6.10.11
კონკიას დედინაცვლის სინდრომი
Approved by
ალბათ ბევრი გაოცდა ჩვენი სტატიის სათაური რომ წაიკითხა, ეს რაღა სინდრომიაო.
რა ბატონო ჩემო და, ვისაც დიდი ხნის წინ წაკითხული ან ძილის წინ ბებიის მონათხრობი
და აწ-დავიწყებული ზღაპარი აღარ გახსოვთ, შეგახსენებთ - კონკიას დედინაცვალს ყველა
სხვა დედინაცვალზე უკეთ ეხერხებოდა გერის გასამწარებელი უცნაური და უაზრო დავალებების
შექმნა-მოგონება-პრაქტიკაში დანერგვა. ალბათ ფრანგი ქალბატონიც ქართველებისთვის საყოველთაოდ
და კარგად ცნობილი პრინციპით „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობია“ სარგებლობდა, როცა კონკიას
ერთმანეთში არეული მუხუდოსა და ოსპის მარცვლები იატაკზე დაუყარა და მათი ცალ-ცალკე
გადარჩევა მოსთხოვა. განსაკუთრებით კირკიტა მკითხველებისათვის: პატარები აღარ ვართ
და ჩვენც მიგვავიწყდა, ეგებ არც მუხუდო იყო და არც ოსპი და საქმე სულაც ქერს ან ხორბალს
ეხებოდა (ვინ იცის და მექსიკურ თარგმანში ეგებ სიმინდის მარცვლებიცაა), მაგრამ ამის
გარჩევა აგრონომებისა და ნატურალისტ-ბიტანიკოსებისათვის მიგვინდია, ჩვენთვის კი მთავარი
იდეა და უფროს-უმცროსობის, ანუ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანისადმი დამოკიდებულებაა.
თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ყოველთვის თუ არა, ერთხელ მაინც ჰყოლია უფროსი,
რომელიც თავისი უაზრო და უსარგებლო დავალებებით ცხოვრებას უმწარებს თანამშრომლებს და
ასე ცდილობს საკუთარი ავტორიტეტის საკუთარივე თვალში ამაღლებას, თორემ სხვებისგაბ ზურგსუკან
და გულში მოგუდულად მიყოლებული შეკურთხების გარდა ვერაფერს იმსახურებს.
ახლა ერთ-ერთ ასეთ უფროსზე (ამჯერად ერთზე, თორემ ასეთები მრავლადაა) მოგიყვებით:
ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაცია კონტრაცეფციის საშუალებებს არიგებდა უფასოდ.
ერთხელაც, პრეზერვატივების ახალი პარტია შემოზიდეს და... „იდეინმა“ უფროსმა თანამშრომლებს
უხმო.
საკონფერენციო დარბაზში საგანგებო და სასწრაფო თათბირზე შეკრებილი პერსონალის
წინაშე კაცმა პრეზერვატივების ყუთი უმოწყალოდ გაფატრა, შიგთავსი მაგიდაზე გადმოფერთხა
და შეფიქრიანებულ ხელქვეითებს დავალება ადგილზევე თვალსაჩინოდ აუხსნა. სახაზავი და
ბლოკნოტი მოიმარჯვა და ცარიელი „ტარას“ აზომვას შეუდგა. რომ მორჩა და სიგრძე, სიგანე,
სიმაღლე, კუბატურა, მოკლედ, ყველა პარამეტრი ზედმიწევნით შეისწავლა და ჩაწერა-ჩააგვირისტა,
თანამშრომლებს მიუბრუნდა: „დანარჩენი ყუთებიც ზუსტად ასე გაზომეთო“. თორმეტი თანამშრომელი
რამდენიმე დღე საგულდაგულოდ ირჯებოდა: დაუღალავად და ენთუზიაზმით ზომავდა ზუსტად ერთნაირ
კოლოფებს (დერეფნებში სამუშაო საათების განმავლობაში პერიოდულად ისმოდა შრომის ომახიანი
შეძახილები: ურმული და ოროველა). დღემდე საიდუმლოდ რჩება ამ დავალების არსი და მიზანი.
შემთხვევით ვინმემ თუ იცით, არ დაიზაროთ, მოისხით ჩვენი მადლი და გაგვანათლეთ.
ზომვა-ხაზვაში გაწაფული ჩვენი მეგობარი, რომელიც ზემოხსენებული სამუშაო
ჯგუფის წევრი გახლდათ, გამორჩეულად იღბლიანი გამოდგა და მომდევნო უფროსთან უფრო მეტად
გაუმართლა. ამჯერად არა „იდეინი“, არამედ „იდეებ რა ვუყო“ შეფისგან კიდევ უფრო მეტად
ორიგინალური და თან მუდმივმოქმედი დავალება მიიღო: სრულიად ოფისი უნდა გაეფორმებინა,
ოღონდ არ იკითხავთ, რითი? კალენდრებიდან და ჟურნალებიდან კარიკატურები და ლამაზი ფოტოები
აკურატულად უნდა ამოეჭრა, მერე ჩარჩოში ჩაესვა და კედლებზე დაეკიდა!
ჩვენი სხვა მეგობარი კიდევ უფრო იღბლიანი აღმოჩნდა: მისი სამსახურის ხელმძღვანელი
საქართველოს მასშტაბით მივლინებებში დადიოდა ხოლმე. ნორმალურ სიტუაციაში და ნორმალურ
ხალხთან, როგორც წესი, უფროსის სადმე გამგზავრება უხარიათ ხოლმე - სამსახურში ნაკლები
საქმე და მეტი თავისუფლებაა. ნურას უკაცრავად, სამსახურში დარჩენილ გოგოს გზაში მყოფი
უფროსისგან ყოველ თხუთმეტ წუთში მსგავსი შინაარსის მესიჯები მოსდიოდა: „ყვავილების
მორწყვა არ დაგავიწყდეს!“; „ჩემთან სახლში დარეკე, ძაღლი გაასეირნონ“; „ორი წლის წინანდელი
ქვითრები დაახარისხე“... და ასე გაუთავებლად. თანამშრომლებმა რომ გადაწყვიტეს, მეტის
მოფიქრება შეუძლებელიაო, მეტისმეტად საქმიანი უფროსისგან სწორედ მაშინ მოვიდა მორიგი
შეტყობინება: „შარშან ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში გემრიელად ვისადილე. დღეს საღამოს
ვახშამი იქ შემიკვეთე. რესტორნის სახელი არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ზღვას გადაჰყურებდა“...
საგონებელში ჩავარდნილმა გოგომ აცნობა, რომ ასეთი „ამომწურავი“ მონაცემების მიუხედავად,
დავალება ვერ შეასრულა და თანამშრომლის მდგომარეობაში შესულმა უბოროტო უფროსმა გამოსავალი
უმალ მონახა: „მაშინ, რაღაც კარგი თურქული რესტორანია ბათუმში და ის მონახეთო“. ამ
ალტერნატივასაც ერთადერთი მინიშნება ჰქონდა, თურქული რესტორანიც ზღვას გადაჰყურებდა...
კრეატიული უფროსების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, პირველ ადგილს უთუოდ
კიდევ ერთი ჩვენი ახლობლის უფროსი დაიკავებს, რომელმაც თავის თანამშრომელს - ერთ (!)
ადამიანს დაავალა, ორი დღის ვადაში გაეკეთებინა ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის სრული
და ამომწურავი მიმოხილვა... ვინც უცებ ვერ ჩასწვდა დავალების აზრს, იმათთვის: ჯერ წარმოიდგინეთ
ევროპაში რამდენი ქვეყანაა და მერე ამ ქვეყნებიდან თითოეულს რამდენი კანონი აქვს და
თან სცადეთ ორი დღის ვადაში იპოვოთ უნგრეთის ან ისლანდიის ყველა კანონი თქვენთვის ხელმისაწვდომ
ენაზე... აღარ ვლაპარაკობთ ამ კანონების თუნდაც ზედაპირულად გადახედვაზე და მერე მათი
მიმოხილვის მომზადებაზე.
ამას რომ ვწერდით, კიდევ ერთი ისტორია გაგვახსენდა: ზუსტად რომელი წელი
იყო აღარ გვახსოვს (ზვიად გამსახურდიას დროს), ფოთის მერი საღამოს სახლში რომ ბრუნდებოდა,
ქუჩაში საძოვრიდან სახლისაკენ პატიოსნად მიმავალ ძროხებს და ღორებს შეუწუხებია. ერთ
დილასაც, სამსახურში მისულ მერს გენიალური იდეა მოუვიდა და სასწრაფოდ გამოაცხო ბრძანება:
„ქ. ფოთის ქუჩებში მაწანწალა ღორებისა და ძროხების უკანონოდ გადაადგილების თაობაზე“
და საბრალო პირუტყვებს კომენდატის საათი დაუწესა. ექვსი საათის მერე ქუჩაში დარჩენილ
საბრალო ცხოველებს პოლიცია აპატიმრებდა და იმ რესტორნისკენ მიათოხარიკებდნენ, სადაც
მერი ვახშმობდა... უნდა გენახათ, ფოთის მოსახლეობა ექვსის ნახევარზე როგორი თავგანწირვით
მიერეკებოდა შინისაკენ შინაურ საქონელს.
ფოთის ექს-მესვეურის გამომგონებლობას ძნელად თუ აჯობებს ვინმე, მაგრამ
ვინ იცის... ზოგიერთ ჩვენთაგანს სამსახურში საკუთარი საქმის ისეთი ენთუზიასტები გველიან,
რომ იქნებ ამ სტატიის გამოქვეყნებამდეც მოგვიწიოს მორიგი შედევრალური დავალების შესრულება.
არ დაგზარდებით და იმასაც მოგიყვებით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი უფროსობისგან მრავალ ნატანჯ-გაწამებული მაგრამ დღემდე ცოცხალი იფიგენია, მერი და პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment