მაჭანკლობა - სახიფათო პროფესიაა...

Approved by Natia Jinjolava


სკოლა ახალდამთავრებული მქონდა, მეგობართან ვიყავი სტუმრად და დავიკვნესე: „გათხოვება არ მინდა-მეთქი“. მეგობრის საკმაოდ ახალგაზრდა და გაუთხოვარი დეიდა მომიბრუნდა და მითხრა: თავს არ იცი სად ყოფ - ცხოვრებას გაგიმწარებენ კითხვებით - „არ თხოვდები?“ და ეგ არაფერი, ოცდაათწელს ზევით ამ კითხვას მეორეც დაემატება - „რატომ?“-ო. და მართლა მაინტერესებს, რა უნდა უპასუხოს ახალგაზრდა ქალმა ამ კითხვას? რატომ არ თხოვდება. 1. ალბათ არავინ არ თხოულობს; 2. ალბათ ღირსეული არ თხოულობს; 3. არ უნდა და არ თხოვდება; 4. კაცი არაა, რომ ვინმე იქით მოიტაცოს; 5. ვერავინ ვერ შეაბა; 6. თავადაც არ იცის რატომ... თუმცა, მსგავს კითხვაზე პასუხის გაცემით შეგიძლიათ თავი არ შეიწუხოთ, მკითხველს (წიგნის არა, შეკითხვის დამსმელი მყავს მხედველობაში) საკუთარი გამზადებული პასუხი აქვს: „წუნია იქნები შენ ალაბათ, ასე არ შეიძლება“... და თან გამომცდელად გიყურებს თვალებში - აინტერესებს რამდენად ძლიერად და ზუსტად დაგაჭირა ფეხი მისი აზრით ყველაზე მტკივნეულ ადგილას. ალბათ, ჭკვიანური იქნებოდა, ასეთ ადამიანს მიუბრუნდე და კითხო, რატომ აქვს ასეთი მონგრეული ფეხები; გრძელი ცხვირი; დიდი უკანალი ან რატომ ყავს მის ქმარს საყვარელი და რატომ არ მიდის ახლში თვეობით, ან რატომ ზის მისი შვილი ქურდობისთვის და აგერ უკვე მეოთხე თვეა რატომ არ უბრუნებს მეზობელს სულ ორი დღით ნასესხებ ხუთ ლარს... მაგრამ, სამწუხაროდ, მკითხველისთვის უცხო ხილი - კარგი აღზრდა და ტაქტი არ იძლევა ხოლმე ამის საშუალებას.
თან, როგორც წესი, მსგავსი ამბებით სწორედ ის ინტერესდება და რჩევებსაც ის იძლევა, ვისაც თავდაყირა დამდგარი და მტერს რომ არ უსურვებ ისეთი პირადი ცხოვრება აქვს. ასეთმა ადამიანებმა ყოველთვის ზედმიწევნით იციან სამეზობლოსა და ნათესაობაში ვინ ვის ხვდება, ვის ვინ უყვარდა და რა ეტაპზეა მავანთა და მავანთა რომანი. და რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ ერევათ დეტალები. 30 წლის უნახავ გაუთხოვარ ნათესავთან შეხვედრისას აუცილებლად მოიკითხავენ ყველას, ვისაც კი „გაუთხოვრად დარჩენილი“ ხვდებოდა (ბაღში პარალელურჯგუფელი ცისფერშორტებიანი ბიჭუნას ჩათვლით) თავისი ცხოვრების მანძილზე. ხვდებოდა რას მიქვია, ვინმესთვის თუ გაუღიმია, ისიც ახსოვთ. ასეთი კატეგორია, როგორც წესი სამ ნაწილად იყოფა, ერთი ფრიად უწყინარი - ვისთვისაც მთავარია საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს; შენზე ზრუნვა გიჩვენოს; და უგერგილო ქმრისგან გამწარებულმა მსუბუქად წაგკბონოს და ასე იძიოს შენზე შური საკუთარი არშემდგარი ბედ-იღბლისთვის. სხვებთან შედარებით ჭკვიანები, ხვდებიან, რომ მათი ოჯახური ცხოვრება შესახარბებლად არ გამოდგება და მსხვერპლის წინააღმდეგ მთავარ კოზირს - ბავშვებს იყენებენ: „შვილი მაინც შეგრჩება“. ამ დროს სურვილი გიჩნდება მიახალო: „ოთხი რომ გყავს, რაში გამოგადგა ნეტავ-თქო“, მაგრამ კვლავაც სინდისი და ზრდილობა იღვიძებს და ჩუმდები.
მეორე კატეგორიაზე ყველაფერი იგივე ვრცელდება, ოღონდ ერთი განსხვავებით. ასეთები მარტო „კბენას“ არ კმაყოფილდებიან, წაქცეულს წიხლიც უნდა მიაყოლონ და რამდენჯერმე გადაუარ-გადმოუარონ და ვითომდა საუკეთესო სურვილებით, იწყება რჩევა-დარიგებების კორიანტელი და შენს ბედკრულ ბედზე ოხვრა-კვნესა-ვიშვიში. ეს პროცესი უხვადაა შეკმაზული „ამ ბიჭებს დაეფსოთ თვალები“ და „ნეტა სად იყურებუიან ეს კაცების“ ტიპის ფრაზეოლოგიით და ხანდახან ფრიად უცენზურო გამონათქვამებითაც. მაგ:

ყველაზე საშიში მესამე - მაჭანკლების კატეგორიაა. მე ის კეთილი ხალხი არ მყავს მხედველობაში ვინც ორ ადამიანს ერთმანეთს გააცნობს აბსოლუტურად კეთილი განზრახვით და მერე თავის გზაზე უშვებს. მე იმათ ვგულისხმობ, ეს საქმე (ანუ სხვის საქმეებში ხელის ფათური) ცხოვრების აზრად აქვთ ქცეული. ასეთები ნაცნობებს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით აფასებენ - ვინ ვის გაურიგონ. მერე საკუთარი ინიციატივით რეკავენ ორივე მხარესთან, კანდიდატებს ურეკლამებენ და მეორე მხარის სახელით, უკითხავად იძლევიან დაპირებებს. სანამ თავისას არ მიაღწევენ არ ისვენებენ და სანატრელი შეხვედრის მოწყობას თუ შეძლებენ, ზუსტად ორ საათში  იწყებენ ორივე ოჯახის დატერორებას და სასწრაფო პასუხის მოთხოვნას. თან ანამუსებენ, მე ხომ მიცნობთ, თქვენთვის ცუდი არ მენდომებაო.
ზუგდიდში, ბაბუაჩემის მეზობლად ერთი ჩინური წარმოშობის ქვრივი ქალი ცხოვრობდა - გვარად ლოპე. უიმე, თქვენს მტერს, ის თუ ვინმეს გადაეკიდებოდა. ჩვენი ოჯახი მისი სიის ტოპ-ათეულში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა და შედეგად ჯერ მამაჩემს დასდევდა პიველ და მეორე ცოლებს შორის (პირველ ადგილის თაობაზე რომ არ ვტყუი ამითიც მიხვდებით - საკუთარ შვილს ურიგებდა), მაგრამ თბილისს მისი გავლენა არ წვდებოდა და საბედნიეროდ, მამა ხელიდან დაუსხლტა. მერე ჩემს დაზე გადაერთო, იმანაც თავს უშველა. ამასობაში, გაუმართლა, ბაბუაჩემი დაქვრივდა და 70-ს გადაშორებულ კაცს მოერია - წარმატებულად დააქორწინა... გგონიათ დაისვენა? ამასობაში მე დავამთავრე სკოლა და ზუგდიდში ჩასულს ბაბუა და ახალი ბებია მუხლებში ჩამივარდნენ: ლოპემ შენთვის ვიღაც ბიჭი მოძებნა, აგვიკლო, დღეში სამჯერ რეკავს, მოდის, ხალხს გვიგზავნის, ოდნავ მაინც თუ გაქვს ჩვენი ხათრი ამ ქალს მაინც დაელაპარაკე, თორემ, სახლის გაყიდვა და სენაკში ან ხობში გადასახლება მოგვიწევსო. ერთი კვირა ვაწრუწუნე მოხუცები და მერე დავთანხმდი (ნათესავთმოძულე კი არ ვიყავი!) და მაჭანკალმაც ეგრევე დამირეკა: შენთვის 22 წლის არაჩვეულებრივი ბიჭი მყავს კარგი ოჯახიდან, გრძელი და სწორი ფეხები აქვსო. თან საიდუმლოდ გამიმხილა, ვიღაცის ქორწილში მოვკარი თვალი ერთადერთხელო. მერე რა იცით, ეგებ გიჟია-თქო. არაო, მითხრა დარწმუნებული ხმით. მაშინ, ეგებ მე ვისვრი ქვებს, მეც ხომ არ მიცნობთ-თქო. ქალს ჩემი სიჯიუტე ცოტა ეხამუშა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და გადაწყვიტა პირდაპირ საქმეზე გადასულიყო - ახლა ტელეფონის ნომერს მოგცემ და დაურეკე, გელოდებაო... აქ რა მოხდა, გამოვტოვებ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ გამოცდილი ხანუმა კერკეტი კაკალი გამოდგა: ერთ კვირაში უკვე მამიდაჩემმა დარეკა ის ბიჭი დაგირეკავს და დაელაპარაკე, თორემ ლოპემ კიდევ ერთხელ რომ დამირეკოს ან სამსახურში მომაკითხოს თავს მოვიკლავო. არ დავნებდებოდი, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია, მაინტერესებდა 22 წლის ბიჭს ასეთი რა გაუჭირდა მაჭანკლის დახმარებას რომ მიმართა. გრძელი ფეხები მართლაც ქონდა მაგრამ მისი ღირსებები აქ მთავრდებოდა, რომ დამინახა, გაკვირვებულმა ირგვლივ შემომიარა - მეგონა კოჭლი ან ელამი იქნებოდიო. რატომ-მეთქი. ცოლად თუ მოგიყვან, ლოპე ბაბუაშენის ორსართულიან სახლს, ბაბუაშენის მანქანას და თბილისში ბინას მპირდება, თან მამაშენმა ჩემთვის თბილისში სამსახურიც უნდა იშოვოსო! თავად ბიჭი, არ სწავლობდა, უმუშევარი და უბინაო ლტოლვილი იყო, უბრალოდ მამამისი იყო უკვე ასაკიანი მაჭანკლის კარდიოლოგი... რამდენიმე წლის წინ ლოპე გარდაიცვალა - მეზობლის ქალს შემოელახა და ცემაში შემოაკვდა - შემაძრწუნებელი ფაქტია, მაგრამ რატომღაც სულ არ მიკვირს...
გასაოცარია, როგორი უდარდელი ადამიანი უნდა იყო, რომ სხვის ბედზე ამხელა პასუხისმგებლობა აიღო... რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე ასეთი პოსტი ვნახე:

მდააა... არა, ქალბატონი ელენეს წესიერებაში და მის კეთილ განზრახვაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ვერაფერს იტყვი, ამომწურავი ინფორმაციაა - იტალიაში თუ ცხოვრობს, სხვა რა უნდა ვინატროთ. იდეალური იქნება, ნაკლი არ ექნება. არადა, ყველამ ზუსტად ვიცით და სამწუხარია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში წასული ბიჭების 75% ქურდობს, რუსეთში წასულების 95%-ს კი ერთი პირი ცოლ-შვილი იქ უკვე ყავთ. ჰო, მთავარია, რომ საზღვარგარეთაა და დანარჩენი საინტერესო აღარაა, იქ ყველა კარგადაა...
ერთ ძალიან კარგ გოგოს 19 წლის რომ იყო, ასევე ნაქები სასიძო გაურიგეს. ბიჭი პათოლოგი აღმოჩნდა და რამდენი დათვრებოდა ახალმოყვანილ პატარძალს ცემდა... ცოლი პატარა შვილთან ერთდ მალე გაიქცა. ამას წინათ შევხვდი და ასე მითხრა, ჩემით რომ გავთხოვილიყავი ასე არ ვიდარდებდი, დედაჩემს და მამაჩემს კი ვერ ვპატიობ, ეს ვის გამაყოლესო...
ურჩიეთ, გააცანით, შეახვედრეთ... მაგრამ ამის იქით ნუღარ ჩაერევით და ნურც უტაქტო შეკითხვებს დასვამთ როგორ და რატომ. გაუთხოვრობა ან უცოლობა ვინმეს თუ აწუხებს და თქვენი რჩევა დასჭირდა, თვითონ გეტყვით და მერე ბურთი და მოედანი თქვენი იქნება. მანამდე კი თავი დაანებეთ, შეეშვით - თავის „გაჭირვებას“ თვითონ მიხედავენ. მერწმუნეთ, რაც არ უნდა გულუბრყვილოდ და მხოლოდ კეთილი განზრახვით მოქმედებდეთ, ასეთი ადამიანების არავის უყვარს და თან, გინდათ, რამდენი ცოლ-ქმარი იჩხუბებს იმდენი თქვენს სახელს ახსენებდნენ ყველა ბრუნვაში?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

0 კომენტარი.:

Post a Comment