ხორცი გინესით

Approved by Natia Jinjolava


ოქტომბერმა ოქტობერფესტი გამახსენა, ოქტობერფესტმა კი ლუდი და ლუდით დამზადებული უგემრიელესი კერძები. ამიტომ, ეს დღეები სულ ლუდთან მისაყოლებელი და მასთან ასოცირებული რეცეპტებით გაგანებივრებთ. უჰ, მაგიდაზე თუ კარგი, ჩაციბული ლუდი და ღორის ბარკლის დაბრაწული ნაჭერი დევს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია!

ინგრედიენტები: 4 სანტიმეტრიან კუბიკებად დაჭრილი საქონლის ფილე, ფქვილი ხორცის ამოსაგანგლავად, 3 ს/კ ზეთი, 1 წვრილად დაჭრილი დიდი თავი ხახვი, 1 თხლად დაჭრილი სტაფილო, 2 ღერი თხლად დაჭრილი ბოლქვიანი ნიახური, 2 ს/კ შაქარი, 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი, 1 ს/კ ტომატ-პასტა, ფორთოხლის კანის თხელი ნაჭერი, 1 დაფნის ფოთოლი, თითო-თითო ქონდარასა და როზმარინის ტოტი, 600 მლ გინესი, მარილი და პილპილი
ხორცი ფქვილში ამოვგანგლოთ. მაღალბორტიან ტაფაზე 2 ს/კ ზეთი გავაცხელოთ და ხორცი კარგად დავხრაკოთ. ხორცი რაიმე ჯამზე ამოვალაგოთ და გვერდზე გადავდგათ. ხორცის შენაწვავ ტაფაზე დარჩენილი ზეთი დავამატოთ და ჯერ ხახვი დავყაროთ, მერე სტაფილო, ბოლოს ნიახური და მოვშუშოთ. ბოსტნეული რომ მოიშუშება დავუმატოთ შაქარი, მდოგვი, ფორთოხლის  კანი, ტომატ-პიურე და გინესი. ჩავაყაროთ მარილი და პილპილი და დავუმატოთ სურნელოვანი ბალახების ნაკრებიც. მივიყვანოთ დუღილამდე. ადუღებულ სოუსშ ჩავაბრუნოთ ხორცი და ჯამის ფსკერზე დარჩენილი ხორცის წვენიც ქვაბში ჩავწუროთ. სოუსმა ხორცი თუ ვერ დაფარა, საჭიროების შემთხვევაში წვენში წყალი ჩავამატოთ, ტაფას თავსახური დავაფაროთ და 2 -25 სთ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე, ხორცის დარბილებამდე ვთუშოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment