3.1.11
სტივენ კინგის სტილში შერჩეული საჩუქრები
Approved byსაჩუქრები ვის არ უხარია, მაგრამ მესაჩუქრე და ხანდახან მომთხოვნიც, ყოველთვის როდი ფიქრობს შესაძლო შედეგებზე.
პატარა გაძევებული "როჯერი" |
ამ ახალ წელს ჩემს ახლობელს შეყვარებულმა მეფური საჩუქარი გაუკეთა. აქაოდა, კურდღლის წელი მოდისო, სოფლიდან ნაცარა ბაჭია ჩამოუყვანა. თავიდან ყველას გაუხარდა, კურდღელი ნაძვისხის ქვეშ დააბრძანეს და თავს ევლებოდნენ. დაფაცურდნენ, ინტერნეტს მივარდნენ და ბევრი აღმოჩენაც გააკეთეს: თურმე ბაჭიებს კომბოსტო არ ეჭმევათ, კარტოფილი წამლავთ, ჭარხალი კურდღელსაც და პატრონებსაც ბევრ უსიამოვნო სიურპრიზს უმზადებს და ასე შემდეგ... როგორც გაირკვა, კურდღელი მთელი დღე გაუჩერებლად იცმუცნება და მერე მთელი დღე დაუზარლად იცურცლება. მოკლედ, საჩუქრით აღფრთოვანებამ ერთ საათს გასტანა. მერე კურდღელი ოთახში ფეხის გასაშლელად გამოუშვეს, ხუთი წუთით თვალი მოარიდეს და შედეგად, დაღრღნილი ჩიჩილაკი მიიღეს. საფრთხე დაემუქრა სახლში არსებულ სადენებს, უყურადღებოდ დატოვებულ წიგნებს და ყველაფერს, რაზეც კურდღელს კბილი მიუწვდებოდა. ორი დღის წვალების შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა ახალშეძენილი წევრი მშობლიურ სანახებს დაუბრუნოს.
ცხოველების ჩუქებასთან დაკავშირებით სხვა, დიდი ხნის წინანდელი ისტორიაც მახსენდება, რომელმაც დედაჩემს დღემდე მყარი კომპლექსი დაუტოვა. ჩემმა (იმ პერიოდში ახალმა) სიძემ სიდედრის წინაშე თავის გამოჩენა მოინდომა და თავის ჭკუით დიდი პატივი სცა: ცხოვრებაში პირველად სათევზაოდ წავიდა და კაცმა არ იცის, თავისი თუ სხვისი ხელით დაჭერილი ხუთი ფერხორციანი თევზი ცოცხლად მოუყვანა. თევზების ჯალათობაზე ყველამ ცივი უარი განაცხადა. ხანგრძლივი ოჯახური თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ თევზები აბაზანაში დაგვებინავებინა. აღარ მოვყვები, ის ორი დღე ოჯახმა აბაზანის გარეშე როგორ გავატარეთ და მეორე დღის ბოლოს ყველა ჩვენგანი გულში სიძეს როგორ „ლოცავდა“ და ჩუმად ნატრობდა, თევზები გულაღმა ამოტრიალებული ენახა... არც იმას მოვყვები, მესამე დღეს დატანჯულებმა თევზებისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება როგორ მივიღეთ და აბაზანა წყლისგან დავცალეთ. კარგად რომ დავრწმუნდით, რომ თევზებმა სული განუტევეს, თვალცრემლიანმა დედაჩემმა მათი შეწვა დააპირა. დანა რომ მოიმარჯვა, პირველივე თევზი ხელებში აუფართხალდა... მას მერე რამდენი წელი გავიდა, მაგრამ დედაჩემი დღესაც მხოლოდ თევზის გაყინულ ფილეს ყიდულობს...
აი, კიდევ: ჩემი მეგობარი საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა, სადაც მხოლოდ საწოლი, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ედგა. მეგობრებს ყოველ მისვლაზე თითო თეფში, ჭიქა და სხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანები მიგვქონდა. მეგობრის ძმას ცოლი ახალშერთული ჰყავდა და რძალმა მულისთვის სიყვარულის დამტკიცება და ბინის მოწყობაში თავისი წვლილის შეტანა გადაწყვიტა. ერთხელაც ქმარს ორი უზარმაზარი ყუთი ზურგზე აჰკიდა და მულს ძღვენით მიადგა. ყუთში იხტიოსაოცრება იდო: ორსართულიან ბროლის ლარნაკზე სხვადასხვა ზომის თხუთმეტი ლურჯი დელფინი სამ სხვადასხვა ქარსმოტანილ ცუნამის თავგანწირულად ებრძოდა. ლარნაკი თავისი ორიგინალობით მნახველს პირდაღებულს ტოვებდა, მაგრამ ვერსად ვერ ეტეოდა, სამზარეულოს კარიც კი მისთვის ვიწრო აღმოჩნდა. დიდი ხნის ბჭობის მერე, ლარნაკი სასტუმრო ოთახის შუაგულში დაასვენეს და სტუმრები დღესაც გარშემო ისე ვუვლით, როგორც შაჰის ცოლები ჰარამხანაში დადგმულ შადრევანს.
კიდევ ერთი უცნაური საჩუქარი მახსენდება საკუთარი ბიოგრაფიიდან: ერთხელ ჩემი მეგობარი ბიჭი კარზე თაიგულით ხელდამშვენებული მომადგა, თან ყვავილებს ნეტარებით ყნოსავდა. საგულდაგულოდ შერჩეული, მაგრამ სიბნელეში ნაყიდი ყვავილები ხელოვნური აღმოჩნდა...
ჩემს ზემოხსენებულ მეგობარს, „ლარნაკი-დელფინარიუმის“ პატრონს, რომელსაც ყურები გახვრეტილი არა აქვს, სისტემატიურად ჩუქნიან საყურეებს; მეორეს, არამწეველს - სანთებელებს; მესამეს, რომელიც ალკოჰოლს არ ეკარება და ექიმების მკაცრი გაფრთხილებით, კიდევ დიდხანს ვერ გაეკარება, ამაყად ამარაგებენ სასმელით...
ნაამბობის მორალი: საჩუქარის არჩევისას გაიხსენეთ, რომ საჩუქარი მხოლოდ მოვალეობის მოხდა არ არის, მისი მიტანით ადამიანი (მით უმეტეს, ახლობელი) არ უნდა დასაჯოთ და საზრუნავი არ უნდა გაუჩინოთ, სათუთად შერჩეული ძღვენის ყოველ დანახვაზე, „მადლიერმა პატივნაცემმა“ გულში და ხანდახან ხმამაღლადაც „ლოცვა-კურთხევით“ რომ არ გაგიხსენოთ.
კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
5 კომენტარი.:
კურდღლის ისტორიის მოყოლა ვერ მოვასწარი, უკვე გამოგიცხვია :) ოჯახმა მჩუქებელთან დარეკა და პატრონმა (ყოფილმა), ერთი თვე ვერსად წავიყვანო, ასე რომ, მთელი სიამოვნება წინ აქვთ. თან ყუთიდან ამოხტომა უსწავლია და მთელი ღამე ოთახებში დაშლიგინებს.
P.S.ორიგინალური საჩუქრების გაკეთების მოყვარულებო! ვინმესთვის ძროხის ჩუქებას თუ გადაწყვეტთ, თივასთან ერთად მწველავიც მოაყოლეთ!
ნაკვებ-ნაპატიებ და განებივრებულ ბაჭიას გავაჩუქებთ კარგ ხელში! არ უნდა დაკლათ! გამოდგება საჯიშედ! გაზრდილია ქართლის სუფთა ჰაერზე ეკოლოგიურად სუფთა ბალახით :)
მსურველები დაგვიკავშირდნენ ბლოგის მაილზე. სათაურში მიუთითეთ "ბაჭია" :)
საჩუქრებზე ჩემი "გურამიკო" გამახსენდა. მეზობლად ასაკიანი ქალი მყავს, ერთი თევზი და ზაზუნა ყავდა. ზაზაუნა "ცუცა" ტრაგიკულად დაეღუპა და გამოაცხადა "გურამას" (თევზის) სიკვდილსაც ვეღარ გადავიტანო. როგორც თვითონ მითხრა, დიდხანს ვიფიქრე ჩემს თევზს ჯეროვნად ვინ მოუვლიდა და პატრონების კონკურსში შენ გაიმარჯვეო და შუა ზამთარში მომიყვანა თევზი სამლიტრიანი აკვარიუმით, გამათბობლისა და ჟანგბადის აპატარის გარეშე... სანამ გავერკვეოდი რა და როგორ, თევზი რომ არ გაგუდულიყო, წყალს ყოველდღე ვუცვლიდი, სამსახურიდან მოსული წყალს ვადუღებდი, ტაშტში ვასხამდი და აკვარიუმს თევზის გასათბობად ცხელ წყალში ვდგამდი, დასასვენებლად ვერ მივდიოდი, ვერ ვტოვებდი - გაყინული დამხვდებოდა... შევძვერი ინტერნეტში, დავადგინე რა უნდა მეჭმია, კარგი მოვლისგან თევზი ისე გასუქდა, 5 აკვარიუმი გამოვუუცვალე, ბოლოს 100 ლიტრიანში მყავდა, სუპერგამათბობელი და უზარმაზარი ჟანბადის აპარტი ვუყიდე (აკვარიუმის ზომის ზრდასთან ერთად, მერამდენე ვინ იცის)... 8 წელი ბედნიერად იცხოვრა ჩემთან... რომ მომიყვანეს, 2,5 სმ იყო... ბოლოს ღაბაბი დაედო სიმსუქნისგან და სიბერისგან გარდაცვლილი 28 სმ-იანი მივაბარე მდინარე ვერეს ტალღებს...
იტყვიან, თევზის მოვლას რა უნდაო, არ დაიჯეროთ... მარტო აკვარიუმის ხეხვას ვერ აუხვალთ. ახლა "უშანგი" მყავს, მაგრამ უკვე გამოცდილი მეთევზე ვარ და "გურამასავით" არ გამიბლატავებია...ვიცი როგორ მოვუარო და მაშინდელივით აღარ ვწვალობ.
არა, გენაცვალე, ცხოველები და ამდაგვარი რამ სახლში არ შეიშვებიან. ჩემს მეგობრებს მინდა ვთხოვო რომ ასეთი ტიპის საჩუქრების ჩუქებისგან თავი შეიკავონ. თუ მაინც და მაინც გადაწყვეტთ რომ მაჩუქოთ რაიმე ცხოველი მაშინ გაიხსენეთ რომ ფუმფულა თევზები, კურდღლები, გველები და ასე შემდეგ არსებობს (ოღონდ პატარა ზომის), რომლებიც ნამდვილად არაფერს მავნებს და არც ბევრ საზრუნავს გამიჩენს. ხომ იცით, რამდენი ბავშვი მყავს მოსავლელი, ცხოველების მოვლას ნამდვილად ვეღარ შევძლებ. თუმცა ფუმფულა სათამაშოები მთლად უწყინარი არ გეგონოთ. დროთა განმავლობაში თუ არ გარეცხეთ ბაქტერიების ბუდეთ იქცევა. ერთხელ ჩემს ბიჭუნას დაბადების დღეზე უზარმაზარი ძროხა და ნამდვილი ძაღლისხელა თეთრი კოლი აჩუქეს. ბავშვმა ესენი რომ დაინახა ღრიალი მორთო და ძლივს გავაჩერეთ. ეს ორი სათამაშო იმხელა ადგილს იჭერდა რომ აღარ ვიცოდით სად წაგვეღო, ფეხებში გვებლანდებოდა. ბოლოს ისე მოხდა რომ ხელის ყოველი გადასმისას მტვრის და ბქტერიების ბდღვირი დგებოდა. ასე რომ საბოლოოდ ეს ორივე სათამაშო ნაგვის ბუნკერების წინ აღმოჩნდა. ვინ იცის ეხლა რომელ ოჯახში ცხოვრობენ:))ასე რომ, მეგობრებო, უხერხული საჩუქრებისგან თავი შეიკავეთ.
მაგ ფუმფულა სათამაშოებზე უნდა მოგახსენო... ძალიან მიყვარს და სულ მჩუქნიან, მეც ხშირად ვყიდულობ. ჰოდა, წელიწადში ზუსტად ორჯერ იწყება, ფერების მიხედვით, სარეცხ მანქანაში დაბზრიალების და მერე აივანზე შრობის ცერემონია. მაგრამ შენი თქმის არ იყოს, ზოგიერთი თავისი ზომით სარეცხ მანქანას ბევრად აღემატება და შედეგად, ვდგავარ აბაზანაში და ზურგს ვუხეხავ შამპუბში აქაფებული ღრუბლით. ამ ახალ წელსაც წამოვიწყე იგივე პროცედურა. უზარმაზარი სტაფილოსფერი გიბონი მყავს დიდი ღიპით და ვარდისფერი დრუნჩით. გავხეხე, გავაწკრიალე და აივანზე გავაგდე... 3 დღე იწრიტებოდა. როგორც იქნა გაშრა და ... აღმოჩნდა, რომ შიგთავსი დაჯდა, დაიწია და საბრალო არსებას გასიებული საჯდომი და გამოცარიელებული და დაჩუტული თავი შერჩა. ხალხში აღარ გამოიჩინებოდა და დროებით საკუჭნაოში გავაბრძანე, მაგრამ მომიწევს გარღვევა და ახალი სატენით ამოვსება. ისეთი ადამიანის ნაჩუქარია და თანაც ისე გავს...არაფრით არ გამოვა ბუნკერთან მისი დაყუდება :)))
Post a Comment