ეტიკეტი გვასწავლის...

Approved by Natia Jinjolava


ათასწლეულების მანძილზე, ადამიანის გაჩენის დღიდან მუშავდებოდა და ბოლოს და ბოლოს სადღეისოდ ჩამოყალიბდა მისი საზოგადოებაში ქცევის წესები, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანი ზრდილობიანი და კულტურული უნდა იყოს და თავისი საქციელით სხვების არსებობა არ უნდა გაამწაროს. ადამიანის აღზრდა დაბადებიდან, ანუ ოჯახიდან იწყება და შემდეგ გრძელდება საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში სრულწლოვანებისთვის მის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისთვის.
ახლა შევეცდები ქცევის წესების ორიოდე ყველაზე მარტივი ნორმა და მათი რეალობაში განხორციელების რამდენიმე შთამბეჭდავი მაგალითი მოვიყვანო.
„ჩვენი საცხოვრებელი ბინა ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა და დალაგებული. რაშიც ოჯახის ყველა წევრი უნდა მონაწილეობდეს“... უკაცრავად? ოჯახი რა ოჯახია მამამ და ვაჟიშვილებმა გახდილი ფეხსაცმელი თუ არა, ნელსურნელება ადენილი მთელი დღის ნაცვამი წინდები მაინც ოთახში არ დაყარეს, შარვალი იქვე, ლამის მაგიდაზე არ მიაგდეს. სახლის დალაგება კი არა, საკუთარი მონაწევით გადავსებული საფერფლის გაცლაც კი არ მოსდით აზრად და ასე გმირულად „იტანჯებიან“ სიგარეტის „ბიჩოკებისგან“ ადენილ ბუღში. ნამწვის ხსენებაზე გამახსენდა, ამას წინათ ქუჩაში მივდიოდი და შემთხვევით ბოძზე მილურსმული მწვანე ურნის წინ აღმოვჩნდი. უბანში, როგორც ჩანს კულტურული ხალხი ცხოვრობს და სიგარეტის მოსაწევად ქუჩაში ურნასთან გამოდიან, მერე ნამწვავს ქუჩაში კი არ აგდებენ, ნაგვის ურნის პლასტმასის ზედაპირზე აქრობენ და მერე შიგ აგდებენ. შედეგად მრავალგზის დამწვარ და ცხელი „ბიჩოკებით“ ნაწამებ ურნას, ფუი, ეშმაკს! - ყურებდაცქვეტილი და რქებდაწკეპილი მისი სახე ახატია.
„ხშირად მოამზადეთ ქმრის საყვარელი კერძი“ - აჰა! ზრდილობის წესების ავტორებიც კი მიხვდნენ, რომ ისინი მხოლოდ ქალებისთვისაა და კაცები მაინც არ დაიცავენ. ან მეორე ვარიანტია, ისინი კაცებს მეგრელებივით ადამიანებში არ თვლიან (მეგრულად „ადამიანს“ ქალს ან ცოლს ეძახიან). მოკლედ, კაცი სახლის დალაგებაში თუ მოგეხმარათ, სადილიც უნდა გაუკეთოთ - დაიმსახურა.
„ქმარმა მეუღლეს მომზადებული სადილი უნდა შეუქოს“ - სრულიად ვეთანხმები ამ ნორმას, წახალისება არავის აწყენს. თუმცა, ერთი ცოლ-ქმარი ვიცი (სადაცაა ოქროს ქორწილს გადაიხდიან), ყოველ სადილზე ქმარი თან ჭამს და თან ცოლის საქებარ სიტყვებს იმეორებს: „ხუთიანი ნელი, ხუთიანი“... და ცოლიც ყოველ ჯერზე იწყებს ახსნას - ხორცი არ ვარგოდა (კარტოფილი იყო უჯიშო, პამიდორი მჟავე გამოდგა...) თორემ ბევრად უკეთესი გამოვიდოდაო და ა.შ. ალბათ, თავადაც ხვდებით რომ ამ რიტუალს ვინც კი შესწრებია, მერე დიდხანს იცინის. მადლობას და ქებასაც თავისი წესი და ფორმა აქვს. თუმცა ისეთი ოჯახიც ბევრია სადაც ქმარს სულ არ აინტერესებს წინ რას დაუდგამ (საჭმლის დასამზადებელი პროდუქტები საიდან მოდის იმ ფაქტის ჩათვლით), მისთვის სულერთია ორი დღის ნაწვალებ „ბეფბურგუნიონს“ მიირთმევს თუ წყალწყალა სუპს, რომელშიც აწ ოქროს ფასად ქცეული კარტოფილის ორი კინკილა ნაჭერი დარეტიანებულივით გდია ქვაბის ფსკერზე. იმაზეც მადლობელი უნდა იყო ტრაპეზა შემდეგი სიტყვებით: „ამ ქვაბს თავზე დაგამხობ“ თუ არ დაამთავრა, ან თეფში, ტაფა, კოვზი ან სხვა ჯამ-ჭურჭელი არ სტყორცნა შუბლში საყვარელ მეუღლეს ფიზიკურად თუ არა, სიტყვიერად მაინც.
ქვაბი ვახსენე და ამაზე იცით რა მომაგონდა? ჩემი დის მეზობლებმა - ორმა მაზლის ცოლმა იჩხუბა. ერთმანეთი თმით ითრიეს, იწივლეს-იკივლეს და გამშველებლები რომ მოცვივდნენ, ერთ-ერთი მოჩხუბარი, პროფესიით პედაგოგი ვერ იცნეს - თმაზე და ყურებზე გიგანტური თეთრი მატლები შესეოდა და ხელების ქნევით „მიშველეთო“ სასოწარკვეთილად გაჰკიოდა. თურმე ნუ იტყვით,  უფრო „გონიერმა მტერმა“ მოწინააღმდეგეს ავი სიტყვით და ძალისმიერი მეთოდებით რომ ვერ მოერია, სიეშმაკეს მიმართა, სახლიდან საიდუმლო იარაღი - ყველიანი მაკარონით სავსე ქვაბი გამოარბენინა და თავზე ჩამოამხო. არ გჯერათ? სოფელში ამ ამბავს კარგახანი ანეგდოტად ყვებოდნენ.
სხვათა შორის, ქალის მომზადებულ, ნაშრომ-ნაჯაფარ სადილს მარტო მეუღლეები არ ერჩიან. ერთხელ, ჩემს შვილს ბრინჯის ფაფას ვაჭმევდი. ის კი, როგორც ყოველთვის, ჯიუტობდა და პირს ცოცხალი თავით არ აღებდა. მე ვბრაზობდი და ვუჯავრდებოდი (ბავშვის ცემას ვერ ვიტან), მაგრამ ჩემი სიტყვიერი მუქარა არ ჭრიდა. სად იყო და სად არა, გაჩნდა ბავშვის „სასწრაფო დახმარება“ ბაბუის სახით: „ბავშვს ნუ აწვალებო“, შვილის პირთან შესახარბებლად მიტანილი ფაფიანი თეფში ხელიდან წამგლიჯა და მფრინავი თეფშივით მანდარინებში მოისროლა.
„წვეულებაზე ნურასდროს დაიგვიანებთ“ - ჰოი, საოცრებავ, აბა სადმე და მით უმეტეს სუფრაზე დროზე მისული ქართველი სად გინახავთ?! ჩვენ ხომ არც საკუთარი და არც სხვისი დროის შეგრძნება და პატივისცემა საერთოდ არ გვაქვს. მე ისეთი ხალხიც ვიცი, სხვისაში კი არა, საკუთარ ქორწილში რომ დააგვიანა. რა, არ მეთანხმებით? არამგონია ვცდებოდე!
„ხმამაღლა ნუ იცინით“ - ღმერთმა მოგვცეს საქმე სამხიარულოდ და სახარხაროდ, მაგრამ სიცილსაც გააჩნია, ზოგი ცხენივით ჭიხვინებს, ზოგიც ფეხში ხიჭვშესობილი სპილოსავით ბღავის. თან სიცილის დროს და ადგილსაც გააჩნია. ერთხელ სამსახურში ოთახში შევედი და ყველა ხარხარებდა. ვდგავარ და ვუყურებ. უფროსი მეკითხება, შენ რატომ არ იცინიო? „სასაცილოს ვერაფერს ვერ ვხედავ და იმიტომ-თქო“.
„პატივი ეცით მამას და დედას“ - მე თუ მკითხავთ მსგავსი პუნქტი ზრდილობის ნორმებში შესატანიც არაა, ისედაც უნდა იცოდე, მაგრამ  ჩვენებური ქუჩის მეტყველება რომ მახსენდება: „შენი დედა...“ „ჩემი დედა...“ „... შვილი ვიყო“... თან როგორი ეშხით და ენთუზიაზმით წარმოთქვამენ! ასეთი მერე სახლში ავა და ცოლს საქმეს გაურჩევს, დედა მიყვარს ყველაზე მეტად და არ გაბედო, არ აწყენინოო.
„ხელის ჩამორთმევისას ხელის ხელზე მოჭერა არ შეიძლება“ - რაო? ძვლებმა თუ ჭახა-ჭუხი არ ატეხეს, ისე რა მისალმება და შეხვედრისგან მიღებული სიხარულის გამოხატვა გამოვა?!
„ცხვირს ხმამაღლა ნუ მოიხოცავთ“ - მართლა? ცხვირის მოხოცვას ვინ ჩივის, სახლებქვეშ ტროტუარზე გავლაც საშიშია, მამაკაცები ზევიდან სნაიპერული სიზუსტით იფურთხებიან.
„სუფრასთან ყოფნისას დაუშვებელია ტუჩების შეღებვა, თმის დავარცხნა და სარკეში ჩახედვა“ - ტუჩების შეღებვას დიდი ხანია მივეჩვიეთ. თან ყველაზე საინტერესო იცით რა არის? რესტორანში გოგოები სწორედ იმ კაცის თვალწინ იღებებიან, ვის „შებმასაც“ ამ „საომარი შეფერილობით“ აპირებენ. ერთ დილას ახალ კაბაში გამოვეწყე, ახალი ხელჩანთა მოვიმარჯვე, დიდი ხნის მივიწყებული ჩემი კოსმეტიკა სამუშაო მდგომარეობაში მოვიყვანე და ასე მორთულ-მოკაზმულმა გავწიე სამსახურისაკენ. განყოფილებაში შევედი თუ არა, უფროსმა გაოცებული ცისფერი თვალები შემომანათა და საპირფარეშოსკენ მიმითითა: „წადი, პირი დაიბანე და ისე დაბრუნდიო“. მწარე წიწაკაზე უფრო გაწითლებული და გაპილპილებული ოთახიდან გავვარდი და კაბინეტის კარიც გავიჯახუნე. მას შემდეგ აღარ „გავკრასკულვარ“, რა მექნა ჩემს ასაკოვან უფროსს ზრდილობას, ტაქტს და ეტიკეტს მე ვეღარ ვასწავლიდი, უკვე ძალიან დიდი „ბიჭი“ იყო.
„მოდას ნუ აყვებით“, „ჭამის დროს პირი დახურული უნდა გქონდეთ“, „პატივი ეცით უფროს ადამიანს“... მოკლედ, რას აღარ გვასწავლის ეტიკეტი. ყველა წვრილმანზე, რომელთაგანაც ბევრი უკვე მოძველებულია (რას ვიზამთ, დრომ მოიტანა ასე) ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ და ჩემს სტატიას ბოლო, ძალიან საინტერესო ნორმით დავამთავრებ:
„ქალი წინ უნდა გაატარო“ - თქვენ თუ იცით საიდან მოდის ეს ჩვეულება? ქვის ხანაში, ადამიანები რომ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ სწორედ მაშინ, თბილ და მშრალ ქვაბულში თავის შეფარება და დაბუდება მტაცებელ ცხოველებსაც უყვარდა. ჰოდა, ნადირობიდან დაბრუნებულები, მათი არყოფნის დროს უპატრონოდ მიტოვებულ „ბინებში“ (გამოქვაბულებში) ჯერ ქალს უშვებდნენ. თუკი შიგნით ნადირი ან მხეცი დახვდებოდათ, იგი ჯერ ქალს შეჭამდა, კაცი კი მანამდე გაქცევას ან თავდამსხმელის მოკვლას ახერხებდა.

საუკეთესო სურვილებით, გამოქვაბულის ბინადარი ვარდისფერი პანტერა

0 კომენტარი.:

Post a Comment