გამოცხობას რომ მასწავლიდა დედაჩემი, როგორც ახლა ვხვდები, ჩემი კულინარიული ნიჭის განვითარებაზე უფრო მეტად მსოფლიო ლიტერატურის სიყვარულის გაღრმავებაზე ზრუნავდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ნამცხვრის რეცეპტი, ლამის გრიფით "საიდუმლო", გაანდო ლევ ტოლსტოის მეუღლეს ოჯახის ექიმმა, გვარად ანკემ. სახელიდან გამომდინარე, შინაურულად მას "анковский пирог"-ი დაარქვეს. რეცეპტს ახლავე მოგახსენებთ.
Пирог "Анке", или Анковский пирог:
Один фунт муки, полфунта масла, четверть фунта толченого сахару, 3 желтка, одна рюмка воды. Масло, чтоб было прямо с погреба, похолоднее. К нему начинка: четверть фунта масла растереть, два яйца тереть с маслом; толченого сахару полфунта, цедру с двух лимонов растереть на терке и сок с трех лимонов. Кипятить до тех пор, пока будет густо, как мед.
ასეთია ამ რეცეპტის ორიგინალი ვერსიაა. ცნობისათვის, ინგლისური ფუნტი 454 გრ ტოლია, "რიუმკა" - მიახლოებით 75 გრ სითხე, ამ შემთხვევაში წყალი.
კიდევ კარგი "ომი და მშვიდობა" არაა, მოკლედ წერია, სტილისტურ თარგმანში იქნება ასე: 450 გრ ფქვილი, 200 გრ კარაქი, 100 გრ შაქარი, (50 გრ შაქარი უფრო უხდება, უფრო ნაზი გამოდის), სამი კვერცხის გული, ერთი არყის ჭიქა ცივი წყალი. ეს ცომის ინგრედიენტებია. არაფერი ზებუნებრივი, უბრალოდ "ფხვიერი ცომის" გერმანული რეცეპტი. გერმანიაში ერთობიან ცომში წყლის დამატებით. მერწმუნეთ, სხვაობა უმნიშვნელოა, მაგრამ იგრძნობა. წესით, უნდა დაიწყოთ იმით, რომ ცივი კარაქის წვრილად დაჭრილი ფანტელები ხელით უნდა ასრისოთ ფქვილთან ერთად და მხოლოდ მას მერე დაამატოთ ყველაფერი დანარჩენი. მაგრამ მე, ყველა ინგრედიენტს ერთად ვუძახებ ჯამში და მშვიდად იქვე ხელით ერთ გუნდად ვკრავ. ამდენი წლის მანძილზე გამოვიტანე ერთად ერთი დასკვნა, რას ვერ იტანს ფხვიერი ცომი: დიდხანს ზელვას. როგორც კი ერთს დაიძახებს - "ძალა ერთობაშია"! ანუ გუნდა შეიკვრება, იქვე შეეშვით და გააბრტყელეთ. ბრტყელდება ზუსტად ერთი თუნუქის ფურცლის ზომაზე, მაგრამ მე ცალობით გამოცხობა მირჩევნია, რომ შემდგომში მისი დაჭრა თავიდან ავიცილო ანუ ვაბრტყელებ და ჭიქით ვჭრი. ცხვება 180 გრადუსზე დახლოვებით 12-15 წუთი.
ახლა მთავარი, კრემი:
კრემი |
ორი კვერცხი კარგად ავთქვიფოთ ერთ ჭიქა შაქართან, ზომაში მომატებისთვის კი არა, უბრალოდ, რომ ცილა კარგად გაითქვიფოს, დავუმატოთ სამი ლიმონის წვენი და, როგორც ორიგინალში გვეუბნებიან, წვრილ სახეხზე დახეხილი 2 ლიმონის ცედრა, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, გაამწარებს, სჯობს ერთის დაამატოთ არომატისთვის, ისიც თუ გიყვართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკანობას ეს კრემი თავისუფლად იტანს. ბოლოს დაამატეთ100 გრ კარაქი (50 გრ კარაქიც წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციას -ასქელებს) და ძალიან პატარა ცეცხლზე შემოდგით. შორს ნუ წახვალთ, ამ მასას მორევა უნდა, ამასობაში კარაქიც გადნება და სადღაც 5 წუთში შესქელდება, გაქარვისფრდება, და საბოლოოდ გაციებული კიდევ უფრო შესქელდება. შეგიძლიათ გამომცხვარ ერთიან თუ ზომაზე დაჭრილ ცომს გაცივებული კრემი ზემოდან წაუსვათდა იქვე დააგემვნოთ.
გაამოთ
ამ კრემს ხშირად "ტარტალეტკების" შიგთავსად ვიყენებ, ზემოდან კი წყლის აბაზანაზე ათქვეფილ ბეზეთი ვრთავ. მთელ პორცია "ტარტალეტკების" (20-22ც) ბეზეს დასჭირდება 4 კვერცხის ცილა 300 გრ შაქარი, მაღალკედლიანი ჯამი ან ქვაბი, რომელიც მეორე წყლიან ქვაბში ჩაიდგმება, დაელოდებით წყლის ადუღებას და ცილის თქვეფას შაქართან ერთად შეუდგებით, უაბაზანო ვარიანტისგან განსხვავებით, აქ ცალკე ცილის ამოყვანა არ არის საჭირო. 3-4 ჯერ ზომაში მომატებული, პრიალა რომ გახდება, გადმოდგით და სანამ ბოლომდე გაცივებულა ზემოდან მორთეთ "ტარტალეტკა", რა თქმა უნდა უკვე ანკეს შიგთავსით.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment