10.1.11
კუდიანების წვნიანი დიეტის მოყვარულთათვის
Approved byამბობენ, რომ მამაკაცის ყველაზე ახლო მეგობარი ქალია (რაშიც მე ეჭვი მეპარება - მანქანას კონკურენციას ნამდვილად ვერ ვუწევთ). ქალის ყველაზე ახლო მეგობარი და, ამავე დროს, მისი ყველაზე ულმობელი მტერი, პირში სიმართლის მთქმელი სასწორია. სასწორი - სასწორად, მაგრამ ამ ქვეყნად ქალი არ მეგულება, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მჯდარა დიეტაზე (თუ არ მჯდარა, - არ მოუნდომებია). ძალიან ხშირად ქალების თავყრილობაზე ერთ-ერთი ძირითადი სალაპარაკო თემა, სწორედ დიეტა და ზედმეტი კილოგრამებია (მათთვისაც კი, ვისაც კილოგრამი კი არა, ზედმეტი გრამი არა აქვს). თავისი გარეგნობით ბოლომდე კმაყოფილი ქალი ალბათ არც არსებობს, ისიც კი, ვისაც თავი გულწრფელად ულამაზესი ჰგონია.
ჩვეულებრივ, ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას საპატიოდ დაბრძანებული, დღესასწაულების დროს კი კარადის ქვეშ საგულდაგულოდ დამალული და დავიწყებული სასწორი ხელის კანკალით და გულის ფანცქალით გამოვიღე. წინასწარ ვიცოდი, რომ გუნება გამოფუჭდებოდა, მაგრამ მაინც არ შევეპუე რეალობას და მორჩილად ავიწონე. კატასტროფას თვალი ბედსშეგუებულად გავუსწორე. მაგრამ არც მთლად უიმედოდაა საქმე. უკვე გამოცდილი ვარ და, ყველაფერი გამოსწორებადია. ყოველ წელს, იანვრის დღესასწაულების შემდეგ, როცა მოყირჭებულ საჭმელს (ნუგბარების ჩათვლით) თვალს ვარიდებ, ყველაზე მორგებულ სამოსს კარადაში ოხვრით ღრმად ვინახავ და საგანგებოდ ასეთი შემთხვევებისთვის გადანახული 2 ზომით დიდი ტანსაცმელი გამომაქვს, ერთი და იგივე პროცედურა მეორდება: კარგად გაცვეთილ ბლოკნოტს ვიღებ და მრავალნაცადი დიეტების უკიდეგანო ნუსხაში ვიქექები.
სხვების არ ვიცი და, მე ზარმაცი ადამიანი ვარ და ადვილი და სწრაფი შესამჩნევი შედეგის მომტან დიეტას დავეძებ (აქვე გეტყვით, ბუნებაში ასეთი დიეტა არ არსებობს. შრომის და წვალების გარეშე, დაგროვებული კილოგრამები თავისით არ ქრება). მე და ჩემმა მეგობარმა, რომელსაც იგივე დღეებში იგივე პრობლემა აწუხებდა, რაღაც ამდაგვარი აღმოვაჩინეთ და ჩვენებურად კიდევ უფრო გავამარტივეთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ვარიაციების შედეგად დიეტას ეფექტურობა არ დაუკარგავს.
როგორც ყოველთვის, შარშანაც, სანამ დიეტაზე დავდგებოდით, საწყის წერტილად „მომდევნო ორშაბათი“ არ გველეოდა. დათქმული ორშაბათის მთელი ხიბლი წინა დღეს განუსაზღვრელი ოდენობის ნამცხვრებსა და ტკბილეულთან გამომშვიდობებაში მდგომარეობდა. მორიგი გამოსათხოვარი საღამოს შემდეგ 2 ზომით დიდი შარვალიც რომ ვეღარ შევიკარი, განგაში ავტეხე და დილაუთენია გავქანდით დიეტური სუპისთვის პროდუქტების შესაძენად. დიეტის მთელი მომხიბვლელობა იმაში გამოიხატება, რომ ინგრედიენტების და დაცვის სიმარტივესთან ერთად, სულ რაღაც 3 დღე გრძელდება.
პირველ დღეს სუპი გვეგემრიელა კიდეც, მეორე დღეს ამრეზით ვუყურებდით, მესამე დღეს, როცა კომბოსტო წყალმცენარის კონსისტენციამდე დარბილდა, ყველაფერს კომბოსტოს სუნი ასდიოდა, ყავასაც კი... სიგარეტს კომბოსტოს გემო დაჰკრავდა.
წვალებად ღირდა. შედეგმა გაგვაოცა და გავიმეორეთ და გავიმეორეთ და გავიმეორეთ... ყოველ გამეორებაზე სუპისადმი ჩვენი დამოკიდებულება იცვლებოდა, გაუთავებლად მასზე ვლაპარაკობდით, ოჯახის წევრად გვექცა, ოფიციალური „სუპი“ ალერსიან „სუპჩიკად“ გადაიქცა. ქურასთან დგომა და დიდი ქვაბით მისი მომზადება ტრადიციული რიტუალი გახდა.
დიეტის, აღარ მახსოვს მერამდენე ეტაპზე, რაღაც დეტექტივს ვკითხულობდი, სადაც მოქმედი პირი ზომაზე მეტად გასუქებულ დეიდას დიეტური სუპის მომზადებას ურჩევს: „берем кочан капусты, помидори, лук, перчик“... ინგრედიენტების სიზუსტემ შემზარა. მეგონა, ჰალუცინაციები დამეწყო - უკვე წიგნებშიც ჩვენს დიეტაზე წერდნენ.
დიეტა სასწრაფოდ შევწყვიტე, მაგრამ ჩემი მეგობარი უფრო ჯიუტი აღმოჩნდა, მოიძია ამ სუპის ნამდვილი და „ნავაროჩენი“ ვარიანტი.
ორი დღე მორალურად ეგუებოდა რეცეპტის ინგრედიენტების ერთმანეთთან და მის გემოვნებასთან შეუთავსებლობას (საღ გონებაზე, ამ პროდუქტებს ერთ კერძში არავინ ჩაყრის). ბედს შეეგუა, მოიმარჯვა ყველაზე დიდი ქვაბი და, ზღაპრული ჯადოქრებისთვის შესაშური მონდომებით დაიწყო, როგორც თვითონ უწოდებდა ამ „შხამისა და სამსალის“ მოდუღება.
მიღებული წვნიანის გემო იმდენად შემზარავი იყო, რომ გულწრფელად სჯეროდა, ბოსტნეულის ნაცვლად ყვავის ნისკარტი და ბაყაყის თათები ჩავყარეო. თავგანწირვით ჭამდა, თან სამი დღე კი არა, ერთი კვირა! სადღაც მესამე დღეს ხასიათში ცვლილება შეამჩნია და შეშფოთებულმა დამირეკა: „მგონი ვბოროტდები“. მეხუთე დღეს აღნიშნა, რომ გარშემომყოფებს დაუზარლად ტუქსავდა და თვითონ ტკბებოდა საკუთარი სიბოროტით. მოჭარბებული ენერგიისაგან გაუთავებლად ლაპარაკობდა, ენას არ აჩერებდა და ყველას დასცინოდა. მეშვიდე დღეს სუპს ოდა მიუძღვნა:
„მთავარი ინსტრუქცია სუპის მომზადებისთვის:
ინგრედიენტების ქვაბში ჩაყრისას უნდა წაიკითხოთ:
Супчик милый, дорогой,
Витаминный, золотой,
Сельдерея завари,
Лишний жирчик убери.
(პარალელურად ურევ ხის კოვზით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით)
И капуста и морковка,
Сладкий перец – все готово.
Зелье, деве помоги,
Мой животик уменьши.
Помидорчик спелый, сочный,
Ты с фасолью мне поможешь,
Бедрам стройность сохрани,
И целлюлит мой прогони!
Я надеюсь, уповаю,
Супчик жадно уплетаю.
Быстро таю на глазах,
И вот я уже в старых штанах!
ამ ტექსტის წაკითხვა - მინუს 2კგ
გამოთქმით წაკითხვა - მინუს 2,5კგ
შთაგონებული სახით წაკითხვა - მინუს 3კგ“
როგორც ხედავთ, ბევრი სხვა დიეტისგან განსხვავებით, თვითგვემა შედეგიანი აღმოჩნდა: გარეგნობაც გააუმჯობესა, განწყობაც აამაღლდა და პოეზიის ფარული ნიჭიც გამოავლინა...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
2 კომენტარი.:
ამ ბოლო დროს უდიეტოდ ვხდები, ამაში ჩემი სამსახურის სახელობის რეჟიმი მეხმარება.
ეს რა გამახსენეთ...ისე, მომენატრა ეგ სუპი, ხომ იცი :) უნდა შევქმნა!
Post a Comment