25.1.11
საშობაო ვაშლები
Approved byრა დროს შობააო, გაღიზიანებული იკითხავთ და მართალიც იქნებით. შობამაც ჩაიარა, სხვადასხვანაირმა ახალმა წელმაც და საერთოდ, მე თვითონ იანვრის ბოლოდან უკვე გაზაფხულზე და სითბოზე ვფიქრობ. თანაც ჩვენს ბლოგზე შობაზე იმდენი დაიწერა, მომავალ წლამდე კრინტს არ უნდა ვძრავდეთ, მაგრამ... ბევრი წლის წინ გერმანიაში ერთ ქალაქში ძალიან საინტერესო მაღაზიაში მოვხვდი. მაღაზიების, ვიტრინების თვალიერების და შოფინგის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ გერმანიაში ჩასული, ვცდილობ ამ მაღაზიას მივაკითხო ხოლმე. საქმე იმაშია, რომ აქ წელიწადის 365 დღე მხოლოდ და მხოლოდ საშობაო ატრიბუტიკა იყიდება. ძალიან უჩვეულო შეგრძნება მქონდა, როცა მაშინ, პირველად, ივლისის ცხელ დღეს ამ მაღაზიის კარი შევაღე და იქ ჰოფმანის აცხადებული ზღაპარი დამხვდა, ადვენტის სანთლებით, Nußknacker-ებით (კაკლის საკვნეტი კაცუნებით) და, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად მორთული ულამაზესი ნაძვის ხეებით. ამ მაღაზიას გვერდი გულგრილად ვერც ახლა ჩავუარე. მაგრამ ამჯერად საშობაო ვაშლების გამო. გამომცხვარი ვაშლი არავის გვიკვირს, მაგრამ კარამელიანი და შოკოლადიანი „საშობაო ვაშლები“, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ძალიან სიმპათიურადაც გამოიყურება (არა მარტო ზამთრის სუფრაზე). სხვათა შორის, ამ ვაშლებით ნაძვის ხის მორთვაც შეიძლება - ესეც თქვენ იდეა მომავალი შობისთვის!
მაშ ასე, უმარტივესი რეცეპტი: ვაშლები გარეცხეთ, გული ფრთხილად ამოაცალეთ და ცოტა ხნით ლიმონის წვენიან ჯამში მოათავსეთ.
მოამზადეთ ჩვეულებრივი კარამელი (კარამელის მომზადების წესი მერისგან იცით) ან შოკოლადის სარკალა (სარკალას მომზადების წესი - ჩემგან).
მოამზადეთ ჩვეულებრივი კარამელი (კარამელის მომზადების წესი მერისგან იცით) ან შოკოლადის სარკალა (სარკალას მომზადების წესი - ჩემგან).
ლიმონის წვენში ამოვლებული ვაშლები კარგად გაამშრალეთ (თორემ კარამელს მიკრობა გაუჭირდება და გაწვალდებით), ხის ჩხირები ჩაარჭეთ და ფრთხილად, წრიული მოძრაობით ამოავლეთ კარამელსა თუ შოკოლადში. სურვილისამებრ და „დეკორის გასაუმჯობესებლად“ შეგიძლიათ ვაშლებს წვრილად დაჭრილი თხილი, ნიგოზი ან ქოქოსის ნათალი მიაყაროთ (უფრო მარტივად კი, უბრალოდ ამ პროდუქტებიან ჯამში ამოაწეთ). გამზადებული და გალამაზებული ვაშლები რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ და… Guten Appetit!
კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
4 კომენტარი.:
აუ, რა სიმპათიურად გამოიყურება! მომავალ შობაზე უკვე ვიცი რასაც გავაკეთებ! ნაძვის ხე "პეჩენიებით" და დაკარამელებული ვაშლებით უნდა მოვრთო. ძალიან ლამაზი იქნება!
გემოს თვალსაზრისით, განსაკუთრებულად გემრიელია-თქო, ვერ ვიტყვი (ვაშლისგან უფრო გემრიელი რაღაც-რუღაცეების გაკეთება შეიძლება), მაგრამ ძალიან ეფექტურად გამოიყურება, ისეთია, გულგრილად ვერ ჩაუვლი:))
ეგ, აშკარაა. უმი ვაშლი შოკოლადში და თუნდაც კარამელში მაინც და მაინც ვაჟკაცურად ვერ იქნება. მაგრამ ძალიან ლამაზია. ამერიკაში მხოლოდ კარამელში ავლებენ და ისიც ჰელოუინის დროს. ამტკიცებენ, ძალიან გემრიელიაო. მაგრამ, მომკალი და ვერ დავიჯერებ. შესახედაბა კი, მართლაც შესანიშნავი აქვს! ისე მომწონს, მიხარია სახლში ვაშლი რომ არ მაქვს, თორემ უკვე ამოვლებული მექნებოდა :)))
ooo dzaan magari ramea. me ar vicodi tu sheidzleboda vashli aseti saswauli yopiliyos:)))))))))))))) warmatebebiiiiiiiiii
Post a Comment