9.1.11
Coq au vin - ქათამი ღვინოში
Approved byამდენი საცივისა და გოჭის მერე, ალბათ რამე განსხვავებულიც მოგენატრათ, ჯერ მინდოდ რაიმე მსუბუქი და ნაკლებადკალორიული შემომეთავაზებინა. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მაინც საღდესასწაულო დღეებია, დიეტაზე დადგომას იანვრის ბოლოსკენაც მოვასწრებთ.
„ქათამი ღვინოში“ - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული კერძია. თუმცა ქათამი კი არა, მამალი და უფრო მეტიც, ორიგინალის თანახმად ეს მამალი დაკოდილიც უნდა იყოს (არ ვიცი ასეთ არსებას ქართულად რა ქვია). საბრალო დასაჭურისებული მამალი ზომით დიდი იზრდება, სუქდება და ჩვეულებრივ ქათამზე ბევრად უფრო ნაზი და გემრიელი ხორცი აქვს. ამ კერძის სხვა და სხვანაირი რეცეპტები არსებობს (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კერძის). საჭმელს ყველა დიასახლისი თავის ჭკუაზე და თავისი გემოვნების მიხედვით აკეთებს. პრინციპში, ასეც უნდა იყოს, ბებიაჩემი ნიორს ვერ იტანდა, ვიღაცას ხახვი არ უყვარს... მოკლედ ვისაც რა სუნელი და მწვანილი გიყვართ ის დაამატეთ. მხოლოდ მთავარ ინგრედიენტებს ნუ შეცვლით: ქათამს და წითელ ღვინოს.
მე პირადად, რამდენიმე რეცეპტი შევაჯერე, ყველადან ჩემთვის საუკეთესო ნაწილი ამოვიღე და ამ კერძს შემდეგნაირად ვაკეთებ:
1,5 კგ-იანი ვარია, 200 გ ბეკონი, 4 თავი ხახვი, 1 სტაფილო, 3 კბილი ნიორი, 3 ს/კ კარაქი, 2 ს/კ ფქვილი, 1 სირჩა (20 გ) კონიაკი, ¼ ლ კარგი წითელი ღვინო, 2 ს/კ ტომატ-პასტა, 1 ჭ წყალი, დაფნის ფოთოლი, ტმინის პატრა ტოტი (ჩვენთან გამხმარი იყიდება), 250 გ სოკო, მარილი და წიწაკა (ან პილპილი) გემოვნებით.
ქათამი დავხსნათ. 100 გ ბეკონი, ხახვი, სტაფილო დავჭრათ კუბიკებად. ნიორი დავჭყლიტოთ. დიდ ქვაბში გავადნოთ კარაქი, ჩავყაროთ ბეკონი და ჩავაწყოთ ქათამი. ხორცი კარგად რომ დაიბრაწება, დავამატოთ ბოსტნეული, მოვაყაროთ ფქვილი და ყვლაფერი ერთად კარგად მოვთუშოთ. მოვასხათ კონიაკი და მოვუკიდოთ ცეცხლი. კონიაკი რომ დაიწვება დავამატოთ ღვინო. ტომატ-პასტა გავხსნათ წყალში, დავუმატოთ ტმინი, დაფნის ფოთოლი, მარილი, წიწაკა და დავასხათ ქათამს. ქვაბს დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ 1,5 სთ-ის განმავლობაში. სოკო და დარჩენილი ბეკონი დავჭრათ ჩავამატოთ ქვაბში და კიდევ მოვუშოთ დაახლოებით 8 წუთი.
აი, ამ მომენტიდან არსებობს კერძის დაბოლოების რამდენიმე ვარიანტი. 1. ჩემი საყვარელი: დაუმატეთ 2 ს/კ არაჟანი და მიირთვით. 2. ქათამი და სოკო ამოალაგეთ ქვაბიდან, შეინახეთ თბილ ადგილას. გაქნილი ქათმის ღვიძლი დაუმატეთ დარჩენილ სოუსს, მოხარშეთ ერთდ. მერე გაატარეთ მარლაში და მოსხით ქათამს (თუნდაც უარაჟნოდ, მე უფრო მომწონს, როცა ბოსტნეულის კუბიკები მხვდება პირში, თქვენი საქმის თქვენ იცით). მწვანილის მოყვარულებს შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი ქინძიც.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment