ბანქო, ფეხსაცმელი და ფინჯნის ფსკერზე დანახული მომავალი

Approved by Natia Jinjolava

აღარ მახსოვს, ვინ და როდის დაიკვნესა, 7-დან 17-იანვრამდე მკითხაობისთვის საუკეთესო დღეებიაო. მე თუ მკითხავთ, მკითხაობა გართობის ერთ-ერთი სახეა და როცა მოგესურვებათ, მაშინ იმკითხავეთ,  მთავარია, არ დაიჯეროთ და ცხოვრების პრინციპად არ გაიხადოთ. როგორც უკვე იცით, გართობის არცერთ შანსს ხელიდან არ ვუშვებ, ოფიციალურ მკითხავებთან კატეგორიულად არ დავდივარ, მაგრამ ყავის ჭიქას მეგობრებს სიამოვნებით ვუბრუნებ. ჰოდა, ერთხელად ჩამოვრეკე ჩემს თანამზრახველებთან, დავავალე, მოეძიებინათ სახალისო მკითხაობები და შეკრებაც დავთქვით.
მსგავს ენთუზიაზმს არ მოველოდი. ვინ ყავის მარცვლები მოზიდა, ვინ - სანთელი გასადნობად, ერთმა ნაცარზე მკითხაობაც კი მოქექა! მეორემ ბებიამისის ნაქონი და მრავალჭირნახადი ბანქო გააძრო და შევუდექით... ყველაზე დიდი ინტერესი და მხიარულება ცვილზე მკითხაობამ გამოიწვია. ადნობ სანთელს, ასხამ წყლიან ჯამში. გაციებული ცვილის ნაგლეჯს ყველაზე დიდი და მდიდარი ფანტაზიის მქონე მეგობარს გადაულოცავ და ისიც შეეცდება სანთლის შუქზე კედელზე ცვილის ნადნობის ჩრდილის ფიგურები დაინახოს და შენი მომავალი განჭვრიტოს. ერთიდაიგივე ნაღვენთზე ზოგი ქათამს ხედავს და ზოგი - სავარძელს, მოკლედ, ვის რისი დანახვა სურს. დამიჯერეთ, ფრიად სახალისო პროცესია. თუმცა სახიფათოც. ელექტროღუმელზე სანთლის დნობა-დნობაში ცვილიანი ჭურჭელი გადაგვიყირავდა და ცვილი სპირალზე დაგვეღვარა. შესაშური შუაცეცხლი გაგვიჩნდა. უნდა გენახათ ამ სახელდახელოდ და სიტუაციის შესაფერისად გაჩენილი ჭიაკოკონის ირგვლივ როგორ დავხტოდით. დამწვარი სანთლის სუნს ნუღარ იკითხავთ, ოთახს ერთი კვირა ვანიავებდით. ახლაც მიკვირს, ჭერი რატომ არ გაიმურა...
ერთ ახალი წლის ღამეს მეგობართან დაქალობა შევიკრიბეთ (მაშინ ყველანი გაუთხოვარ-დაუკვალიანებლები ვიყავით) და დედამისმა ასეთი გასართობი შემოგვთავაზა: კარებიდან ფეხსაცმელი ისროლეთ, ვისიც ცხვირით კიბიკენ  დავარდება - ბედს ეწევა, ვისიც ცხვირით სახლისკენ  - კიდევ ერთი წელი მოუწევს ლოდინიო. ატყდა ფეხსაცმლის სროლა... ზოგიც ცხვირით იქით დავარდა, ზოგიც აქეთ დაეპერტყა, ერთადერთმა „ნიჭიერმა“ მოახერხა ისე ეტყორცნა, რომ მისი ჩექმა გარდიგარდმო დავარდა. არც კარისკენ და არც სახლისკენ... ჯერაც ვერ დავადგინეთ ეს შედეგი რას ნიშნავს.
ეგ არაფერი, „ავადსახსენებელი“ უშუქობის წლებში მე და ერთმა ჩემნაირად ჭკუამხიარულმა მეგობარმა საბედოს სახელის გაგება განვიზრახეთ. ვიღაც ჩვენზე უფრო „გონიერმა“ გვასწავლა, შუაღამისას გარეთ უნდა გახვიდეთ და პირველივე შემხვედრ მამაკაცს სახელი ჰკითხოთო. ჰოდა, გავედით. ვდგავართ უკუნეთში, ვიყინებით და ველით. ქუჩაში ჩვენნაირი „უპატრონო“ ძაღლიც არ დადიოდა. დიდხანს ვიდექით და აი, ისიც! შაჭირო სქესის ნანატრი გამვლელის დანახვა ისე გაგვიხარდა, სადარბაზოდან ყაჩაღებივით გადავუხტით და ჩვენზე მეტად შეშინებულ ბიჭს სახელი მოკრძალებულად ვკითხეთ. ბიჭი დაიზაფრა, ჯერ საფულის შემოჩეჩება დააპირა, მერე საათის მოხსნა დაიწყო, ძლივს გავაგებინეთ საბრალოს, რა გვინდოდა. აი, აქ კი შური იძია: „გოგა, ანუ სიკვდილა“, მოგვაძახა და უკანმოუხედავად გაგვეცალა. ჩემი საბედოს სახელი გაირკვა (კი არ მეამა, მაგრამ...), ახლა მეორის ჯერი დადგა. კიდევ დიდხანს ვიტუზებოდით სადარბაზოში. როგორც უფრო გულადს, გასაუბრებამ მეორე მსხვერპლთანაც მე მომიწია... სხვათა შორის, უნდა ვაღიარო, რომ იმ ღამეს მოსმენილი ორივე სახელი, რატომღაც მხოლოდ მე ამიხდა...
უშუქობამ და მკითხაობამ კიდევ ერთი ისტორია გამახსენა: კვლავაც ტოტალური უდენობის და უყველაფრობის პერიოდია და  იმერეთიდან სტუმარი მეწვია. აიჩემა, თეფში დავატრიალოთო. მთელი დღე ტვინს ბურღავდა. რომ გაგვეჩუმებინა, ქაღალდი და ფარგალი შევაჩეჩეთ და სამარჩიელო დაფის ხაზვით დავასაქმეთ. დაღამდა, უსინათლოდ ჯდომა მოგვწყინდა და დავნებდით. პირველი რაც ვიკითხეთ, დენი როდის მოვაო (აქტუალური თემა გახლდათ). ცხრაზეო, დაგვპირდა თეფში. მერე ჩემმა სტუმარმა ინიციატივა ხელში ჩაიგდო და თავისივე მართულ თეფშს კითხვები დააყარა, ვინ იქნებოდა მისი საბედო, რა ერქმეოდა, ზაფხულობით სად დაისვენებდა... მოკლედ, მე და ჩემს მეგობრებს მისი მომავლის დეტალების მოსმენა მალე  მოგვწყინდა. ამასობაში საჭირბოროტო კითხვასაც მიადგა, როდის მოვკვდებიო, იკითხა ხმის კანკალით. მსგავსი სისულელე ვეღარ ავიტანე, თეფშს  მივაწექი და ხვალ-თქო, დავემუქრე. იქ ამბავი ატყდა! რომელ საათზეო, ვინ მომკლავსო, რა გზით, რა ხერხითო... მკვლელის ვინაობაზე მე და ჩემს თანამოაზრეს აზრთა სხვადასხვაობა გაგვიჩნდა და თეფშს გვარიანად ვეჭიდავეთ კიდეც... სტუმარი ისეთ პანიკაში ჩაგვივარდა, შეგვეცოდა და გამოვუტყდით. არ დაგვიჯერა. როგორ არ ვარწმუნეთ, როგორ არ ვამშვიდეთ... თავის მეგობრებს ჩამოურეკა და სათითაოდ გამოჰკითხა, თეფშის თუ გჯერათო. იძულებული გავხდი, სახეში ჭიქით წყალი შემესხა. ამანაც რომ არ გაჭრა, საათს დავხედე და გახარებულმა ვუთხარი: ხომ ხედავ, ათის 2 წუთია და დენი არ მოვიდა, თეფში იტყუება-მეთქი. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, ჭაღი გაჩახჩახდა...
ჩვენი ტანჯვის შესახებ ბევრს არ გავაგრძელებ, უბრალოდ დაგამშვიდებთ, მას მერე ბევრი წელი გავიდა და ჩვენი დაზაფრული სტუმარი დღესაც სტამბულის კაჟივით ჯანმრთელი და ყველა თეფშიც ჯიბრზე, ცოცხალზე ცოცხალია...
აქედან მორალი: სანამ კითხვას დასვამთ, კარგად დაფიქრდით, პასუხის მოსმენა რამდენად გაგაბედნიერებთ და მკითხაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადახარშვის ნიჭი თუ არ გაქვთ, შარს ნუ გაიჩალიჩებთ!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

2 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    ერთი ეს ნახეთ! ჩასვლაც მოუსწრია, დასვენებაც და მშვენიერი პოსტის გამოცხობაც! გეტყობა, თვითფრინავში მოიწყინე გუშინ ღამით! წარმატებებს გისურვებ!

  1. Aunt Polly

    თვითმფრინავში არა და, სახლში შემოსულს და შემოქაქანებულს, უძილობა და ენერგიის მოზღვავება "დამემართა", ჩვეულებამაც თავი იჩინა და...

Post a Comment