ევას პუდინგი ანუ სურნელოვანი ვაშლის ღვეზელი

Approved by Natia Jinjolava


გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ რომაელებს ხილის, განსაკუთრებულად კი ვაშლის და ვაშლის ხის სულის საპატივცემულო ღვთაებაც კი ჰყავდათ - პომონა. ალბათ როგორც მიხვდით, მისი სახელიც კი ლათინური pomum-იდან მოდიოდა, რაც რასაკვირველია ვაშლს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ პომონას ფავორიტი ვაშლი გახლდა, სხვა ხეებსაც არ ივიწყებდა და ხილის ბაღებსა და ბაღნარებზე ზრუნავდა. ოვიდიუსს თუ დავუჯერებთ, პომონას მხოლოდ მსხმოიარე ხეები აინტერესებდა და ტყე და ეკოლოგია სულ არ ადარდებდა. ბედნიერი ქალღმერთი მთელ დროს ხეხილის მოვლას უთმობდა. პომონას ქმარი, ბაღისა და ყანების მოსავლის ღმერთი ვერტუმნიუსი წელიწადის დროებზე და მათ მონაცვლეობაზე აგებდა პასუხს. მითის თანახმად, პომონაც ხომ სწორედ ასე შეაბა. სეზონების მიხედვით სახეს იცვლიდა და ასე სხვადასხვა გარეგნობით ცდილობდა სატრფოს მოხიბვლას.
ყველა ბარელიეფზე თუ მოზაიკაზე ვაშლით ხელში დამშვენებულ პომონას ფესტივალს შემოდგომაზე, ვაშლის მწიფობის დროს აღნიშნავდნენ და როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ევროპულ ქვეყნებში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ბევრი ცერემონია, სწორედ პომონას საპატივცემულო ზეიმების რიტუალების გადმონაშთებს შეიცავს. პომონას თაყვანისცემის რა მოგახსენოთ, მაგრამ ვაშლის ნამცხვრებს გვერდს ვერც მე ავუვლი და ამ დღეებში რამდენიმე შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ. დღევანდელი დესერტის ტიპის ნამცხვარს ინგლისელები ევას პუდინგს ეძახიან - ევასას იმიტომ რომ ვაშლით მზადდება და პუდინგს იმიტომ, რომ ვაშლი პიურეს სტრუქტურას ინარჩუნებს. ვისაც არომატული, ტკილი და სველი ნამცხვრები გიყვართ, აუცილებლად მოგეწონებათ.

აზიური ყაიდის ვაშლის ნამცხვარი გორდონ რამზისაგან
(4 ულუფა)
ცომისათვის: 125 გრ ფქვილი, 0,5 ჩ/კ სოდა, 1 მწიკვი მარილი, 2 ს/კ შაქარი, 50 გრ კარაქი, 1 კვერცხი, 1 ს/კ ვანილის ესენცია, 1 მლ რძე, 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა
გულსართისთვის: 4 დიდი ვაშლი, 50 გრ კარაქი, 2 ს/კ თაფლი, 100 გრ დაჭრილი ფინიკი, 1 ს/კ დაფქული დარიჩინი, დაახლოებით 15 გრ ნუშის ფანტელი
მოსართავად: ვანილის ნაყინი და შაქრის პუდრა
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. დიდ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი და სოდა, დავუმატოთ მარილი და შაქარი. ჩავყაროთ კარაქის კუბიკები და ფქვილთან ერთად თითებით დავსრისოთ ისე, რომ ქადის გულის მსგავსი ნაფშვენები მივიღოთ (ამისთვის კარაქი ცივი უნდა იყოს). კვერცხები და ვანილის ესენცია გავთქვიფოთ და იმდენი რძე ჩავუმატოთ რომ სითხე 110 მლ-მდე შეივსოს. კვერცხიანი რძე ფქვილში ჩავასხათ, ჩვაყაროთ სულ ცოტა ფორთოხლის ცედრა (მეტი წილი ვაშლებისთვის შევინახოთ) და მოვურიოთ. მიღებული თხევადი ცომი შევდგათ მაცივარში. მანამდე გავთალოთ ვაშლი, ამოვაჭრათ გულები და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ცხელ ტაფაზე დავაგდოთ კარაქი და დავაყაროთ ვაშლები, დავუმატოთ თაფლი და კარგად ამოვურიოთ. დავუმატოთ დაჭრილი ფინიკები, დარიჩინი და გადანახული ფორთოხლის ცედრა. რამდენიმე წუთი ვთუშოთ და რომ დავრწმუნდებით, რომ ვაშლი კარამელში კარგად ამოიგანგლა, ცეცხლი გამოვრთოთ. ვაშლის მასა გავანაწილოთ 4 ინდივილუალურ საცხობ ფორმაში (თითო დაახლოებით 250 მლ მოცულობის) და თავზე ცომის თხელი ფენა მოვასხათ. ცომს ნუშის ფანტელები მოვაყაროთ და ღუმელში 18 წუთით შევდგათ. ცომი შუაგულში რომ ამოვა და მუქი ოქროსფერი გახდება, გამოვიღოთ. მოვაყაროთ შაქრის პუდრა, მოვრთოთ ნაყინის ბურთულით და ცხლადვე მივირთვათ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment