30.1.11
ტოსკანური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე „მხცოვანი“ წევრი „კანტუჩინი“
Approved byნუშის ორცხობილა „კანტუჩი“ (ან „კანტუჩინი“) პირველად მოხსენიებულია აკადემია დელა კრუსკას მე-17 საუკუნის ლექსიკონში, მაგრამ სახელი მოგვიანებით გაითქვა, როცა 1867 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა. წარმოშობით პრატოელია, ანუ ჭეშმარტი ტოსკანელი (ასეც ეძახიან: „ორცხობილა პრატოდან“). გადმოცემის თანახმად, მისი წარმოშობა დაკავშირებულია ფაქტთან (რაც სინამდვილეს ჰგავს), რომ ღარიბებს კარგი და ძვირადღირებული ტკბილეულის ყიდვის შესაძლებობა არ ჰქონდათ და ნამცხვრის გამომშრალი კიდეების შეძენით კმაყოფილდებოდნენ (სახელწოდებაც სწორედ „კუთხეს, კიდეს“ ნიშნავს). ამასვე უკავშირდება დარბილების მიზნით, კანტუჩინის ადგილობრივ ტკბილ ღვინოში „ვინსანტოში“ ჩაწობის დღესაც არსებული ტრადიცია. სხვათა შორის, კანტუჩინი ჰერმან ჰესეს საყვარელი ორცხობილა გახლდათ, რომელიც თვლიდა, რომ მას გუნება-განწყობის ამაღლება შეუძლია.
შემადგენლობა: 200გ გაფცქვნილი ნუში, 400გ ფქვილი, 4 კვერცხი, 250გ, ვანილი, 0,5ჩკ სოდა, მარილი, ლიმონის ცედრა.
ნუში გაფცქვენით (არ დაჭრათ) და უცხიმოდ მოხალეთ. 3 კვერცხის ცილას ერთი მწიკვი მარილი დაამატეთ და კარგად ათქვიფეთ. 3 კვერცხის გული შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ, მიღებულ „გოგლი-მოგლში“ უკვე მომზადებული ცილა ძალიან ფრთხილად დაამატეთ და ასევე ფრთხილად აურიეთ. დაამატეთ ნუში, ლიმონის ცედრა და ისევ გადაურიეთ, მერე ჩაამატეთ ფქვილი და ძმარში ან ლიმონის წვენში გახსნილი სოდა. მიღებული ცომი 2-3სმ დიამეტრის მქონე რულეტივით დაახვიეთ, წაუსვით ეულად დარჩენილი მეოთხე კვერცხი (რაღა თქმა უნდა, ესეც ათქვეფილი), მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში და 175 გრადუს ტემპერატურაზე აცხეთ 35 წუთის განმავლობაში. ცხელი „რულეტი“ დაჭერით 1სმ სისქის ნაჭრებად, გააგრილეთ და მიირთვით.
ღვინოში ჩაწობაზე რა გითხრათ, არ მიცდია, მაგრამ დამიჯერეთ, ჩაის და ყავას ძალიან უხდება. და კიდევ, კანტუჩინი საკმაოდ დიდხანს ინახება და მეორე და მეხუთე დღესაც ისეთივე გემრიელია, როგორც ღუმელიდან ახლად გამოღებული.
კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
2 კომენტარი.:
მე მიცდია და უგემრიელესია! ოღონდ ვინ სანტოში და არა ნებისმიერ ღვინოში, ეს ღვინის განსაკუთრებული სახეობაა, მაღალ გრადუსიანი და ტკბილია, როგორც წესი მონასტრებში მზადდებობა და საერთოდ ჩემი უსაყვარლესი დესერტია: Cantunccini con vin santo
კეთილი შურით მშურს! თვითონაც ვაკეთებ და ე.წ. ქარხნულიც გამისინჯავს (ჩვენთანაც იყიდება უკვე), მაგრამ ვინ სანტოში ნამდვილად არასდროს ჩამიწია! მე ყავასთან ვაკნატუნებ ხოლმე :)
Post a Comment