13.1.11
ორსახა იანუსის ხრიკები, ანუ ქართული დუალიზმი
Approved byეს ორი სათაური რა საჭიროა, მაინც ვერ გავიგე. დარწმუნებული ვარ, ვერც თქვენ ხვდებით და ვერც მე გცემთ პასუხს. ქეიფი და დროსტარება კი კარგია, მაგრამ ასევე კარგ ჯანმრთელობას და ამტანობასაც მოითხოვს. ამ საჭირბოროტო თემაზე იანვარში თითო-თითოდ და წყვილ-წყვილად ჩალაგებულ-ჩაკიწკიწებულმა დღესასწაულებმა ჩამაფიქრა. განსაკუთრებით ორ-ორი ძველით ახალი წელი, ნინოობა, ბედობა და თამარობა მღლის. საჩუქრის გაკეთება და პურმარილი ორჯერ კი არა, ერთხელ ჭირს ხანდახან. თანაც ასე მოკლე შუალედში.
ერთმა ენამოსწრებულმა „ფეისბუქელმა“ გამჭრიახად აღნიშნა: „7 იანვარს გამოვა მთელი საქართველო და ყელმოღერებული იმღერებს: „ოცდახუთსა დეკემბერსა“-ო. თუმცა ძალიან ბევრი 25 დეკემბერს ისედაც აღნიშნავს, ოღონდ კვლავაც „სხვა სათაურით“. მე კიდევ იცით, რა მაწუხებს? ქრისტიანულ ქვეყანაში საშობაო არდადეგები რომ არ გვაქვს. მომკალით და ესეც ამ გაორების ბრალი მგონია.
ნინოების, გიორგების და თამარების საწყალმა ნათესავებმა რა ქნან? ჩემს ახლობელს და ჰყავს, ნინო, ჰოდა, იანვარში 2 ნინოობის გარდა დაბადების დღესაც ულოცავს. ოჯახის გატყავება იქით იყოს, ნაცნობ-მეგობრებს მისალოცი სიტყვების მარაგი გვეწურება. გინდა რამე ლამაზი და ორიგინალური უსურვო და როგორია... პირველ იანვარს უსურვე, ორში ბედობაა - უსურვე, შვიდი მიულოცე, თოთხმეტი ნინოობა, ცხრამეტში ნათლისღება, ისევ ნინოობა და დაბადების დღეც ჩააკვეხე შუაგულში... მე მილოცვაზე ვწუწუნებ და ქართველ კაცებს მთელი ეს დღეები ყანწი უჭირავთ ხელში: ერთხელ თვრებიან და მერე ისევ ღვინით ნაბახუსევს მკურნალობენ...
კაცების ხსენებამ „ქართული დუალიზმის“ კიდევ ერთი მაგალითი გამახსენა. ყველა რეგიონის და განსაკუთრებით, სამეგრელოს მკვიდრი მამაკაცების უმრავლესობას 2 ოჯახი ჰყავს, 1 წყება ცოლ-შვილი აქ, და მეორე რუსეთში (ზოგი ისეთი მარჯვეა, თბილისსა და ოზურგეთშიც ახერხებს იგივეს, ხანდახან ერთი ქალაქის ორ უბანშიც კი!). ისმის კითხვა, რომელია უფრო ნამდვილი, იქაური ცოლი, რომელთანაც მთელ ცხოვრებას ატარებს ფულის საშოვნელად „გადაკარგული“, თუ აქაური, რომელსაც ამ „სიმწრით“ ნაშოვნს ფულს უგზავნის? ჩვენ კიდევ მუსლიმების მრავალცოლიანობა გვიკვირს. იმათ ეს საკითხი „გააპრავეს“. ისლამის მიმდევრები, მათთვის საბედნიეროდ, არ სვამენ და ჩვენგან განსხვავებით, დღეგრძელობისას არ იბნევიან, რომელ ოჯახში რომელი ცოლი და რამდენი შვილი დაულოცონ ერთმანეთს.
მეგრული (ცივი!) საცივი |
საახალწლო დელიკატესსაც კი - საცივს, ორნაირს ვაკეთებთ: ცხელს და ცივს, და მერე მთელი საქართველო დაობს, რომელია უფრო „სწორი“ - მეგრული ცივი, თუ იმერული ფქვილიანი და ადუღებული.
თუმცა, ამ ტრადიციას თავისი დადებითი მხარეც აქვს: ბარბარობაზე დღე ისე თუ ვერ გაატარეთ, როგორც გინდოდათ დაგბედებოდათ, არა უშავს, შეცდომის გასასწორებლად წინ 2 და 15 იანვარი და სხვა „ბედობები“ გელით.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
1 კომენტარი.:
აუ, რა ვიცინე :)))))))))) ამ ბოლო დროს, ჩვენი ნიჭით აღფრთოვანებას ვეღარ ვმალავ და საკუთარი თავით ტკბობას მივეცემი ხოლმე :))))))))
Post a Comment