8.10.11
ღვინის ტური კახეთში
Approved by
გასულ შაბათს კახეთში ღვინის ტურში გახლდით...
სანამ სტატიას წინდახედულად დაგეგმილი მონახაზის მიხედვით გავაგრძელებ,
პატარა ლირიული გადახვევა უნდა გავაკეთო: როგორც მეტ-ნაკლებად ნორმალურ რედაქციაში,
ჩვენი ბლოგის თემების გეგმაც წინასწარ გაწერლი გვაქვს წელიწადზე, და თავად სტატიების
დიდი ნაწილიც (ორიოდე თვის მარაგი მაინც) დაწერილია. ყოველდღიურ სამუშაოს, ასე მოულოდნელად
და დაუგეგმავად გამომხტარი მოვლენები და ღონისძიებები ალამაზებს ხოლმე. ამიტომ, როცა
ჩვენი ერთ-ერთი სამინისტროს თანამშრომლებმა (ძალიან კარგმა ხალხმა) ასეთ საინტერესო
ექსკურსიაზე დამპატიჟეს, ძალიან გამეხრდა: ჯერ ერთი, რომ გავერთობოდი, მეორე - საქართველოში
ასეთი კარგი რამ მოუფიქრებიათ და მესამე, კახურ ქეიფს რა ჯობია. გარდა ყველაფერი ზემოჩამოთვლილისა,
ბლოგისთვისაც საინტერესო იქნებოდა აზალგაზრდა ბიზნესმენების ასეთი ნოვატორული წამოწყება.
სუფრა, რმელსაც საიტზე გვპირდებიან |
პიველი რაც გავაკეთე, ღვინის ტურზე რომ გვეპატიჟებოდა იმ საიტს მივაკითხე
და სიამოვნებით წავიკითხე რომ: „მამაპაპისეულ ფუძეზე დაბრუნებულმა კახელი კაცის შთამომავლებმა
ტყუპებმა, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა კახეთში, სოფელ ნაფარეულში იქ, სადაც მდინარე
ალაზანი ერთვის მდინარე ლოპოტას აღადგინეს საგვარეულო მარანი, გააშენეს ქართული ვაზის
ჯიში (საინტერესო თანმიმდევრობაა, არა? ჯერ მარანი აღადგინეს და მერე გააშენეს ვენახი
- მ.პ.) და გააღვიძეს ქვევრში დაყენებული „ცოცხალი ღვინის“ შექმნის მივიწყებული ტრადიცია.
სწორედ აქ, ძველი მარნის ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო „ძველი მარანი“ საკონფერენციო
დარბაზით (ჭეშმარირად ქართული სარეკლამო ნაბიჯი - კონფერენცია და სემინარი ხომ მუშაობის ნაცვლად, სამსახურიდან გაძრომის შანსს, გართობას და ამ შემთხვევაში კახურ ქეიფს ნიშნავს - მ.პ.). აქ, მარანში, ქვევრებში მზადდება საუკეთესო კახური თეთრი და წითელი ღვინოები.
ძველი მარანი გთავაზობთ ღვინის ტურს. თქვენ გელით ტრადიციული კახური სუფრა თამადით.
დააჭაშნიკეთ ქვევრიდან თქვენს თვალწინ მოხდილი ცოცხალი ღვინო და მოილხინეთ მარანში
ბუხრის პირას ხალხური სიმღერების ცოცხალი შესრულების ფონზე“... გულუხვი ძმები გამტკიცულაშვილები
თამადისა და სიმღერის გარდა რთველში მონაწილეობას, ღვინის დაწურვას, თონეში პურების
ჩაკვრას, ხინკლის მოხვევას და ჩურჩხელის ამოვლებასაც გვთავაზობენ, ოღონდ საიტზე იმის
თქმა ავიწყდებათ, რომ ყოველ თქვენი ხელით მოკრეფილ მტევანსა და მოხვეულ ხინკალში დამატებითი
საფასურის და არც თუ იაფის გადახდა გიწევთ...
ძმები გამტკიცულაშვილები |
ინტერნეტ გვერდის ყოველი-კუთხე კუნჭული შემოვიარე, სურათები დავათვალიერე,
ნერწყვებიც ვყლაპე და უკვე გადავწყვიტე, რომ ტურიდან დაბრუნებული სტატიას საიტიდან
მოპარული შემდეგი სიტყვებით დავიწყებდი: „ტყუპი ძმები გელა და გია გამტკიცულაშვილების
მიერ აღდგენილი რამდენიმე საუკუნოვანი საგვარეულო მარანი მდებარეობს ისტორიულ სოფელ
ნაფარეულში, კავკასიონის მთების ძირას, იქ სადაც მდინარე ლაპოტა ერთვის ალაზანს“...
ჩემს თავს ვერ ვპატიობ, თავად რეკლამის და მასებით მანიპულირების სპეციალისტი ამ კახელმა
ძმებმა როგორ გამაცურეს!
სუფრა, რომელიც დაგვხვდა |
არა, ექსკურსიის კულტურული ნაწილი - სიღნაღიც და ბოდბეც არაჩვეულებრივი იყო და ჩემს მასპინძლებთან ერთადაც
კარგადაც გავერთე და არაჩვეულებრივი დროც ვატარე. მაგრამ რომელიღაც წინდახედული თანამშრომლის
მიერ სახლიდან წამოღებული გოჭი რომ არა, „ძველი მარნის“ ნაქებ კახურ სუფრაზე შიმშილით
დავიხოცებოდით. გეფიცებით, მთელი დღის მგზავრობისა და შთაბეჭდილებების მერე, ნახევრად
ცარიელ მაგიდასთან რომ აღმოვჩნდით, კარგად აღზრდა გვშველოდ, თორემ ერთმანეთს ლუკმას
პირიდან წავართმევდით. ქათქათა სუფრას აქა-იქ ჩადგმულ თეფშებზე ობლად დაგდებული თითო
ნაჭერი გუდის ყველი და შამფურზე წამოცმული თითო კალმახი ამშვენებდა. არადა, ტურზე რომ
ვუთანხმდებოდით, აშკარად გვარწმუნდებდნენ, რომ ყველაფერი გემრიელი და საკმარისად იქნებოდა.
გემრიელი ნამდვილად იყო, სამყოფის კი რა მოგახსენოთ, მით უმეტეს, რომ იგივე ფასად, იქვე
ახლოს, სახელგანთქმულ კაჭრეთის „ჩემპიონში“
ერთის ნაცვლად 2 კაცი იქეიფებდა. მწვადის დამატება მოვინდომეთ და შუაგულ კახეთში აბა,
თუ გამოიცნობთ ერთი შამფური მწვადი რა ღირდა? 12 ლარი.
მაგრამ მწვადზე რა ვთქვა, როცა
1 პორცია ჩურჩხელის ამოვლება, ისიც იატაკზე უდიერად დაგდებულ ქვაბში (ჯორკოზეც არ შემოდგეს,
ქვაბს რომ მიწვდომოდი კარგა გვარიანად უნდა წაკუზულიყავი) 50 ლარი დაგვიფასეს. წინასწარ
გადახდილი რომ არ გვქონოდა ალბათ უარს ვიტყოდით, მით უმეტეს რომ პორციაში თურმე სულ ათიოდე ჩურჩხელა შედის ანუ 1 ჩურჩხელა 5 ლარი. 2 - 3 ლარი თბილისში სხვისი ხელით გაკეთებული, კახეთიდან სახლამდე
მოტანილი და გამშრალი საუკეთესო ჩურჩხელა ღირს. ჩვენზე ბევრად ნაკლებად გაუმართლა ჩვენს
მერე მოსულ ჯგუფს, რომლებმაც თბილისიდან პურის ცხობის ცერემონიაც შეუკვეთეს და 50 ლარი
10 ცალ შოთში გადაიხადეს. ეგ რა არის, ხაშლამა რომ შემოიტანეს... გეფიცებით, ასე წვრილად
დაჭრილი ხორცი ჩინურ რესტორანშიც არ მინახავს! ადრე ანეგდოტიც არსებობდა: „ხაშლამის
ისეთი ნაჭერი შემხვდა, ახალ მანქანაში მიცვლიდნენო“, ჩვენ რომ მოგვართვეს იმისთვის
მშიერ ძაღლს კუდის გაქნევაც დაეზარებოდა ლუკმის სამათხოვროდ.
სუფრა დასხდომიდან 10 წუთის მერე |
ბოლოს, ხილის ასორტიც მოგვართვეს, ჯერ კიდევ
დაუკრეფავი ვენახის ფონზე გაშლილ პურ-მარილზე ერთ თეფშზე კანტიკუნტად მიმობნეული
1 ცალი დაჭრილი ვაშლი, 1 ცალი დაჭრილი მსხალი და 1 მოკრძალებული მტევანი ყურძენი იდო.
ჰო, რაც მთავარია, ღვინო კარგი იყო. ძმებმა თავისი საქმე აშკარად კარგად იციან - ღვინო
კარგადაც ისმეოდა და არც არავისაც ათრობდა... თორემ შეზარხოშებული კაცი მაგიდას რომ
დახედავს და ცარიელ თეფშებს დაინახავს, ხომ შეიძლება გაბზარდეს და გაკახელდეს.
არადა, კლიენტიც რომ არ აკლიათ? ჯგუფი ჯგუფზე მოდიოდა. ვიცი, შემომედავებით
ეგ ბიზნესი უცხოელებზეა გათვლილიო. თქვენ როგორ გგონიათ, უცხოელებს კუჭი ან შიმშილის
გრძნობა არ აქვთ? და თან დავიღალე ყველაფერი უცხოელებისთვის რომ კეთდება მეც მინდა
ჩემს ქვეყანაში ადამიანად ვითვლებოდე.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment