3.1.11
თაფლაკვერას სახლი
Approved byათასფრად მოხატულ ნაირ-ნაირ ნამცხვრებთან ერთად შობiს ერთ-ერთი ულამაზესი და ეფექტური ატრიბუტია თაფლაკვერას სახლი. არ მოგატყუებთ, ნამდვილად შრომატევადი სამუშაოა და კულინარიულთან ერთად, სულ ცოტა არქიტექორულ ნიჭსაც მოითხოვს. შრომის გასახალისებლად, შეგიძლიათ „საშენი მასალა“ თვითონ გამოაცხოთ, ასაწყობად კი მეგობრებს მოუხმოთ. საკმაოდ მხიარული პროცესია, თან ყველა მონაწილეს დიდხანს დაამახსოვრდება. ჩემი თაფლაკვერას სახლის მშენებლები (რომლებიც ძირითადად მხოლოდ აწყობის ყურებით და მშენებლობას მორჩენილი თაფლაკვერას ჭამით შემოიფარგლნენ) დღესაც ხალისით და სიამაყით იხსენებენ შობაზე ჩემთან როგორ გამოაცხვეს თაფლაკვერას სახლი.
ძველით ახალი წლის შემდეგ სახლი, ასევე საზეიმო ვითარებაში დამსწრე საზოგადოების თვალწინ დავჭერით (სამზარეულოს ნაჯახით), ქვაბში ჩავალაგეთ და მერე მთელი ოჯახი ერთი თვის განმავლობაში მივირთმევდით მაწონთან ერთად J
დამიჯერეთ, საშობაო პუდინგისგან განსხვავებით, წვალებად ნამდვილად ღირს. ჭამა თუ არ გინდათ, შეინახეთ და მომდევნო შობაზეც დადგით ნაძვის ხესთან. თაფლაკვერას არსი სწორედ იმაშ მდგომარეობს, რომ არ ფუჭდება. არა, საჭმელად აღარ გამოდგება, ბოლოს და ბოლოდ დამტვერილი მაინც იქნება, მაგრამ კარგად გამომცხვარი და გამომშრალი კვერი არ ობდება და არ იშლება.
მასალად დაგჭირდებათ: 1 კგ თაფლი, ¼ ლ წყალი, 650 გ ჭვავის ფქვილი, 600 გ ხორბლის ფქვილი, 100-100 გ წვრილად დაჭრილი ლიმონის და ფორთოხლის კანის ცუკატები, 40 გ თაფლაკვერას სუნელები (მიხაკი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, კარდამონი, ჯავზის კაკალი და ა.შ... თქვენი გემოვნებით), 30 გ საჭმელი სოდა, 5 ცალი გარჩეული ნუში, 2 სკ ლიმონის წვენი, 300 გ შაქრის პუდრა, ფერადი კამფეტები მოსართავად და კარაქი ფორმაზე წასასმელად.
თაფლი გავხსნათ წყალში, ავადუღოთ და გავაციოთ. ფქვილი გავცრათ, დავუმატოთ ცუკატები და სუნელები. ფქვილის შუაგულში გავაკეთოთ ორმო და ჩავასხათ გაციებული თაფლიანი წყალი. კარგად ავზილოთ, ბოლოს დავუმატოთ სოდა და მოვზილოთ მაგარი ცომი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და 2 დღით დავივიწყოთ (ცომი უნდა დარბილდეს). კარდონისგან გამოვჭრათ ქოხის კედლებისა და სახურავის შაბლონები (აი, აქ დაგჭირდებათ თქვენი ფანტაზია. თუმცა, შაბლონების პოვნა ინტერნეტშიც შეიძლება).
წინა კედლის შაბლონის მოდელი |
ამ კონკრეტული რეცეპტის შაბლონები ასეთია: გამოჭერით 2 მართკუთხედი სახურავისთვის 25X15 სმ-ზე. 1 მართკუთხედი ფსკერისთვის 28X36-ზე, 2 მართკუთხედი გვერდითა კედლებისთვის 20X10-ზე და 2 ხუთკუთხედი წინა და უკანა კედლებისთვის 20X10-ზე + სახურავისთვის 6 სმ დაქანებული კედელი. წინა კედელზე ამოჭერით ნიშა კარისთვის და ფანჯრისთვის. ნაწილების გამოსაცხობად თუქნუქის 2 ფირფიტას („ჟაროვნას“) წავუსვათ კარაქი. ღუმელი გავახუროთ 200 °C-მდე. ცომისგან გავაკეთოთ 1,5 სმ სისქის დაახლოებით 40 სმ-იანი ჟგუტები და 2 სმ-იანი ინტერვალით დავალაგოთ ფირფიტაზე. ისე, რომ მივიღოთ 40X26-ზე მართკუთხედი. გამოცხობისას ჟგუტებს შორის სიცარიელე შეივსება და გამოვა ხის კედლის ზოლებიანი იმიტაცია. გამოვაცხოთ 20-30 წუთის განმავლობაში. დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ის სისქეზე, გამოვჭრათ 2 მართკუთხედი 25X15-ზე სახურავისთვის, და ერთიც 36X28-ზე ფსკერისთვის. გამოვაცხოთ 12-18 წუთის განმავლობაში. 40X26-ზე გამომცხვარი ფირფიტისგან ბასრი დანით გამოვჭრათ ქოხის კედლები. წინა კედელზე გამოვჭრათ კარი და ფანჯარა. დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ ½ სმ-ს სისქეზე, გამოვჭრათ 10 ცალი პატარა მართკუთხედი, თითოეულს დავაწებოთ ნუშის ნახევარი. გამოვჭრათ ბუხრის მილი და ღობის ჩხირები. სურვილი თუ გაქვთმ შეგიძლიათ გამოძერწოთ ნაძვის ხეც. გამოვაცხოთ 10-15 წუთის განმავლობაში.
ამ რეცეპტით აი, ასეთი სახლი გამოდის |
კვერცხის ცილა, შაქარი და ლიმონის წვენი კარგად გავქნათ და სახლის დეტალები ამ მასით დავაწებოთ ერთმანეთს (ბევრად მარტივი მეთოდია, კბილის საჩიჩქნი ჩხირები. ფრთხილად ჩაარჭვეთ გამოჭრილ დეტალებში და ააწყვეთ). სახურავზე დადებული თოვლის იმიტაციისათვის იგივე ლიმონისა და კვერცხის მასა გადაუსვით. პირადად მე, ამ მასის ფაქტურა არ მომწონს და თოვლისთვის მოხარშულ ბეზეს ვიყენებ ხოლმე. დანარჩენი, მორთეთ საკუთარი გემოვნებით და ფანტაზიით.
წარმატებებს გისურვებთ...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment