ყველაზე სახელგანთქმული „Österreicherin“ - ტორტი „ზახერი“ (Sachertorte)

Approved by Aunt Polly

ჩემი წლევანდელი კულინარიული მოგზაურობა ავსტრიით დავიწყე. აქაურ შთაბეჭდილებებზე სხვა დროს მოგიყვებით, მანამდე კი ჩემი თანაბლოგერებისთვის მიცემული და საზეიმოდ დადებული პირობა უნდა შევასრულო: ნანახი, ხელშევლებული, პირდაკარებული, მოწონებული თუ დაწუნებული კერძების რეცეპტები უნდა გაგიზიაროთ.
დიდხანს ვიფიქრე, ადგილობრივი გემრიელობებიდან რომლით „გაგიმასპინძლდეთ“ და ფილარმონიკერშტრასეზე სეირნობისას სასტუმრო „ზახერს“ რომ ჩავუარე, მივხვდი, რა შემოგთავაზოთ. აბა რა, ვენაში ყოფნისას სხვა რა უნდა გაგახსენდეს, თუ არა დესერტი, აქ არსებული დესერტების უკიდეგანო ჩამონათვალიდან კი, რაღა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი „ავსტრიელი“, ტორტი „ზახერი“!
შოკოლადის სარკალით დაფარული გარგრის ჯემიანი შოკოლადისვე ტორტს, რომელიც თავისი გამომგონებლის ფრანც ზახერის სახელს ატარებს, თავისი ისტორია აქვს: 1832 წელს საგარეო საქმეთა მინისტრმა მეტერნიხმა თავის მზარეულს დაავალა პატივსაცემი სტუმრებისთვის მისართმევი განსაკუთრებული დესერტის მომზადება. ამბობენ, მზარეული შეუძლოდ იყო - ვინ იცის, იქნებ გაუთავებელი სტუმრიანობა მობეზრდა, ან სულაც დასვენება გადაწყვიტა. ასეა თუ ისე, გამოსავალის მოძებნა შეგირდს, 16 წლის ფრანც ზახერს მოუწია. ახალბედა კონდიტერის ქმნილება ბოლო ნამცეცამდე შეჭამეს, მოიწონეს, თუმცა დიდი პოპულარობა ამ საზეიმო ვახშმის შემდეგ არ მოუპოვებია.
ფ. ზახერმა ბევრი იმოგზაურა პრესბურგსა და ბუდაპეშტში, იქაურ არისტოკრატულ ოჯახებში მუშაობისას გვარიანი გამოცდილებაც დააგროვა და მშობლიურ ვენაში დაბრუნებულმა, დელიკატესების მაღაზია გახსნა. მოგვიანებით მისმა ვაჟმა ედუარდმა ტორტის რეცეპტი შეცვალა და მისი გაყიდვა საკუთარ სასტუმრო „ზახერში“ დაიწყო. ამ ტორტთან დაკავშირებულია არაერთი სასამართლო პროცესის ისტორიაც, რომლის მიზეზი ხან რეცეპტში ცვლილებების შეტანით გამოწვეული უთანხოება იყო, ხანაც დავა რეცეპტის ავტორობაზე.
უნდა ითქვას, რომ ავსტრიაში შოკოლადის ტორტებს მანამდეც აცხობდნენ, მაგრამ ზახერმა გარგრის ჯემის დამატებით ტრადიციულ რეცეპტში სიახლე შემოიტანა. ეს რეცეპტი დიდი ხანის მანძილზე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, სანამ 1913 წელს კონდიტერის შთამომავალმა კულინარიული რეცეპტების კრებული არ გამოსცა. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ამ წიგნში ყველა საიდუმლოა გამჟღავნებული, სულაც არა: ისეთი „წვრილმანები“, როგორიცაა შოკოლადის, ფქვილის და ჯემის შერჩევა, რაღა თქმა უნდა, ავტორს „გამორჩა“. დღესდღეისობით ამ ტორტის მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს (ერთში დიდი მნიშვნელობა ტორტის ზომას ენიჭება - აქაოდა, საცხობი ფორმა მაინცდამაინც 23 სმ დიამეტრის უნდა იყოს, მეორეში - ინგრედიენტები იგივე რჩება, მათი ოდენობა კი განსხვავებულია და ა. შ.).

შემადგენლობა:

ბისკვიტი: 60გ მწარე შოკოლადი, 170გ კარაქი, 150გ შაქარი, 150გ ფქვილი, 6 კვერცხი, 1სკ კონიაკი, 3ჩკ გამაფხვიერებელი, ვანილი, 35გ კაკაო, 50გ ნუში, 200გ გარგრის ჯემი.
სარკალა: 140გ მწარე შოკოლადი, 3-4სკ რძე, 10-15გ კარაქი.

კარაქი და 50გ შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ. კვერცხის გული ცილისგან გავაცალკევით (ცილა მაცივარში შევინახოთ). შოკოლადი გავადნოთ და გავაგრილოთ, მერე ათქვეფილ კარაქის მასაში ჩავასხათ, დავამატოთ ვანილი, კონიაკი და ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვეფისას თანდათანობით დავამატოთ კვერცხის გული.
ნუშს მდუღარე წყალი დავასხათ და 1 წუთით დავტოვოთ, მერე ქერქი გავაცალოთ, გავამშრალოთ და წვრილად დავჭრათ (ამ პროცესისთვის ბლენდერის გამოყენებაც შეიძლება).
ფქვილი გავცრათ, დავამატოთ გამაფხვიერებელი და კაკაო და კარგად გადავურიოთ.
მაცივარში შენახული ცილა მიქსერით ავთქვიფოთ და ბოლოს დავამატოთ 100გ შაქარი. მიღებული მასის ნახევარი შევურიოთ კარაქისა და შოკოლადის ნარევს, იქვე დავამატოთ ფქვილის, გამაფხვიერებლისა და კაკაოს ნარევი და დაჭრილი ნუში.
ცილის დარჩენილი ნახევარი ცომს დავამატოთ და ისევ გადავურიოთ, რის შემდეგ მიღებული მასა ჩავასხათ კარაქწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 170-200 გრადუს ტემპერატურაზე 50-70წუთის განმავლობაში. ძალიან რბილი (მაგრამ არა სველი) ბისკვიტი, რომელიც ცხობისას მოცულობაში საგრძნობლად უნდა გაიზარდოს, გასაგრილებლად დაახლოებით რვა საათით დავტოვოთ.
ბისკვიტი გავჭრათ ორ ნაწილად და წავუსვათ ოდნავ შემთბარი გარგრის ჯემი, როგორც ბისკვიტის ფენებზე, ასევე ზემოდან და გვერდებზეც.
შოკოლადი გავადნოთ, დავამატოთ რძე და კარგად გადავურიოთ. ბოლოს დავამატოთ კარაქი ან ცხიმიანი ნაღები და ისევ ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული სარკალა შევაგრილოთ და წავუსვათ ბისკვიტს. გამზადებული ტორტი მივირთვათ ათქვეფილ ნაღებთან ერთად.
აი, სულ ესაა. მოსამზადებულად მაინცდამაინც რთულიც არ არის, მაგრამ გემრიელი დესერტი კია. თანაც ჭეშმარიტად ავსტრიული!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

6 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    ვგიჟდები ზახერზე, უგემრიელესი ტორტების ათეულში მეორე ადგილზე დაასახელეს. ისე რა მსუნაგი ვარ? ტელეგადაცემა რომ გადიოდა ათივე ტორტი გამოვიცანი ზუსტად ადგილების მიხედვით :)))))) რომ ჩამოხვალ, გავაკეთოთ!

  1. Aunt Polly

    აბა რა! სხვათა შორის, ეს ტორტი გინესის რეკორდების წიგნშიც არის შესული (მართალია, არა გემოს, არამედ ზომების გამო. რაღაც უკიდეგანო დიამეტრის მქონე, უზარმაზარი "ზახერი" გამოაცხეს და სასწრაფოდ "დაგინესდნენ").

  1. Natia Jinjolava

    რეკორდული ზომის რა მოგახსენო, მაგრამ ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი 19 სმ დიამატერისას აუცილებლად გამოვაცხობ! უკაცრავად, დამავიწყდა! ჩვენმა ბრანვენმა ლონდონიდან ტორტის სამი სხვადასხვა ზომის ფორმა გამოგვიგზავნა!

  1. Efigenia Doubtfire

    რა მადის აღმძვრელიაააა!!! ეხლა ეს ტორტი რომ მომინდა, რა ვქნა, საიდან მოვიტანო ღამის 2 საათზე.პოლი რომ დაბრუნდება საერთო ძალებით იქნებ ეს დაცემა ტორტიც გამოგვეცხო, არა?:)

  1. Aunt Polly

    აბა რა, გამოვაცხოთ და კბილიც გავკრათ "ავსტრიელს". გემრიელი კია, ეს ოხერი!

  1. Natia Jinjolava

    ნამდვილად გამოვაცხოთ, პოლის დაბრუნება ხომ უნდა აღვნიშნოთ! ერთი კარგი ღონისძიება გამოვაცხოთ, მაგრამ ყოველ მორიგ შეკრებაზე იმდენი ხალხი გვემატება, ტორტის ზომის გაფართოებასთნ ერთად შესაკრები ფართის გაფართოებაც მოგვიწევს! :))))

Post a Comment