კატალოგები ქართულად - ხეირი თუ დაცინვა?!

Approved by Natia Jinjolava


ჩვენი მისის იფიგენიას გუშინდელმა სტატიამ ერთ საინტერესო იდეამდე მიმიყვანა - გადავწყვიტე ჩვენში ყველაზე დიდი ოდენობით გაყიდვადი, მასებისათვის ხელმისაწვდომი კოსმეტიკური ფირმების ქართულენოვან კატალოგებში და საიტებზე ჩამეჭყიტა. არა, მათი პროდუქციის კრიტიკას ან ქებას არ ვაპირებ. მე სხვა ფარული მიზანი მაქვს: მაინტერესებს ჩვენზე (გულუბრყვილო მყიდველებზე) ფულის კეთებაში დაოსტატებული ფირმები რამდენად იწუხებენ თავს ჩვენთვის ინფორმაციის ხარისხიანად მოწოდების სფეროში. ანუ, როგორი დიზაინი აქვს მათ გვერდს, რამდენად კარგი საკითხავია და რაც მთავარია, რამდენად კარგი ქართულით „მეტყველებენ“ ზემოხსენებული კატალოგები.
პირველი ჩემი მსხვერპლი „ფაბერლიკი“ გახდა, რომლის მესვეურებსაც ქართული საიტის შექმნაზე არ უზრუნიათ, მაგრამ ქართულენოვანი კატალოგი გააჩნიათ და თან ჩემდა გასაკვირად, ვიღაც ქართულის ენის მცოდნეც ყავთ. ეს ფაქტი რატომ გამიკვირდა, ამ სტატიის ბოლოში რომ გახვალთ უკვე თქვენც გეცოდინებათ. მიუხედავად უთვალავი მექანიკური შეცდომებისა, (პროფესია კორექტორი ჩვენში საგულდაგულოდ დაივიწყეს) სარეკლამო „განცხადეების“ ენა საკმაოდ გამართული, მდიდარი და საინტერესოა. თუმცა, ხშირად სასაცილოა და თარგმანის პრობლემებიც არ აკლია. მაგრამ საერთო ფონზე, ხმას ვერ ამოვიღებ - აშკარად ზრუნავენ მკითხველებზე, რაც ყოველი გვერდის ბოლოში დატანებული „გაზიარების“ ღილაკებითაც დასტურდება: „ოდნოკლასნიკებისა“ და „ფეისბუქის“ კვალდაკვალ ახალგამომცხვარი „გუგლ+“-იც კი აქვთ. ანუ საიტს სისტემატიურად აახლებენ. შემომედავებით, ეგ კლიენტზე კი არა, საკუთარ რეკლამაზე ზრუნავენო - მართალია, მაგრამ ისიც ხომ სასიამოვნოა, შენი აღმოჩენის მეგობრებისთვის ასე მარტივად გაზიარებაც რომ შეგიძლია? გვერდის საკმაოდ სერიოზული და ტექნიკური ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ კატალოგი  ვიწრო ეკრანზე ვერ ეტევა და ყოველი გვერდის გადაფურცვლაზე თაგუნას (მაუსის) გორგოლაჭი (სქროლი) უნდა ახრიგინო ზევით-ქვევით, რაც საკმაოდ მოუხერხებელი და ნერვების მოშლელია. საიტზე არსებული პრობლემების წარმოსაჩენად რამდენიმე ყველაზე ტიპიურ და ხშირ მაგალითს მოვიყვან:
"სამწუხაროდ, სანამ ჩვენ უდარდელად ვისვენებდით, მზეს ვეფიცხებოდით და ბოლომდე ვიძირებოდთ ზღვაში, ჩვენი კანი და თმა სტრესს განიცდიდა". რაო? ზღვაში უდარდელად ბოლომდე ვიძირებოდითო?! რაც არ უნდა უდარდელად მინდინარეობდეს ზღვაში ჩაძირვის (თანაც ბოლომდე!) პროცესი, დამიჯერეთ ყველაზე ნაკლებ სტრესს სწორედ კანი და თმა მიიღებს. მინიმუმ სერიზული ნერვიული შეტევა და მაქსიმუმ ცხოვრების ბოლომდე წყლის შიში გარანტირებული გექნება. ძალიან მაინტერესებს რა ჭკუას ემსახურებოდა ამის დამწერი. რეკლამაში შეიძლება გამოიყენო სიამოვნებაში ან სულაც მზის სხივებში ჩაძირვა, მაგრმა ზღვა, ოკეანე და თუნდაც გუბე მართლაც მეტისმეტია!
"განსხვავებული სიგრძის მკვრივი და დრეკადი ხაო იდეალურად ამოდელირებს წამწამებს და უზრუნველყოფს სასურველ ეფექტს - სიგრძე, დაყოფა და გახშირება". თუ სიგრძე და დაყოფა, მაშინ სიხშირე და თუ გახშირება, მაშინ დაგრძელება და დაყოფა. მაგრამ რა დაყოფა? იყოფა ერთი მთლიანი აქ დაცალკევება უნდა იყოს. იგივე პრობლემაა შემდეგ აბზაცშიც: "ტუშის ცვილშემცველი დაპატენტებული ფორმულა ახშირებს წამწამებს და ანიჭებს მათ მბზინვარებას". ეს "ახშირებს" რაღა უბედურებაა? ხელს უწყობს გახშირებას უნდა იყოს, ან თუ პრინციპულად "ახშირებს" მაშინ "აბზინვარებს" და არა "ბზინვარებას ანიჭებს". სტილი, სტილი უნდა დავიცვათ წერისას.
პრიზს ვიძლევი ვინც ამიხსნის რაა "საკმაოდ დიდი დიამეტრის გასაბაცი ბუმბული"! რადგან ეს გვერდი ამოვჭერი, ბარემ იქვე გამოჭენებულ კიდევ ერთ და საკმაოდ გავრცელებულ შეცდომაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას: სწორია ან "ზემოხსენებული" ან "ზემოთ ხსენებული" .
ჩვენი "ფაბერლიკელი" ფილოლოგი (აშკარად ასაკიანი რაც მისასალმებელია, იმიტომ რომ ასეთი სიტყვები ახალგაზრდებმა აღარ იციან) ხანდახან აშკარად ეშხში შედის: "ფერუმარილი ანიჭებს სახეს სიქორფესა და ბუნებრივ იერს". ქორფა შეიძლება იყოს კიტრი, ისიც მაისში და ახალდაკრეფილი. ადამიანი ქორფა ვერ იქნება და რომელიმე კოსმეტიკა, უკაცრავად ფერუმარილი ბუნებრივად ქორფა იერს თუ მოგანიჭებთ -
სარკეში არ ჩაიხედოთ: მინიმუმ გაწელილი და მწვანე ფერის სახე გექნებათ! გასაგებია, რომ ლექსიკონში "свежий" ქორფად ითარგმნება, მაგრამ ადამიანს და მით უმეტეს გაპრანჭვის მოსურნე ქალს არ გულისხმობენ. ბოლოსდაბოლოს ამ სიტყვის "დასვენებულით" შეცვლაც შეიძლება, როცა გამომეტყველებასთან გვაქვს საქმე. ეგ რა არის, შემდეგი წინადადება კიდევ უფრო საინტერესოა: "ფერუმარილი სამი ელფერისაგან შედგენა, რომელიც შეიძლებაშეურიოთ (სტილი დაცულია- მ.პ.) ან ცალ-ცალკე დაიტანოთ". დიახ, დიახ, ელფერში ტონალობას გულისხმობდნენ... ლექსიკონით ესეც სწორია, მაგრამ... ყველა მეტ-ნაკლებად გამოცდილმა მთარგმნელმა იცის, რომ სიტყვა-სიტყვით და ზედმიწევნით თარგმნას და სიტყვის მისი მხოლოდ ერთი მნიშვნელობი ინტერპრეტაციას არაფერი კარგი არ მოაქვს და ამაზე ქვემოთ კიდევ ვისაუბრებთ.
ვერაფერს იტყვი, ისეთი მიმზიდველი შემოთავაზებაა,
თვალს ვერ მოწყვიტავ!
კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა "ეივონში" - საიტზეც და კატალოგშიც. საიტი საერთოდ მიგდებულია უპატრონოდ. ქართულს იქაც არაუშავს, თუმცა "ფაბერლიკთან" შედარებით, სიტყვა "რედაქტირება" რას ნიშნავს აშკარად არ იციან. არა მარტო გამართული ქართულის საკითხში: სტრიქონებს შორის დაშორება დაურეგულირებელია და ერთმანეთზეა გადაწერილი,
დატკბით შრიფტით, უზადო გემოვნების ადამიანის შერჩეულია
 შრიფტი რაღაც ოკრო-ბოკროა. აბზაცი გაუსწორებელი, ველები დაუცველი და ა.შ. რაღაც მოაჩხლაფორთეს, დაბეჭდეს და პირდაპირ ჩაყარეს. არავის აღარ ჩაუხედავს გვერდზე რა ხდება. კატალოგის გვერდებს რომ ათვალიერებ არა უშავს, მაგრამ რაიმე განმარტების წაკითხვის სურვილი თუ გაგიჩნდა, მზად ხარ ფირმის "კომპიუტერშიკს" თავში რაღაც ურტყა. ოდნავ სერიოზულ სტატიაზე თუ დააწკაპუნეთ, რუსულ გვერდზე აღმოჩნდებით, როგორც ჩანს ერთ აბზაცზე მეტის თარგმნა უჭირთ. 
სიმართლე გითხრათ, "ფაბერლიკისა" და "ორიფლეიმისგან" განსხვავებით, მექანიკური შეცდომები ვერ ვიპოვე (ზედმიწევნით ნამდვილად არ მიძებნია), მაგრამ რეკლამის სპეიალისტების შედევრალური "აზრები" აქაც უხვად აღმოჩინე, მაგალითად: "ჩინური ვარდი გაჯერებულია კალციუმით, გააჩნია კანის დამარბილებელი ფუნქცია..." ჰოო, რა, რა და კანის დარბილება ვარდის (თუნდაც ჩინურის) ფუნქციებსა და მოვალეობებში როდის მერე შევიდა?! ვარდის ფუნქციაა გარემო გაალამაზოს და თავისი სურნელით დაგვატკბობს. ასე რომ, დეკორატიულის და პარფიუმერულის გარდა, ვარდს არანაირ ფუნქცია არ აქვს, მაინცდამაინც მურაბას თუ არ მოხარშავ და ასე ძალით არ შეტენი კულინარიაში.
ასე ადვილად არ შევეშვი და "ეივონის" ისტორიის და მიზნების გაგებაც მოვინდომე. თქვენს მტერს მე რომ საქმე დამემართა. ასეთი საიტების ნახვისას სურვილი მიჩნდება, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მივმართო და ქართული ენის შეურაწყოფისთვის ჯარიმა დავაწესებინო. "ეივონის" დამფუძნებელი დევიდ მაკკონელი კიდევ კარგი მკვდარია, თორემ ახლა მოკვდებოდა თავისი პირმშოს ქართული საიტი რომ ენახა. 
სამწუხაროდ, მაკკონელივით არ გაუმართლა "ორიფლეიმის" დამფუძნებლებს. თუმცა, მათი გადარჩენის ერთადერთ იმედად ისღა რჩება, რომ ქართული არ იციან! "ორიფლეიმის" საიტის დათვალიერების შემდეგ "ფაბერლიკისა" და "ეივონის" კრიტიკისთვის თავი დამნაშავედ ვიგრძენი. იმათ კატალოგებში შეცდომებს თუ ვეძებდი და რაც ვიპოვე თითქმის ყველა მაგალითად მოვიყვანე "ორიფლეიმში" საძებნელი არაფერია, ნებისმიერ გვერდზე გადაშალეთ და გულით რომ გინდოდეთ ნაკლი ვერაფერი ნახოთ, და ამ მარკის სიყვარულით თავი სულ დაიბრმავოთ, მაინც დაინახავთ. მსგავსი უპასუხისმგებლობა, არაპროფესიონალიზმი და ფეხზემკიდია დამოკიდებულება კარგა ხანია ფორუმებზეც არ შემხვედრია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საიტში საერთოდ არავინ იყურება, თორემ თვალი დათხრილი თუ არ გაქვს, შეუძლებელია ვერ შეამჩნიო რაც იქ ხდება. კომენტარის დატოვება ან გაზიარება სცადეთ და მაშინათვე მიხვდებით, რომ გვერდი მხოლოდ დისტრიბიუტერებისთვისაა შექმნილი და რეგისტაციის გარეშე ვერაფერს შეძლებ. 
საიტის მოწოდებებს თუ გადახედავ, შეიძლება საერთოდ დაიზაფრო, კოსმეტიკური ფირმა კი არა, რაღაც სექტაა აშკარად. არადა, მაფრთხლებდნენ კიდეც, "ორიფლეიმზე" ნურაფერს დაწერ, თორემ მისი დისტრიბიუტერები იეღოველებივით სახლში მოგვარდებიან და გაგპუტავენო. 
აი, მარჯვნივ რომ ფაილს გპირდებიან, ეგ ინგლისურადაა. ნახევარი საიტი კი რუსულად. ან შრიფტის არჩევანს შეხედეთ, საიტს ერთი სტილი არ აქვს, ვისაც რას უნდა იმას აგდებს და როგორცუნდა ისე წერს. თარგმნილის ერთხელ გადაკითხვაც კი ეაზრებათ, რომ მექანიკური შეცდომები გაასწორონ. 
უფრო მეტიც, 24 სექტემბერს უკვე  ჩატარებული ღონისძიების მიმოხილვა და ამის შესახებ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის დასკანერებული ვარიანტი 20 სექტემბერს (!) არის გამოქვეყნებული და ამას ვერავინ ამჩნევს. სტატია კი მონდომებულად, საკუთარი ღონისძიების წარმატებაში და არავინ რომ არ წაიკითხავდაში დარწმუნებულებმა წინდაწინ გამოფინეს, მაგრამ რად გინდა? იმდენად პატარა სურათია, ლუპა თუ არ მოიმარჯვე ან ჩემნაირი ინტრიგანი თუ არ ხარ, ვერ წაიკითხავ. და, ნეტავ, არ წამეკითხა! პატივი ეცით ქართულ ენას!!!!!! სტატიაში ჟურნალისტი ინტერვიუს იღებს "ორიფლეიმის" ქართველი მესვეურებისგან და გაახარა ღმერთმა: ისინი შედარებით წესიერი ქართულით მეტყველებენ, თუმცა რაღაც პრეტენზიები მათთანაც გამიჩნდა. "ჩვენი კომპანიის მთავარი სიახლეა სახის მოვლის საშუალებები "სამეფო ხავერდი" (ვინც არ იცით, შეგახსენებთ: "სამეფო ხავერდს" "ორიფლეიმი" თავის კატალოგებში ბოლო 20 წელია გვთავაზობს, მაგრამ თურმე ახალი ყოფილა, კაი, დავიჯერეთ), რომლის სავიზიტო ბარათი თვით ულამაზესი კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩია. ძალიან ვამაყობთ, რომ მონიკა (აშკარად გუშინ საღამოს ბელუჩისთან ერთად იყვნენ, დიდი ხნის დაქალივით მარტო სახელით და ძალიან შინაურულად მოიხსენიებენ) "ორიფლეიმის" კოსმეტიკას მოიხმარს (დავიჯერეთ) და ქალბატონებს ურჩევს, როგორ მოუარონ საკუთარ თავს. ყველანაირი ინფორმაცია მონიკასა და ჩვენს ახალ პროდუქციაზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე"... რა ყველანაირი ინფორმაცია? მაგალითად რა ქვია მონიკა ბელუჩის ძაღლს (თუ ყავს ასეთი) ან რა ზომა ფეხი აქვს ისიც უწერიათ? მაგრამ ეგ რაა, თვით შეფი გვიხნის, რომ მათი მთავარი ფასეულობა "ერთიანობა, სულისკვეთება და წარმატებისაკენ ლტოლვა ყოფილა". უკცრავად, მაგრამ რისი სულისკვეთება? ისევე როგორც სურვილს, სულისკვეთებასაც თავისი განსაზღვრება უნდა და ზემოთ რომ განახეთ იმ მოწოდებაშიც - "ერთობლიობა, სულისკვეთება და ჟინი" იქაც უნდა განისაზღვროს რისი სულისკვეთებაა და რისი ჟინი. თარგმანს იმდენი თავისებურება და ნიუანსი აქვს, რომ სერიოზული ფირმები სარეკლამო სლოგანებს მთლიანად ცვლიან სხვადასხვა ქვეყნისა და ენის მენტალიტეტიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე. 
ამ ინტერვიუს მერე ჩემი განსაკუთრებული ინტერესი ერთმა ქოლგამ გამოიწვია. რომელზეც მარწმუნებენ, რომ "უჯრედოვანი მოხატულობა" ქონია. რა უბედურებაა? კარგი, კუბოკრული არ გაგიგონია, მაგრამ უჯრულაც ხომ არსებობს? სხვათა შორის მაგ ქოლგასთან დაკავშირებით მაგრად არ გაუმართლათ. ახლავე აგიხსნით რა ხდება. საიტთან შედარებით, კატალოგი ძალიან მოწესრიგებულია, რაც გამეხარდა, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური განწყობა დიდხანს ვერ გაგრძელდა. ყოველ მომდევნო გვერდზე ახალ შედევს ვაწყდებოდი: ხან "მშვენიერი ლოკონები" ვიპოვე (ქართულად კულული ქვია მაგას), ხან "თითებიდან ქუსლებამდე მოვლილი ფეხები" (თითებიდან ქუსლებამდე ფეხის ტერფია, ფეხს კი კიდევ კოჭი, წვივი, მუხლი, ბარძაყი და მენჯი აქვს) და ხანაც "გაუხეშებული ქუსლების აღმდგენი კრემი", ანუ გაუხეშებულ ქუსლზე კანს კი არ აღგიდგენს, არამედ უკვე მორჩენილს ისევ გააუხეშებს. რასაკვირველია ამის
 დამწერი საწინააღმდეგოს გულისხმობდა, მაგრამ გაუხეშებულის აღდგენა გაუხეშებულის დაბრუნებას ნიშნავს და არა მის განადგურებას. სხვათა შორის, თარგმანში აზრის საწინააღმდეგოთი გადმოცემის ხერხიც არსებობს. მაგალითად: კონკრეტული ენის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე "მწვანე ლურჯზე ლამაზია" შეგიძლია თარგმნო, როგორც "ლურჯი მწვანეზე უშნოა" ამითი აზრი არ იცვლება. თუმცა, თარგმანთან დაკავშირებით ფირმას სერიოზულად რომ უჭირს ამის ნათელ მაგალითად მათი მორიგი მოწოდება გამოდგება: "გახსენი შენი სტილი!" კიდევ კარგი სტილის გაღებას რომ არ მთხოვენ, საქმე კი იმაშია, რომ "открой" პირდაპირ და მარტივად თარგმნეს და "აღმოჩენასაც" რომ ნიშნავს არავის გაახსენდა და თუ გაახსენდა, თავი ზედმეტად არ შეიწუხა და გაჩუმდა. 
ახლა ისევ იმ "უჯრედოვან" ქოლგას ვუბრუნდები (ვერ შევეშვები და რა ვქნა) - სურათი და ინგლისურენოვანი წარწერაც მიჩვენებს რომ ქოლგაა, საიტის მექართულეები კი მიმტკიცებენ რომ ჩანთა ყოფილა. გაუგებრობის გასარკვევად კატალოგი მოვიშველიე და...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S.  ალბათ ბევრი მეტყვის, მოგცლია ერთიო. მაგრამ იცით რაშია საქმე?  საკუთარ საქმეს რომ ასე იკიდებენ, და საკმაოდ კარგი შემოსავლის მქონე ფირმებს ერთი რედაქტორისთვის ფულის გადახდაც ეზარებათ, ჩვენი, მომხმარებლების დაკიდებაა: "მაინც მოგასაღებ, მე ფულს მაინც ვიშოვი  და რა ნაგავიც არ უნდა შემოგთავაზო, მაინც გაჭმევო"... "გუგლ+"-ზე რამდენიმე ბრიტანელი ტელეწამყვანი დავიმეგობრე, სახლში საკუთარი ხელფასით ნაყიდი მინიმუმ "ფერარი ენცო" რომ უყენიათ ისეთები. ერთ კომენტარს და ერთ კითხვას არ ტოვებენ უპასუხოდ. და იცით რატომ? იმიტომ რომ BBC-ია და კარგად იციან რეკლამის და თითოეული მომხმარებლის ფასი, და ისიც, რომ მიუხედავად მილიონი მაყურებლისა, ყოველი მომატებული მაყურებელი მათი შემოსავლის გაზრდის წყაროა. 

0 კომენტარი.:

Post a Comment