5.1.11
ლირიული გადახვევა 2
Approved byეს წერილი პირველი „ლირიული გადახვევის“ არც სიქველია და არც რიმეიკი, უბრალოდ, წერა მეც მომენატრა. ეს დღეები კარგად დავისვენე. ჩემი ბლოგერთანაავტორები მუხლჩაუხრელად შრომობენ და სტატიას სტატიაზე კონვეიერული წესით უშვებენ. სანამ ისინი იღწვიან, მე ტელევიზორთან გაწოლილი ფილმების ცქერითა და „ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე“ ფიქრით ვტკბები...
ახლა ვხვდები, საქართველოში რატომ არ ტოვებენ სხვის სკამს ცარიელს. კარგი ყოფილა თუნდაც პატარა ბლოგის ადმინისტრატორობა. შენ ისვენებ - სხვები მუშაობენ. მაგრამ თავი დაჩაგრულად ვიგრძენი. ჩემს ძვირფას აზრებს არავინ „ალაიქებს“, სანამ მე ვუსაქმურობ, სხვები აპლოდისმენტებს იმკიან...
ჰოდა, დასვენებულ-ნაპატიები აზრები მოვიკრიბე, ოთახის კუთხეში მიძინებული მუზები შევაღვიძე. მოვიმარჯვე კალამი, უკაცრავად, კლავიატურა და ხმაც ამოვიღე. საკუთარმა გაზულუქებამ ჩემი მეგობარი ბიჭი გამახსენა, რომელსაც, თუ მოინდომა, ყველაფერი ეხერხება და კარგადაც გამოსდის. ოღონდ, მუშაობის დაწყება რომ აიძულო, საქმეში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჩარევა თუ არა, ადგილობრივი პოლიციის დახმარება მაინც გჭირდება. საარაკოდ ზარმაცია. მაგალითად: მტვერსასრუტი გამიფუჭდა, თვითონ დიდი ენთუზიაზმით შემომთავაზა, გაგიკეთებო. ოთხი თვე ყოველ ნახვაზე ვახსენებდი. როგორც იქნა, პაციენტის გასინჯვა მოინდომა. დახედა და ინსტრუმენტები არ მაქვსო, დაიჩივლა. შემდეგი ორი თვე სახრახნისი მოჰქონდა. როგორც იქნა, მოიტანა და ზომა არ მოერგო. შესაბამისი სიგრძის სახრახნისი მომდევნო ორი თვის განმავლობაში იძებნებოდა. ვიშოვეთ! მტვერსასრუტი დაშალა, გამოშიგნა, ძრავას დახედა და დიაგნოზი დაუსვა. უჰ, არაფერი უჭირს, საკისარია ჩაშლილიო. სიკვდილის პირას მყოფი თუ აწ გარდაცვლილი მტვერსასრუტი, მეექვსე თვეა, აივანზე გახსნილი აგდია და იმტვერება... იმ საცოდავს რას ვუშველი, თორემ ლოდინით თავმობეზრებულმა ახალი შევიძინე. ყველაზე საინტერესო გითხრათ? ჩემი მეგობარი დარწმუნებულია, რომ ძველი შემიკეთა (ახსოვს, რომ ასეთი განზრახვა ჰქონდა, და ამასობაში იმდენი დრო გავიდა, დარწმუნებულია, რომ დანაპირები ამისრულა)...
ისე, ჩემი ბრალია. წინასწარ უნდა მცოდნოდა. ჭკუა ვერ ვისწავლე. ჯერომ ჯერომის ძია პოჯერი გახსოვთ, ლურსმანს როგორ აჭედებს? ასეთი რამ სინამდვილეში თუ ხდებოდა, არ მეგონა. იგივე მეგობარს ერთხელ ლურსმნის მიჭედება ვთხოვე (თავადაც შესანიშნავად მეხერხება, მაგრამ შემთხვევით ვისარგებლე და კაცის ძალის გამოყენება მოვინდომე). ჯერ სკამი მოიკითხა. მივართვი. ავიდა. დგას, აქეთ-იქით იყურება. ლურსმანი გვაქვს? - მკითხა. მივაწოდე. ეს არა, უფრო დიდი. მივუტანე. უფრო წვრილი არ გაქვს? მოვუძებნე. სხვანაირი? სახე შემეცვალა და იძულებული გახდა, არსებულით დაკმაყოფილებულიყო. ჩაქუჩი? მოვარბენინე. ჩაქუჩი სამჯერ მოიქნია, აქედან ერთხელ თითზე დაიკრა და წუწუნ-წუწუნით, მაგრამ ჩადენილი გმირობის სრული შეგრძნებით, სკამიდან ამაყად ჩამოვიდა და რასაკვირველია, იქვე დაყარა ყველაფერი. ბარემ მე ავსულიყავი... ნაკლებ დროს და ენერგიას დავხარჯავდი, სირბილიც ნაკლები მომიწევდა და მთელი საღამო მადლობების თქმასაც ავცდებოდი.
ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები საკუთარზე, ზოგი საერთოდ ვერა...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
3 კომენტარი.:
ამ ამბავმა მშობელი მამა გამახსენა. როდესაც მამაჩემი რამეს აკეთებს სახლში მთელი ოჯახი ამ გაკეთების პროცესშია ჩათრეული. ბავშვს ატვიორკა მოაქვს, ჩემს ძმას ლურსმანი, დედაჩემს სათვალე მაჩემისთვის, ჩემს დას ტელევიზორის პულტი უჭირავს და მამაჩემის მოსაწონ გადაცემებს ეძებს და ასე შემდეგ. მე კი ჩემს ოთახში ვიმალები,და ჰგონიათ რომ ეფიგენია სახლში არ არის:)
მამაჩემი არავის არ გვაწუხებს, უბრალო მიზეზით - არ აკეთებს (ან ხელოსანი მოყავს). ახალ ბინაშ რომ გადავედით, ქსელის რადიო დაგვხვდა, იატაკზე 4 წელი იდო, სანამ ბიძაჩემი არ შეწუხდა და კედელზე ლურსმნით არ ჩამოკიდა.
ჩემთან უკეთესი ვარიანტია, არც კი ვიცი სხვაგან თუ მოიპოვება.ყველა ოჯახში თვლიან, რომ სანამ მამა სახლშია, უნდა ესა თუ ის გაკეთდეს. ჩვენთან უფრო გაიგებთ: "სანამ მამა სახლში არ არის, მოდი, სწრაფად გავაკეთოთ (საბედნიეროდ ეს მხოლოდ რემონტს შეეხება, კონსერვატორ მამას ძალიან არ უყვარს უჩვეულო სიახლეები.
Post a Comment